აშლილობა გამოწვეული კოკაინის მოხმარებით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშლილობა გამოწვეული კოკაინის მოხმარებით - (cocaine use disorder) ნებისმიერი ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობა, გამოწვეული კოკაინის მოხმარებით.

კოკაინი Coca-ს ბუჩქის ფოთლებიდან ან ეკოგონინისა და მისგან წარმოებულებისაგან სინთეზურად მიღებული ალკალოიდია. ყველაზე ხშირად, კოკაინი თეთრი, კრისტალური ფხვნილის სახით იყიდება (მას „საყნოს თამბაქოს“ („snuff“) ან „თოვლს“ („snow“) უწოდებენ), ხშირად შერეულია შაქართან ან ადგილობრივ ანესთეტიკებთან. ძირითადად, ფხვნილი ცხვირით შეისუნთქება. ეფექტი 1-3 წუთში დგება და 30 წუთამდე გრძელდება.

კოკაინის და ოპიოიდების მომხმარებლები, კოკაინს ხშირად ვენაში იკეთებენ. ასევე, კოკაინი მოიხმარება per os, უპირატესად, ალკოჰოლთან ერთად. „Freebasing“ ანუ „თავისუფალი ფუძის მიღება“ ნიშნავს კოკაინის გამდიდრებას, მისი მოქმედი ფუძის (კოკაინის ალკალოიდი) სუფთა სახით ამოღების გზით. კოკაინის თავისუფალი ფუძის შემცველ აირს ძირითადად სიგარეტის ან ნარგილეს მეშვეობით შეისუნთქავენ. „კრეკი“ – კოკაინის თავისუფალი ფუძე, მოყავისფრო კრისტალების სახით იყიდება და მოსაწევად გამზადებულია. მან დასახელება გაცხელების დროს კრისტალების თავისებური ტკაცუნის („crackling“) გამო მიიღო.

კოკაინის მოწევის დროს ჩნდება მდგომარეობა, რომელსაც „რაშ“-ს („rush“) უწოდებენ და მას ახასიათებს სწრაფად დამდგარი შინაგანი სიმშვიდის შეგრძნება, საკუთარი მნიშვნელობის და შესაძლებლობების გადაჭარბებით, აგრეთვე მომატებული თვითშეფასებით. აგრეთვე შესაძლოა დაზიანდეს კრიტიკულობაც, რის შედეგად ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფს შეუძლია უპასუხისმგებლო, კანონსაწინააღმდეგო, საშიში ქმედებების ჩადენა.

დიდი დოზების, განსაკუთრებით ინტრავენურად, მიღებისას შესაძლოა განვითარდეს მდგომარეობა, რომელსაც „ქრეში“ („crash“) ეწოდება: ამაღლებული გუნებ-განწყობის ფონზე ჩნდება უსაფუძვლო შიში, დამოკიდებულების აზრები, ყურებში ბზუილი, დევნის ბოდვითი იდეები, ურთიერთობების იდეები, „თოვლის ციაგი“ („snow lights“) (თოვლზე მზის ბზინვარების ჰალუცინაცია ან ფსევდოჰალუცინაცია) ან სხვაგვარი ჰალუცინაციები.

მწვავე ტოქსიკური რეაქციები შესაძლოა აღინიშნოს კოკაინის როგორც ქრონიკულად, ასევე პირველად მომხმარებელ პირებში. ეს რეაქციებია: დელირიუმი (რომელიც პანიკურ რეაქციას გვაგონებს), ჰიპერპირექსია,ჰიპერტენზია (რომელსაც ზოგჯერ თან სდევს სუბდურალური და სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევები), გულის არითმიები, მიოკარდის ინფარქტი, გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი, გულყრები, ეპილეფსიური სტატუსი, სიკვდილი.



იხილე აგრეთვე

აშლილობა გამოწვეული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები