ბაბლუანი თემურ
თემურ ბაბლუანი – (დ. 20 მარტი, 1948, სოფ. ჩოლური), კინორეჟისორი, კიევის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა ფესტივალის მთავარი პრიზის, ისრაელის კინოფესტივალის ერთ-ერთი მთავარი პრიზის, ინგლისის კინოაკადემიის პრიზის, ტალინის საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზის, სოჭის კინოფესტივალის მთავარი პრიზის — „კენტავრის“ მფლობელი, 1993 წელს ბერლინში, საერთაშორისო კინოფესტივალზე, ერთ-ერთი მთავარი პრიზით — „ვერცხლის დათვით“ — დაჯილდოებული, 1994 წელს მოსკოვში ფესტივალ „თანავარსკვლავედზე“ ასევე მთავარი პრიზით დაჯილდოებული, ამავე წელს რუსეთის კინოაკადემიისაგან „ნიკეს“ ორგზის პრიზიორი, პირველი ქართული კინოფესტივალის მთავარი პრიზის — „ოქროს არწივის“ — მფლობელი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1995).
დაიბადა 1948 წლის 29 დეკემბერს ლენტეხში. 1966 წელს დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა. ცხრა წელი მუშაობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა რესპუბლიკაში, მოსკოვიდან მოკიდებული შორეული ციმბირით გათავებული. მუშაობდა უბრალო მუშად, მშენებლად, დოკერად, მეთევზედ — იცხოვრა თავისი მომავალი ფილმების პერსონაჟთა რთული და საინტერესო ცხოვრებით. 1971 წელს მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში მოეწყო იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ სასწავლებელი არ დაუმთავრებია — სამშობლოში დაბრუნდა და 1974 წელს თბილისის კინოსარეჟისორო სკოლაში მოეწყო, რომელიც 1979 წელს დაამთავრა.
სადიპლომო ფილმმა — „მოტაცებამ“ — 1978 წელს სოციალისტური ქვეყნების კინოფესტივალზე I პრიზი დაიმსახურა. 1980 წელს რეჟისორმა გადაიღო მხატვრული ფილმი „ბეღურების გადაფრენა“. ეს იყო დიდ კინემატოგრაფში ერთი ყველაზე წარმატებული დებიუტი, რომელმაც არაერთი სიხარული მოუტანა ფილმის ავტორსაც და მის მაყურებელსაც და არაერთი ჯილდო მოიპოვა.
1982 წელს ეკრანებზე გამოვიდა თემურ ბაბლუანის ახალი ფილმი „ძმა“, ათი წლის მერე კი, 1992 წელს — „უძინართა მზე“.
1995 წელს თემურ ბაბლუანს, მხატვრული ფილმისათვის „უძინართა მზე“, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
ბაბლუანი ავტორია რომანისა „მზე, მთვარე და პურის ყანა: მანუშაკა მელოდება“