ასპირაცია
ასპირაცია − (ლათ. aspiratio ჩასუნთქვა), სავენტილაციო პროცესი, მცირე ზომის მშრალი ნაწილაკების წატაცებისათვის სატრანსპორტო-ტექნოლოგიური მოწყობილობების სამუშაო ზონიდან, ჰაერის ნაკადის მეშვეობით. ასეთი სისტემა აღჭურვილია ჰაერსატარების განტოტვილი ქსელით, ფილტრებითა და სალექრებით. გამოიყენება ხორბლეულის, ხის გადასამუშავებელ და საშენი მასალების საწარმოებში, აგურის ქარხნებში, კვების მრეწველობაში, კარიერებსა და სხვ.
ასპირაცია განსხვავდება ვენტილაციისაგან იმით, რომ სავენტილაციო სისტემა ახდენს ჰაერის ნაკადის მიმართულების მართვას, ასპირაციულ სისტემაში კი ჰაერი გამოიყენება ნაწილაკების მატარებლად და საბოლოო ჯამში, მცირე ნაწილაკების სისტემიდან მოსაცილებლად. არსებობს ასპირაციის ორი სახეობა: მონობლოკური და მოდულური.
მოდულური ასპირაცია
მოდულური ასპირაცია ასპირაციის ეფექტური სისტემაა, რომელიც დაპროექტდება და მონტაჟდება დამკვეთის მიერ დასახული კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად, რისთვისაც საჭიროა ასპირაციის სისტემისა და ტექნოლოგიური პროცესის მახასიათებლების შეთავსებადობა. ასეთი სისტემის ძირითადი ელემენტები და კვანძებია: ვენტილატორი, ჰაერსატარი, საჭრელი მოდული, სეპარატორი, ჰაერის ფილტრები და წნეხები ან წნეხ-კონტეინერები.
მონობლოკური ასპირაცია
მონობლოკური ასპირაცია წარმოადგენს ასპირაციის სისტემას, რომელიც საშუალებას იძლევა მოწყობილობა განლაგდეს მავნე ნაწილაკების გამოყოფის სიახლოვეს და უზრუნველყოფს მის მარტივად მიერთებას ასპირაციის ცენტრალურ სისტემასთან. მონობლოკური ასპირაცია უპირატესობაა მობილურობა და ავტონომიურობა.