აშექალი
აშექალი – ქაჯავეთიდან წამოყვანილი ერთ-ერთი ქალი. აშექალი სოფელ მოწმაოში (ხევსურეთი) დასახლებულა. ერთი გვერდი ეშმაკებისა ჰქონია, მეორე – ანგელოზებისა. აშექალი ისეთი მისანი ყოფილა, რომ კაცის სიკვდილის დღე იცოდა. ხან საფარველს დაიდებდა და ვეღარავინ ხედავდა. ხან გაცხადებით დადიოდა. ერთხანს გადამხტარა აშექალი ადიდებულ არაგვში მოწმაოს ქვემოთ და დაკარგულა, წყალმა წაიღო. ყველას ჰგონებია, მოკვდაო. მაშინ ჟინვალში რუსის ჯარი მდგარა არაგვის ნაპირას და აშექალიც ჯარის ბოლოში ამომძვრალა წყლიდან. წამოსულა, შუა ჯარზე გამოუვლია. ჯარს რომ უნახავს წყლიდან ამომძვრალი აშექალი, გაკვირვებიათ და შეშინებიათ კიდეც, ეს რა ამოძვრა მდინარიდანო, ტალავარიც რომ არ დასველებიაო. მიმდგარ-მომდგარა ჯარი და აშექალს მათ შუა გამოუვლია.
აშექალი იტყოდა, სამ წელიწადს ხახმატის ჯვარის მეჯინიბე ვიყავიო. ხახმატის გიორგის წითელი ცხენი ჰყავდა და შუბლზე თეთრი დარი ჰქონდაო საითკენაც გაემართებოდა, გიორგის ნისლის კოტორი თან გაჰყვებოდაო. ხალხი ვერ ხედავდა, მე კი ვხედავდიო. როცა გიორგი გამოემართებოდა, შორიდან ჯერ იმის ცხენის ბიბინს გავიგონებდით, მერე ნისლის კოტორს დავინახავდით, თავად გიორგი კი არ ჩანდაო. როცა თავის საარსოში მოვიდოდა, მაშინ გადაიყრებოდა ნისლის კოტორიო. თავად თავის საკადრის ადგილზე წავიდოდა, ცხენს კი გარეთ დატოვებდაო. ცხენს აშექალი შეიყვანდა საჯინიბოში. ისეთი საჯინიბო ყოფილა, რომ თურმე შიგ შესვლა ერიდებოდა აშექალს. ცხენიც ისეთი გაწმედილი ჰყოლია, რომ თურმე შუქს აფენდა იქაურობას. ცხენი თავლაში სულ თამაშობდა, სულ ტოტებზე დგებოდა. აშექალის მეტი თავლაში არავინ შედიოდა, არავინ იყო ცხენის მნახველიო.
ცხენი ყოველთვის შეკაზმული იდგა და, როგორც კი ვინმე შველას სთხოვდა წმიდა გიორგის, აშექალი კარს გააღებდა, ცხენიც გამოვარდებოდა და ხახმატის ჯვარი ისე სწრაფად შემოახტებოდა ცხენს, რომ აშექალი თვალს ვერ შეასწრებდა. ცხენ-მხედარს თან ნისლის კოტორი გაჰყვებოდა და დაიკარგებოდნენ, წავიდოდნენ ყმის მისაშველებლად, რაც უნდა შორს ყოფილიყო. იმ ცხენის საჯინიბოში ისეთი რაპრაპი იდგა თურმე, რომ თვალს ვერ გაუსწორებდა კაცი. იმ ცხენს არც სმა უნდოდა და არც ჭამა. ბოლოს, აშექალს გაწყრომია ხახმატის ჯვარი და მეჯინიბეობიდან გადაუყენებია. თურმე ერთხელ ვიღაცას საშველად რომ შეუძახნია წმიდა გიორგისთვის, აშექალი იმ დროს იქ არ ყოფილა და ცხენისთვის კარი არ გაუღია. რომ მისულა, იქაურობას საფარველი გადაფარებია, ვერც ცხენი დაუნახავს და ვერც საჯინიბო. მერედა მიმხვდარა აშექალი, რომ გამწყრალა მასზე წმიდა გიორგი. იმ დღიდან აღარც ხახმატის ჯვარი უნახავს და არც იმის საღარი (შუბლზე თეთრნიშნიანი) ცხენი. მხოლოდ მისი ფეხის თქარათქურს გაიგონებდა, როცა ვისმე შესაშველებლად მიდიოდა. ისეთი გრიალი ატყდებოდა, რომ გეგონებოდა მიწა თუ იძრაო.
ბოლოს აშექალი გამკითხავებულა და ფშავლები და ხევსურები სულ მასთან დადიოდნენ სამკითხაოდ. მის კარზე ხალხი სულ ჯარად მდგარა. აშექალი მოკვდა ძალიან დაბერებული და სიკვდილამდე მკითხაობისთვის თავი არ დაუნებებია.