ასტრონომიული ატლასი
ასტრონომიული ატლასი – (astronomical atlas), ასტრონომიული რუკების სისტემური კრებული. რუკებში მოცემულია მზის სისტემის სხეულების, ვარსკვლავების, ვარსკვლავიური სისტემების და მთლიანად სამყაროს აგებულება და განვითარება. ძირითადად წარმოდგენილია ზოგადგეოგრაფიული რუკებით. საქართველოში, აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში შედგენილია ასტრონომიული თემატური რუკების კრებული მთვარის პოლარიმეტრიული ატლასის სახელწოდებით. ატლასში დედამიწიდან დანახული მთვარის 21 სხვადასხვა ფაზის ამსახველი რუკაა (მასშტაბი 1:15 000 000).
რუკები შედგენილია ასტრონომების ვიქტორ ჯაფიაშვილის და ანატოლი კოროლის მონაცემებით კარტოგრაფ მიხეილ ხაბაზიშვილის მიერ. გამოყენებულია პოლარიმეტრიული კარტოგრაფირების მეთოდი და პერსპექტიული ორთოგრაფიული პროექცია. 1982 წელს გამოცემული ატლასი 1984 წელს დაჯილდოვდა ასტრონომ ფ. ბრედიხინის პრემიით, როგორც მნიშვნელოვანი ნაშრომი ასტრონომიულ თემატურ კარტოგრაფიაში. 1960 წელს არის გამოცემული ამავე ობსერვატორიაში ასტრონომ ჯ. ხავთასის მიერ შედგენილი `გალაქტიკის ნისლეულთა ატლასი.