ატამი (კურორტი იაპონიაში)
ატამი – (ინგლ. Atami, რუს. Атами), ზღვისპირა ბალნეო-კლიმატური კურორტი იაპონიაში, საძუოკის პრეფექტურაში, ქ. იტოდან 20 კმ-ში, ჩრდილოეთით, ქ. იოკოჰამიდან 83, ხოლო ქ. ტოკიოდან 90 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს კუნძულ ჰონსიუზე, წყნარი ოკეანის საგამის ყურის დასავლეთ ნაპირზე, ჩამქრალ ვულკან ატამის კრატერში. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ოკეანისპირა, სუბტროპიკული. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 3°С. ზაფხული თბილია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 26°С. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 1600 მმ-ს. ნალექები, ძირითადად, მოდის გაზაფხულის დასაწყისში და შემოდგომაზე.
ვულკან ატამის კრატერის ფერდობები დაფარულია: ქლიავის ბაღებით, ბოკვის და საკურას ნარგავებით.
ატამის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუსტი მინერალიზაციის თერმული, ჰიდროკარბონატულ-ქლორიდულ-ნატრიუმიანი და სუსტი მინერალიზაციის თერმული, გოგირდწყალბადიანი (სულფიდური) სულფატურ-ჰიდროკარბონატული მინერალური წყლები; ოკეანისპირა სუბტროპიკული ჰავა და მარილებით გაჯერებული ოკეანისპირა ჰაერი.
ატამის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის აბაზანები და შესხურებები აღნიშნული წყლით; პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები ატამში წასასვლელად: საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის, შარდ-სასქესო ორგანოებისა და კანის პათოლოგიები.
ტურისტული ობიექტები:
კურორტ ატამსა და მის მიდამოებში (კაქტუსების პარკი ,,ომურო~; ქლიავების პარკი; საკურას და აზალიის ნარგავები, ხელოვნური ჩანჩქერების ფონზე სიმენოსავას პარკში; მუზეუმები – ხიხოკანი (მუზეუმი მოზრდილებისთვის), ბიძიუცუკანი, მინის, თოჯინების, სუნამოების და სამხატვრო; ფუნიკულორი; სამურაის ციხე-დარბაზი (1959 წელი); კიდული ხიდი, ზღვის დონიდან 40 მ-ის სიმაღლეზე; ატამი გეიკო კემბან კაბურენძე ეიგი ენბან – თეატრი, სადაც ცეკვავენ გეიშები, გეიზერი და სხვ.),
ქ. იტოში (პარკი „კამურაიამი”; იპეკის ტბა; კაქტუსების ბაღი ფარშავანგებითა და ფლამინგოებით; იკედას მუზეუმი და სხვ.),
ქ. იოკოჰამაში (ჩინური ტაძარი „კენტეი-ბიო“ (1887 წელი); პარკი „იამაშიტა“; შუქურა; მუზეუმები – ღია ცის ქვეშ (სან კეიენი), რამენი, სამხატვრო, ზღვის, აბრეშუმის და თოჯინების; 296-მეტრიანი ცათამბჯენი „ლენდ ტაუერი“; აკვაპარკი და სხვ.);
ქ. ტოკიოსა და მის მიდამოებში (ბუდისტური ტაძრები – სენსო-ძი (645 წელი), ნარიტასან სინსე-ძი (940 წელი), ძოძე-ძი (1393 წელი) და ასაკუსა კანონი (XV საუკუნე); მეიჯის (მეიძის) სინტოისტური ტაძარი (1920 წელი); იმპერატორის სასახლე (1888 წელი); კრონპრინცის და პრინცესას რეზიდენცია (ტოგუს სასახლე) (1974 წელი); მუზეუმები − თანამედროვე ხელოვნების (1926 წელი), ფოტოგრაფიის (1938 წელი) ეტოს (1993 წელი), ფუჯის (ფუძის) (1993 წელი), სახვითი ხელოვნების, ელექტრობის, მდინარე სუმიდის, ფულის ნიშნებისა და საფოსტო მარკების, ჩანთების, კალიგრაფიისა და უნივერსიტეტის არქეოლოგიური; ტოკიოს უნივერსიტეტის შენობა (1877 წელი); პარკები – რიკუგიენი, ნარიტასანი, სინძიუკუ და უენოს; იმპერატორის სასახლის ბაღები; ცისარტყელასებრი ხიდი; ტოკიოს მუნიციპალიტეტის 48-სართულიანი შენობა (1991 წელი); კომპლექსი ოპერა-სიტი 54-სართულიანი ცათამბჯენით; XIX საუკუნის ტოკიოს ჭიშკრები – წითელი, კურამონისა და კამინარიმონის (ქუხილის); სეიბუს უნივერსამი (1915 წელი); თეატრი „კაბუკი-ძა“; ატრაქციონების პარკი ოდაიბაში; ზღვის ცხოველებისა და სინაგავას (შინაგავას) აკვარიუმები; ზოოპარკი და სხვ.).