ახენზეეჰოფი
ახენზეეჰოფი – (ინგლ. Achenseehof, რუს. Ахензеехоф), კლიმატური, სამთო-სათხილამურო და ტბის კურორტი დასავლეთ ავსტრიაში, ტიროლში, შვაცის ოლქში, ქ. ინსბრუკიდან 51,2 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით და კურორტ ახენკირხიდან 2,3 კმ-ში, სამხრეთით. მდებარეობს ალპებში, კარვენდელისა და როფანის მთაგრეხილებს შორის, ახენტალის ველზე, ახენზეეს ტბის ჩრდილო ნაპირზე, ზღვის დონიდან 910 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,8°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 18,5°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 7,1°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 962 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე (376 მმ), ხოლო მინიმუმი ზამთარზე (162 მმ). ყველაზე ნალექიანი თვეა ივლისი (152 მმ), ყველაზე მშრალი – თებერვალი (52 მმ).
ახენზეეჰოფის ტერიტორიაზე გავრცელებულია: ხეხილის ბაღები (ვაშლი, ქლიავი, მსხალი და სხვ.), ვენახები, მუხის, წიფლისა და ნაძვის ნარგავები. კურორტის მიდამოებში გვხვდება: ნაძვნარი, წიფლნარი და ალპური მდელოები.
ახენზეეჰოფის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია დაბალი მთის ჰავა, ფიტონციდებითა და მსუბუქი აეროიონებით გაჟღენთილი მთისა და ტბისპირა ჰაერი, ტბის წყალი.
ახენზეეჰოფის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: ბანაობა ტბაში, ჰაერისა და მზის აბაზანები წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში.).
ჩვენებები ახენზეეჰოფში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში – სრიალი თხილამურებითა და სნოუბორდით; ციგაობა, ციგურაობა, სეირნობა ძაღლებიანი მარხილით და სხვ.; წელიწადის თბილ პერიოდში – სერფინგი, ვინდსერფინგი, ჰალფპაიპი, მაუნთ-ბაიკი და სხვ.; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
კურორტ ახენზეეჰოფის მიდამოებში (კურორტ ახენკირხში – ახენკირხის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის რომაულ- კათოლიკური ეკლესია (XVIII საუკუნე); ქალაქის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია (XVI საუკუნე); ოჯახური ფერმა-მუზეუმი Hematmuseum Sixenhof (აშენდა 1361 წელს, დაიწვა და ხელახლა აშენდა 1810 წელს), თავგადასავლების პარკი, ჩანჩქერები, ბუნებრივი ნაკრძალი და სხვ.; კურორტ პერტისაუში – პერტისაუს ყოვლადწმიდა სამების სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XIX საუკუნე), ბუნებრივი ნაკრძალი-ზოოპარკი და სხვ.; კურორტ მაურახში – მაურახის ყოვლადწმიდა მარიამის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია, ჩანჩქერი, ალკოჰოლური სასმელების ქარხანა და სხვ.).