აქთაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქთაში – (ინგლ. Aktash, რუს. Акташ), მთის კლიმატური კურორტი უზბეკეთში, ტაშკენტის ოლქის ბოსტანლიქის რაიონში, ქ. ღაზალქენთიდან 7, ხოლო ქ. ტაშკენტიდან 68 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით. მდებარეობს ტიან-შანის მთების სამხრეთ-დასავლეთ ტოტებზე, ზღვის დონიდან 1140 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი მთაგორიანია.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ქვედა სარტყლის. ზამთარი რბილია, თოვლის საფარი არამდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -1°C. ზაფხული თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 24°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 57%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 950 მმ-ს. წვიმების მაქსიმუმი მოდის შემოდგომასა და გაზაფხულზე, ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე. მზის ნათების ხანგრძლივობა საშუალოდ 2550 საათია წელიწადში.

კურორტისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: კაკლისა და ალვის ხეები, იფანი, მუხა, თელა, ნუში, აკაცია, ტირიფი, კატალპა, მაკლური, ყირიმული ფიჭვი, ტიტები და კუნელი.

აქთაშის სამკურნალო ბუნებრივი ფაქტორებია: შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა და აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.

აქთაშის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: ჰაერისა და მზის აბაზანები წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.

ჩვენებები აქთაშში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; ცენტრალური ნერვული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

კურორტ აქთაშსა და მის მიდამოებში (ჩანჩქერი; მდინარე აქთაშჩაის ხეობა; „თეთრი კლდე;“ შემოქმედების სახლი; ზედა პალეოლითის დროის ადამიანთა სადგომი „აქთაში“ (ძვ.წ. XI-X ათასწლეულები) და სხვ.; სოფელ ხაიდანლიკში არსებული ბუმბერაზი ჭადრის ხე; II-IV საუკუნეების ძველი ნაქალაქარის ნანგრევები და ყორღნები და სხვ.) და
ქ. ტაშკენტში (მავზოლეუმები – შეიხ ალ-ტახურის (XIV საუკუნე), იუნუს-ხანის (XV საუკუნე), ტოლი- ბეის ანუ კალდირგაჩ-ბეის (XV საუკუნე), იუნუს-ხანის (XVI საუკუნე), ზაინუტ- დინ-ბობოს (XVI საუკუნე), კაფალ-შეიხის (XVI საუკუნე) და სუფა-ოტას (XVIU საუკუნე); კაფალ აშ-შაშის აკლდამა (XV საუკუნე); მედრესები – კუკელდაში (XIV საუკუნე), აბდულ-კასიმ-ეშონის (XVI-XIX საუკუნეები), ბარაქ-ხანის (XVI- XVII საუკუნეები), მუიი მუბორაქის (XVI საუკუნე); მეჩეთები – ჯუმას (1451-1888), ხაირაბატ-ეშონის (XVIII-XIX საუკუნეები), მირზა-იუსუფის (XIX საუკუნე), „ნამაზგოხი“ (1865 წელი) (1971 წლიდან „ნამაზგოხის“ ბაზაზე ფუნქციონირებს იმან ალ-ბუხარის ისლამური ინსტიტუტი) და ხასტ-იმამი (2007 წელი); ყოვლად-წმიდა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის მიძინების სახელობის საკათედრო მართლმადიდებლური ტაძარი (1871-1878 წლები); მართლმადიდებლური ეკლესიები – სასწაულთმოქმედისა, რუსეთის პატრიარქისა და მღვდელმოწამისა ერმოგენის სახელობის (1893-1900 წლები), კეთილმორწმუნე რუსეთის დიდი მთავრისა წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის (1902 წელი), მოციქულთა სწორისა რუსეთის დიდი მთავრისა წმიდა ვლადიმირის სახელობის (1970 წელი) და სხვ.; ყოვლადწმიდა სამების და მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის დედათა მონასტერი (1893-1900 წლები); სინაგოგები – ებრაელ აშკენაზების (1896 წელი), ბუხარის ებრაელების (2001 წელი) და „ტერო“ (XX საუკუნის 50-იანი წლები); იესოს უწმინდესი გულის რომაულ-კათოლიკური ტაძარი (1912-2000 წლე- ბი); ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია (1899 წელი); ევანგელისტ-ქრისტიანების ეკლესია „იმედი“ (XXI საუკუნე); სრული სახარების ქრისტიანების ეკლესია (XXI საუკუნე); ევანგელისტური ქრისტიან-ბაპტისტების ეკლესია (XX საუკუნე); პრესვიტერიანული ეკლესიები „ახალი იერუსალიმი“ და „მარადიული ცხოვრება“ (XX საუკუნე); ბუდისტური ეკლესია (XXI საუკუნე); მუზეუმები – გეოლოგიური, ხელოვნების სახელმწიფო, თემურიდების ისტორიის სახელმწიფო, უზბეკეთის ისტორიის სახელმწიფო, ალიშერ ნავოის სახ. ლიტერატურის სახელმწიფო, უზბეკეთის გამოყენებითი ხელოვნების, უზბეკეთის ბუნების სახელმწიფო, ასტრონომიის, შეიარაღებული ძალების, სერგეი ესენინის სახ. ლიტერატურული, ოლიმპიური დიდების, კავშირგაბმულობის ისტორიის, რკინიგზის ტექნიკისა და რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის; არტ-ცენტრი „ტაშკენტ პლაზა“; სახვითი ხელოვნების გალერეა; ახალგაზრდობის შემოქმედების სახლი; სახლ-მუზეუმები – აიშეკ მუსა ტაშმახამედოვის, გაფურ გულიამის, აშრაფის, იუნუს რაჯაბის და სულეიმან იუდაკოვის; თამარ ხანუმას მემორიალური მუზეუმი; ანა ახმატოვას სახ. კლუბი-მუზეუმი; ფოტოგრაფიის სახლი; ზოოპარკი; პლანეტარიუმი; გასართობი პარკი „ტაშკენტ-ლენდი“, აკვაპარკი; ბოტანიკური ბაღი; კერამიკის პარკი; იაპონური ბაღი და სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები