ახმანკა
ახმანკა – (ინგლ. Akhmanka, რუს. Ахманка), პელოიდოთერაპიული საკურორტო ადგილი რუსეთის ფედერაციაში, ტიუმენის ოლქის ნიჟნაია ტავდის რაიონში, დაბა ნიჟნაია ტავდიდან 68, ხოლო ქ. ტიუმენიდან 70 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს ახმანკის ტბის ნაპირზე. რელიეფი – ვაკე.
ჰავა – კონტინენტური. ზამთარი ცივია, ხანგრძლივი. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა –14°C. ზაფხული გრილია და ხანმოკლე. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 18°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 400 მმ-ს. წვიმები ძირითადად მოდის მაისსა და სექტემბერში. მზის ნათების ხანგრძლივობა საშუალოდ 2066 საათია წელიწადში.
ახმანკა მდებარეობს ფიჭვნარში. საკურორტო ადგილის მიდამოებში გავრცელებულია: ნაძვი, ლარიქსი, ვერხვი, არყის ხე, ბუჩქოვანი ტირიფი, მოცვი და სხვ.
ახმანკის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია ახმანკის ტბის საპროპელის ტალახი, რომელიც შეიცავს: ცილას, ვიტამინებს, ჰორმონებსა და ანტიბიოტიკებს.
ახმანკაში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორის გამოყენების მეთოდებია: სამკურნალო ტალახის აბაზანები, აპლიკაციები და ტამპონები.
ჩვენებები ახმანკაში წასასვლელად: საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებები.
ტურისტული ობიექტები:
საკურორტო ადგილ ახმანკის მიდამოებში (ახმანკის ტბის მიდამოები), დაბა ნიჟნაია ტავდასა და მის მიდამოებში (ყოვლადწმიდა სამების სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი (აშენდა 1906 წელს, იყო რეკონსტრუირებული 2006-2007 წლებში); მხარეთმცოდნეობის მუზეუმი „სიბირსკოე პოდვორიე“; ქარაბაშის თახვების ნაკრძალი; ტიუმენის ბიოლოგიური ნაკრძალი; რეგიონალური მნიშვნელობის ზოოლოგიური ნაკრძალი „ტროიცკიი“; არქეოლოგიის ძეგლი „ველიჟანი-2“; ბუნების რეგიონალური ძეგლები – ზამოროვსკი, ვესელაია გრივა, ნოვოარაქჩინსკი, იშიმბაი და სხვ.) და ქ. ტიუმენში (თათართა ძველი ნაქალაქარის (X-XVI საუკუნეები) ნანგრევები; ყოვლადწმიდა სამების სახელობის მართლმადიდებლური მამათა მონასტერი (დაარსდა 1616 წელს) და ამ მონასტრის ტაძარი (1709-1715 წლები); წმიდა ელიას სახელობის მართლმადიდებლური დედათა მონასტერი (დაარსდა 1601 წელს) და ამ მონასტრის წმიდა ელიას სახელობის ეკლესია (XVIII საუკუნე); მართლმადიდებლური ეკლესიები – ყველაწმიდას სახელობის (1838 წელი), ჯვართამაღლების სახელობის (1791 წელი), მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის (XVIII საუკუნე) და უფალი ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელობის (1794 წელი); მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი (1768-1801 წლები); წმიდა იოზეფის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XX საუკუნის დასასრული); XX საუკუნეში აშენებული მეჩეთები (ტაძრის, კაზაროვის, მატმასოვის, სამლოცველო სახლი და ნიგმატულა ხაჯის); XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში აშენებული ან გახსნილი სხვადასხვა რელიგიური დაწესებულება (ევანგელისტურ-ქრისტიანების ეკლესია, ევანგელისტური ქრისტიან-ბაპტისტების ეკლესია; მე-7 ადვენტისტების სასულიერო ცენტრი და სხვ.); ყოფილი კომერციული სასწავლებლის შენობა (1910-1914 წლები); ყოფილი ქარვასლის შენობა (1835-1838 წლები); ყოფილი ქალაქის გამგეობის შენობა (XIX საუკუნის დასაწყისი); საფოსტო კანტორის შენობა (1800-1805 წლები); მუზეუმები – მხარეთმცოდნეობის, „ძველი ტიუმენის ავეჯი“, სახვითი ხელოვნების, საავტორო თოჯინებისა და სათამაშოების, XIX-XX საუკუნეების სახლის ისტორიის; XVIII-XIX საუკუნეების საეკლესიო ნაგებობების კომპლექსი; ცირკი-სტუდია „იკარი“; შექსპირის ექსპერიმენტული თეატრი „EST“, გარდაქმნის თეატრი და სხვ.).