ახიზის ეპარქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახიზა. ანტეფიქსი

ახიზის ეპარქია − ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო საქართველოში (კლარჯეთი, ახლანდელი თურქეთი, ართვინის გუბერნია, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია), დაარსდა ვახტანგ გორგასლის დროს V ს. მოიცავდა მდინარეების – არტანუჯისწყლისა და იმერხევის (მდ. ჭოროხის ერთ-ერთი შენაკადი) – ხეობებს. მის ტერიტორიაზე მდებარეობდა ვახტანგ გორგასლის დაარსებული ციხე-ქალაქი არტანუჯი და მისივე განახლებული ახიზის ციხე-სიმაგრე.

ისტორიკოს ჯუანშერის ცნობით, ბიზანტიასთან დაზავების შემდეგ უკან მობრუნებულმა ვახტანგ მეფემ „იხილა კლდე შუა კლარჯეთსა, რომელსა სოფელსა ერქუა არტანუჯი“. მეფე თავის ძუძუმტეს, არტავაზს, დაადგენს ერისთავად და უბრძანებს, რომ „ააგოს ციხე არტანუჯისა“. ასევე „უბრძანა, რათა გამონახოს ჴევსა მას შინა“ ადგილი „სამონასტრე და აღაშენოს ეკლესია და ქმნეს მონასტრად“. ჯუანშერი განაგრძობს: „ხოლო არტავაზ აღაშენა ციხე არტანუჯისა და მონასტერი, რომელ არს ოპიზა, და სამნი ეკლესიანი: დაბა ბერისა, შინდობისა და ახიზისა და განაახლა ციხე ახიზისა, და ქმნა იგი ქუაბად“. როგორც ჩანს, ჯუანშერის ცნობებზე დაყრდნობით იმავეს იმეორებს არტანუჯისა და ახიზის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი. ძუძუმტის მიერ აშენებული ახიზის ეკლესიაში მოგვიანებით ვახტანგ გორგასალს ეპისკოპოსი დაუდგენია. VIII ს. 30-იან წწ. მურვან ყრუს შემოსევების შედეგად ახიზა განადგურდა. ახიზის ეპარქია გადავიდა ანჩის ეპარქიის შემადგენლობაში, მან ორ საუკუნეზე ცოტა მეტი იარსება.

ამჟამად ახიზის ტაძრის ნანგრევები მდებარეობს ციხე-ქალაქ არტანუჯის ჩრდილოეთით 3 კმ. მანძილზე, მდ. არტანუჯისწყლის მარცხენა მხარეს, მის დასავლეთ ფერდობზე, ახიზის ციხის ძირში. ვ. ჯობაძის გამოკვლევით, ახიზის მონასტერი იყოფა ზედა და ქვედა ნაწილებად. აქ ხუთი მცირე ზომის დარბაზული ეკლესიაა, რომელთა ნანგრევებია მოღწეული. ერთ-ერთისაგან შემორჩენილია აღმოსავლეთ კედლის მცირე ნაწილი, რომელიც ამოყვანილია სწორად დალაგებული ვარდისფერი და მოყვითალო ქვის კვადრებით. 1913 წელს ახიზის მონასტრის ნანგრევები მოინახულა მხარეთმცოდნე ა. ფლორენსკიმ, რომელიც იქ კავკასიური მუზეუმის მიერ იყო მივლინებული. მისი ცნობით, ერთ-ერთი ეკლესიის, როგორც ჩანს, საეპისკოპოსო საყდრის აღმოსავლეთ აფსიდაში წარმოდგენილი ყოფილა მოზაიკით შესრულებული ღვთისმშობლის გამოსახულება. იმ დროს მოზაიკა თითქმის მთლიანად ჩამოშლილი ყოფილა და გამოსახულების გარჩევა მხოლოდ კენჭების ნაკვალევისგან დარჩენილი კონტურებით შეიძლებოდა. ა. ფლორენსკის ცნობით, ახიზის მოზაიკა გაუნადგურებია არტანუჯში მცხოვრებ ოქრომჭედელს, ვინმე უსტა-გეკორკს, რომელსაც უცხოეთში გაყიდვის მიზნით შეუგროვებია ორი მცირე ზომის ტომრით მოზაიკის კენჭები.

ა. ფლორენსკის ახიზის ეკლესიაში აუკრეფია კრამიტის ანტეფიქსები (სახურავის კედლის გასწვრივ მოთავსებული ქანდაკოვანი მცენარეული ორნამენტით ან ფანტასტიკური ცხოველის გამოსახულებით მარმარილოს ან კერამიკის სამკაული), ჩამოუტანია თბილისში და ჩაუბარებია კავკასიის მუზეუმისთვის. მისი გადმოცემით, კრამიტის ორ ნატეხზე ცხოველების (ირმების), ჯვრებისა და ასოების გამოსახულება ყოფილა. ავტორი აქ უზუსტობას უშვებს. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რომელიც კავკასიის მუზეუმის მემკვიდრეა, ამჟამად ინახება ახიზიდან ჩამოტანილი სამი კერამიკის ანტეფიქსი – ორი დიდი და ერთი საშუალო ზომისა. მათი გრაფიკული ჩანახატები პირველად პ. ზაქარაიამ გამოაქვეყნა, თუმცა მათი წარმომავლობა მისთვის უცნობი იყო. ანტეფიქსების იდენტიფიკაცია მოახდინა ზ. სხირტლაძემ და გამოაქვეყნა მათი ფოტოსურათები. გარდა ამისა, ა. ფლორენსკის ჩამოუტანია ახიზის ეკლესიის მოზაიკის ოცდაათამდე კენჭი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. მისივე ცნობით, ახიზიდან წამოღებული ერთი ბეჭედი, მასში ჩასმული სარდიონის კამეით, რომელზედაც გამოსახული ყოფილა მიქაელ მთავარანგელოზი ბერძნული განმარტებითი წარწერით, მას გადაუცია ვ. ნ. ეფრემოვისთვის პეტროგრადში. ამჟამად ბეჭდის ადგილ სამყოფელი უცნობია.

ახიზის ანტეფიქსები, მხატვრულ-სტილისტური ნიშნების მიხედვით, V–VI/VII სს. თარიღდება (ზ. სხირტლაძე), სავარაუდოდ, ისინი ტაძრის თავდაპირველი მშენებლობის დროინდელია, ანუ V ს. დასასრულს განეკუთვნება.

ვ. სილოგავა

ლიტერატურა

  • ზაქარაია პ., ნაქალაქარ ურბნისის ხუროთმოძღვრება, თბ.,1965;
  • სხირტლაძე ზ., ახიზის ეკლესიისა და მისი მოზაიკის გამო, „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1991, №3;
  • ჯობაძე ვ., ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში, თბ., 2007;
  • Jobadze V., Early medieval Georgian monasteries in historic Tao, Klarjeti and Šavšetî, Stutg., 1992, 12.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები