ბავრაყი
ბავრაყი – დროშა ხევსურეთში. ითვლება დიდ სიწმინდედ, გაიგივებულია ხატთან, სალოცავთან.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ხევისბერს ბავრაყი ყავარჯენთან ერთად გამოჰქონდა, რასაც უდიდესი ძალა ჰქონდა, დიდი დაპირისპირებაც რომ ყოფილიყო, უნდა შეწყვეტილიყო. ლაშქრობა, სადავო საკითხებზე ბჭობა თუ ხატობა-დღეობები ბავრაყის წინამძღოლობით მიმდინარეობდა. ბავრაყის მომზადებას „ბავრაყის აბმას“ უწოდებდნენ. ბავრაყი შედგებოდა სამი სუფთად გათლილი, მეტრნახევრიანი ჯოხისაგან. ბავრაყის აბმა მხოლოდ ხატის მსახურის (ხელოსანი) უფლება იყო, ისიც საკლავის სისხლით წინასწარ უნდა „განათლულიყო“ – საკლავის სისხლს ჯვრის სახით იცხებდა შუბლსა და გულზე. მანამდე რამდენიმე დღის განმავლობაში ტანსაც დღეში სამჯერ იბანდა. ბავრაყის აბმას სუფთა ადგილას, ხმის ამოუღებლად – „უმძრახად“ - ახდენდა. ხატის მსახური აიღებდა ბავრაყის ტარებს, ერთ ადგილას – ბავრაყის მოწყობილობით სავსე ტაგრუცთან (ხის ყუთთან) – აწყობდა და შეუდგებოდა ბავრაყის მომზადებას, აბმას. პირველად იღებდა ერთ ტარს, იწერდა პირჯვარს, თან ჩუმად ლოცულობდა: „ნუ რაით შამიცოდვებთ, დალოცვილნო“. ჯერ ერთ წვერში მოახვევდა ხელსახოცის წვერს და ჩამოაცვამდა ზედ შუბს, შემდეგ ორ-სამ ადგილას კიდევ შეაბამდა ჭრელ ხელსახოცებს ან აბრეშუმის ბაღდადებს და იქვე დანიშნულ ადგილას მიაყუდებდა. მეორესაც ასე გამოაწყობდა, მესამეს ვერცხლის ჯვარს უკეთებდა და ზედ პატარა ზარს შეაბამდა. ბაღდადები და ხელსახოცები ხალხისაგან იყო შემოწირული და ბავრაყის მოწყობილობასთან ერთად ტაგრუცში ინახებოდა. აქვე ინახებოდა შემოწირული ვერცხლის მონეტები, სამკაულები, ძეწკვები, საყურეები. ხალხი მათ „ღილ-ბორაყს“ უწოდებდა. შემოწირული ნივთები, ასევე ხატები, ჯვრები ხშირად ბავრაყზე იყო ასხმული.
სულ სამი ბავრაყი იყო (სამგზავრო, სალაშქრო და სახუცო). დიდ დღეობებში ბავრაყი რამდენიმე დღე სალოცავის – „ხატის“ – ეზოში იყო „დაბძანებული“ ან იქ, სადაც ხატის ღამისთევა იყო დანიშნული. შინ, ხატის დარბაზში შეტანისას ეზოს ზარის წკარუნით შემოატარებდნენ ბავრაყს. ხელოსანი მსახური ასევე უმძრახად შეხსნიდა მოხვეულ ხელსახოცებს, ბაღდადებს. სათითაოდ დაკეცავდა და ტაგრუცში ინახავდა. შუბებს, ზარს, ვერცხლის ჯვარსაც შეხსნიდა და ასევე ინახავდა. ბავრაყის დაშლას რომ მორჩებოდა, იქ მყოფთ დალოცავდა: „წყალობა მოგიტანეთ დროშაის მცველთ ანგელოზთა“. ბავრაყით ხევისბერი ავადმყოფებსაც კურნავდა – ბავრაყის წინ დააჩოქებდა და მის თავზე ზანზალაკებს დააწკარუნებდა, ღვთისშვილის სახელით უწმინდურ ძალას „დევნიდა“ მათგან. ბავრაყს მეფეებიც სწირავდნენ მთის „ჯვარ-ხატებს“.
გ. ჩინჩალაძე
ლიტერატურა
- ერიაშვილი ჟ., ხელოსნობის საკითხისათვის ხევსურეთში, „მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის“, 1975, ტ. 18;
- ოჩიაური ალ., ქართული ხალხური დღეობების კალენდარი, თბ., 1988.