ახენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახენი (აახენი) – (ინგლ. Achen, Aachen; რუს. Ахен, Аахен), ქალაქი და ბალნეოლოგიური კურორტი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, კელნის ადმინისტრაციულ ოლქში, ქ. კელნიდან 70 კმ-ში, დასავლეთით. მდებარეობს მაღალი ფენის მაღლობის ჩრდილო განტოტებებზე, ზღვის დონიდან 141-358 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ბორცვიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური. ზამთარი ზომიერად ცივია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -3°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 19°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა 650 მმ.

ახენში გავრცელებულია: მუხა, წიფელი, ნაძვი, სოჭი და დეკორატიული მცენარეები (ბზა, ურთხელი, ფურისულა, ქრიზანთემა და სხვ.). ქალაქის გარეუბნებში, აღნიშნული მცენარეების გარდა, გვხვდება: ფიჭვი, მუხა, ვერხვი და სხვ.

ახენის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: 38 თერმული (t°-75°C-მდე) ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელიც შეიცავს სულფიდებსა და კალციუმის მარილებს. სამკურნალო მიზნით, აგრეთვე, გამოიყენება რამდენიმე კარსტული გამოქვაბულის მიკროჰავა. აღნიშნული გამოქვაბულები ახენის მიდამოებშია.

ახენში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლების აბაზანები; გამორეცხვები და შესხურებები აღნიშნული წყლებით; სპელეოთერაპია კარსტული გამოქვაბულის პირობებში.

ჩვენებები ახენში წასასვლელად: გულ-სისხლძარღვთა და პერიფერიული ნერვული სისტემების, კანისა და საყრდენ-სამოძრაო აპარატის, შარდ-სასქესო ორგანოებისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები.

ტურისტული ობიექტები:

ახენში (798-805 წლებში კარლოს დიდის მიერ აშენებული რომაულ-კათოლიკური კაპელა – კაროლინგების ხანის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუში; იმპერატორების კარლოს დიდისა (IX საუკუნე) და ოტო III-ის (XI საუკუნე) სამარხები; ახენის (საიმპერიო) რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარი (VIII - IX საუკუნეები); კარლოს დიდის მარმარილოს სამეფო ტახტი (IX საუკუნე); კარლოსის თერმები (IX საუკუნე); ქალაქის რატუშა (1353 წელი); კოუფენის სახლის ანსამბლი (XVIII საუკუნე); პროტესტანტული ეკლესიები – წმიდა პეტრეს სახელობისა და წმიდა მარიამის სახელობის (XIX საუკუნე); სინაგოგა და ევანგელისტური ეკლესია (XX საუკუნე); ოპერის თეატრი (1825 წელი); მარიახილფის ჰოსპიტლის შენობა (1848-1865 წლები); ტექნიკური სკოლის შენობა (1870 წელი); მუზეუმები – სიურმონდ-ლიუდეიგის სამხატვრო (1383 წელი), გაზეთების საერთაშორისო (XX საუკუნე) და თანამდროვე ხელოვნების (XX საუკუნე); ჩანჩქერები „ელიზენბრუნენი“, „მამლების ქურდი“ და სხვ.; ნაციონალური პარკი „აიფელი“; გრანუსის კოშკი და სხვ.),
ქ. კელნში (რომაელების მიერ აშენებული კოშკი (ძვ.წ. I საუკუნე), პრეტორიუმის (ახ.წ. I საუკუნე) ნანგრევები; ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმიდა პეტრეს სახელობის რომაულ-კათოლიკური კელნის ტაძარი (მშენებლობა დაიწყო 1248 წელს, ბევრჯერ შეჩერდა და დამთავრდა 1880 წელს); რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – წმიდა ურსულას სახელობის ოქროს დარბაზი (VI საუკუნე), წმიდა ანდრიას სახელობის (აშენდა X საუკუნეში, გადაკეთდა XI და XV საუკუნეებში), წმიდა პანტელეონეს სახელობის (აშენდა X საუკუნეში, გადაკეთდა XII და XIII საუკუნეებში), წმიდა სევერინის სახელობის (აშენდა X საუკუნეში, გადაკეთდა XIII, XIV და XVI საუკუნეებში), წმიდა მარტინის სახელობის (ე.წ. დიდი მარტინის) (აშენდა X საუკუნეში, დაიწვა და ხელახლა აშენდა XII საუკუნის ბოლოს – XIII საუკუნის დასაწყისში, დაინგრა დაბომბვის შედეგად II მსოფლიო ომის დროს და ისევ ხელახლა აშენდა), კაპიტოლიუმის წმიდა მარიამის სახელობის (აშენდა XI საუკუნეში ძვ.წ. I საუკუნიდან არსებული რომაული ტაძრის ადგილზე), სამოციქულო, ანუ 12 მოციქულთა სახელობის (აშენდა XI საუკუნეში, 1192 წელს დაზიანდა ხანძრის გამო, 1200 წელს ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები, ხოლო 1871-1891 წლებში – რესტავრაცია), წმიდა გიორგის სახელობის (აშენდა XI საუკუნეში, გადაკეთდა XII და XVI საუკუნეებში), წმიდა ცეცილიას სახელობის (XII საუკუნე), წმიდა მარიამ ლიზის (1210-1220 წლები), წმიდა კუნიბერგის სახელობის (XIII საუკუნე), მირონიტკირხე (ფრანცისკელთა) (1248-1264 წელი), ანტონიტერკირხე (1350-1380 წლები), წმიდა მარიამის აღდგომის სახელობის (მარცელენშტრასე) (აშენდა 1715 წელს, II მსოფლიო ომის დროს დაინგრა დაბომბვის შედეგად და აღადგინეს XX საუკუნის 50-იან წლებში), წმიდა აგნესას სახელობის (XIX საუკუნე), წმიდა ენგელბერტის სახელობის (XX საუკუნე) და სხვ.; ყოვლადწმიდის ღვთისმშობლის სახელობის პროტესტანტული ტაძარი (XVII საუკუნე); წმიდათა კონსტანტინეს და ელენეს სახელობის მართლმადიდებლური რუსული ეკლესია (XX საუკუნის 70-იანი წლები); სომხური სამოციქულო ეკლესია (XXI საუკუნის დასაწყისი); სინაგოგა (1959 წელი) და სხვა რელიგიური დაწესებულებები; მუზეუმები – ვაალრაფ-რიხარტცის, რომაულ-გერმანული, ქალაქის, შლიუტგენის, ლიუდვიგის, სუნამოების, შოკოლადის, სპირტის, ლუდისა და სხვ.; თეატრები – შაუშპილჰაუსი, ატელიე, კომედია, კასიოპეა, ჰორიზონტი, თოჯინებისა და სხვ.; ზოოპარკი; ტერარიუმი; ეგზოტიკური მცენარეების პარკი-ორანჟერეა და სხვ.).

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები