ახტალა
ახტალა - (ინგლ. Akhtala, რუს. Ахтала) პელოიდო-ბალნეო-კლიმატური კურორტი გურჯაანის რაიონში, ქ. თბილისიდან 122 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ალაზნის ველზე, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობის ძირში, ზღვის დონიდან 410-430 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ვაკე-ბორცვიანი.
სარჩევი |
სახელწოდება
ახტალის, როგორც უცნობი შინაარსის ტოპონიმის, წარმოშობით ხალხი ადრიდანვე დაინტერესებულა. გასული საუკუნის გაზეთები „ივერია“, „ცნობის ფურცელი“ და სხვ. ხშირად აქვეყნებდა კორესპონდენციებს ახტალის წარმოშობასთან დაკავშირებულ ლეგენდა-თქმულებების შესახებ. გაზეთ „ივერიას“ 1897 წლის 17 მაისს გამოუქვეყნებია ტ. ინასარიძის წერილი „ჰახტალა“ (ლეგენდა სოფ. გურჯაანის მახლობლად მდებარე ტალახის ტბის შესახებ). იმავე წლის 25 მაისს კი „ცნობის ფურცელს“ დაუსტამბავს იოს. იმედაშვილის საინტერესო წერილი – „ჰახთალა-ღვთის ყანაა თუ ღვთის რისხვა“? შევნიშნავთ, რომ ახტალის პირველი მეცნიერული ეტიმოლოგია ეკუთვნის კონსტ. ჰანს: აღ „თეთრი“, ტალა „მინდორი“, „თეთრი ველი“.
ერთ-ერთ პირველ ცნობას ახტალის შესახებ გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი: „კვალად ჭერემ-ვეჯინს შუა და ვეჯინის ჩდილოთ, მთის კალთას არს ახტალა, რომელსა იტყვიან ნასოფლარსა და რისხვით დანთქმულსა. აღმოდის კუპრი, ვითარცა მდუღარე“, საინტერესოა, რომ ვახუშტის მიერ მოწოდებული ცნობა ახტალის; როგორც სტიქიური მოვლენის შედეგად „დანთქმული“ სოფლის, თაობაზე, ადგილობრივ მცხოვრებთა შორის დღესაც ცოცხლობს. ინფორმატორთა თქმით ძველ დროს აქ მომხდარა დიდი მიწისძვრა, რომელსაც სოფელი ქვესკნელში ჩაუტანია, მის ადგილას კი ტბა დამდგარა. ხალხში დღესაც გაიგონებთ, ახტალი ტალახს დროდადრო ათასგვარი საოჯახო საგანი: აკვნები, ბარ-ნიჩბები, კეგრები, ცხენის უნაგირ-მოსართავები, ცულები და სხვ. ამოაქვსო.
ერთ-ერთი ხალხური გადმოცემით ჩაძირულ სოფელს ტალა თუ თალა რქმევია. ერთ კაცს დილით ტალაში თავისი ნათესავი მოუნახულებია, საღამოს კი, როცა შინისკენ წამოსულა, თავზარი დასცემია - სოფელი აღარსად ჩანდა, მის ადგილას ტალახიანი ტბა დამდგარიყო. ამის მნახველ კაცს სინანულით წარმოუთქვამს: „ან, ტალა, ახ, ტალა, რა იყავ და რა გახდიო!“ (გიორგი გომურაშვილი, სოფ. აკურა).
დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთვის საინტერესო ტოპონიმი ახტალა თურქულენოვანი ხალხის შემონატანია. ახ (||აღ) ქართულად, როგორც უკვე ითქვა, ნიშნავს „თეთრი“ (შდრ. აღ-ბულაყი „თეთრი წყალი, თეთრი წყარო“), ტალა, იგივე თალა კი ვაკე ადგილის, მინდვრის აღმნიშვნელი სიტყვაა. მაშასადამე, ახ-ტალა გაიაზრება როგორც „თეთრი ველი“, „თეთრი მინდორი“, „ადგილი, სადაც მოთეთრო ფერის მინერალური მასა (ამ შემთხვევაში, სამკურნალო ტალახი) გამოედინება“. ბუნებრივია, რომ თურქული ტალა||თალა სიტყვის შემცველი ტოპონიმები ხშირად გვხვდება მეზობელ სომხეთის, ბალყარეთის (ჩერქეზეთი), განსაკუთრებით კი – აზერბაიჯანის, აგრეთვე, საინგილოს ტერიტორიაზე: აკაიტალა, აღტალა, ბაგათალა, ჯინჯართალა, კამიშთალა, ყარათალა... ანალოგიური წარმოშობისა ჩანს ჩვენთვის კარგად ცნობილი ტოპონიმი ზაქათალაც (საინგილო).
ძველი ქართული ეკონომიკური საბუთების მიხედვით ტალა სიტყვის შემცველი ტოპონიმები საკმაოდ ხშირი ყოფილა ქვემო ქართლის ტერიტორიაზეც: „მელიქიშვილების მამულები მდებარეობდა სადახლოში... მელიქაშენში, მელიტალაში, ახტალაში... მაჰმუდტალაში“. დღეს აქ აღნიშნულ სახელთაგან მხოლოდ ახტალა არის შემორჩენილი, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილიც იცნობდა და მას ცურტავად მიიჩნევდა: „ვგონებ ამას ცორტავად და სასწაულსაცა მის მიერო“. როგორც ვხედავთ, ჩვენს ძველ სწავლულთაც და თანამედროვე ლინგვისტთა ერთ ნაწილსაც ტოპონიმ ახტალის წარმოშობის შესახებ უამრავი თვალსაზრისი და ვარაუდი გამოუთქვამთ რომელთა უმრავლესობა სრულიად სამართლიანად ახტალის თურქულ წარმომავლობას უჭერს მხარს.
ჰავა
ზომიერად კონტინენტურია. დაბალი მთის, ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,9°C. ზაფხული თბილია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 23,6°C. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 72%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 700 მმ-ს. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2154 საათია.
ახტალა და მისი მიდამოები დაფარულია ფოთლოვანი ტყეებით და ბაღ-ვენახებით.
კურორტი
ახტალის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ფსევდოვულკანური წარმოშობის ტალახი, მინერალური წყლები; დაბალი მთის ჰავა; აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.
კურორტის ტერიტორიაზე მდებარეობს ფსევდოვულკანური ტალახის საბადო და მინერალური წყლების 3 გამოსავალი. აღნიშნული წყლები არის საშუალო ან მაღალი მინერალიზაციის (M-13,1-26,5 გ/დმ3) სუბთერმული ან თერმული (t-25°C-38°C), მეთანიანი, ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები.
ახტალის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: ტალახის აბაზანები (ზოგადი და ადგილობრივი) და აპლიკაციები, ვაგინალური და რექტალური ტამპონები; მინერალური წყლების აბაზანები; პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები ახტალაში წასასვლელად: დასვენება; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, შარდ-სასქესო ორგანოებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები; ცეტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები.
ტურისტული ობიექტები:
კურორტ ახტალის მიდამოებში (მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; ვაზისუბნის (ურიათუბნის) სამნავიანი ბაზილიკა (VI საუკუნე); მონასტერი „სანაგირე“ (ეკლესია X-XI საუკუნეები); ვეჯინის კომპლექსი (შუა საუკუნეები); ზეგანის მართლმადიდებლური ეკლესია (V საუკუნე); გურჯაანის ყველაწმიდის სახელობის ორგუმბათოვანი მართლმადიდებლური ეკლესია (VIII-IX საუკუნეები); ვაჩნაძიანის ყველაწმიდის სახელობის (VI–IX საუკუნეები) და კარდანახის წმიდა საბას სახელობის (VI-IX საუკუნეები) მართლმადიდებლური მონასტრები და სხვ.