ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიასაქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია, რომელიც შეიქმნა საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის გადაწყვეტილებით 2006 წლის 21 დეკემბერს (2007 წლის დეკემბრამდე იწოდებოდა ბათუმისა და ქობულეთის ეპარქიად).

ეპარქია მოიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს, ქ. ბათუმსა და ისტორიულ ლაზეთის ტერიტორიას (ახლანდელი თურქეთის რესპუბლიკა). 1995-2006 წლებში მისი ნაწილი გაერთიანებული იყო ბათუმ-სხალთის ეპარქიაში, ხოლო უფრო ადრე (1917-1995) – ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში. ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), რომელიც 1996 წლის ნოემბრიდან მართავდა ბათუმ-სხალთის ეპარქიას, ამჟამად ეპარქიაში 53 ტაძარი და 10 მონასტერი მოქმედებს (23 დეკანოზი, 1 სქემმღვდელმონაზონი, 2 მღვდელმონაზონი, 8 მღვდელი, 3 დიაკვანი, 2 იღუმენია, 7 ბერმონაზონი, 2 სამონაზვნე, 3 მორჩილი).

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ დიმიტრის, ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით აჭარაში შეიქმნა მრავალი სასწავლო და საქველმოქმედო დაწესებულება. ბათუმ-შემოქმედის ეპარქია პირველი იყო საქართველოში, სადაც 1995 წლის 9 მარტს შეიქმნა წმ. ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე (მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლი), რომლის პირველი დირექტორი იყო დეკანოზი დავით შიოლაშვილი. დღეს ეპარქიაში მოქმედებს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია (რექტორი – დეკანოზი ბასილ ბერიძე), ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია, ბათუმის წმ. მოციქულ მატათას სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონი (დირექტორი – იღუმენია სიდონია), ბათუმის სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრთან არსებული წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის საბავშვო ბაღი, ქობულეთის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზია და საბავშვო ბაღი, ჩაქვის წმ. დავით აღმაშენებლისა და წმ. თამარის სახელობის გიმნაზიები, ბათუმის წმ. ილია მართლის სახელობის საბავშვო ბაღი. 2008 წლიდან მიტროპოლიტ დიმიტრის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით ქობულეთში მოქმედებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლა-ბანაკი, სადაც იკრიბებიან ბავშვები საქართველოს ყველა კუთხიდან და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა შვილები. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევით ეპარქიაში ყოველ წელს იმართება საოჯახო ღვინის ფესტივალი. 2005 წლიდან მაუწყებლობს ეპარქიის რადიო „მშვიდობა ყოველთა“. 2008 წელს შეიქმნა ეპარქიასთან არსებული არასამეწარმეო იურიდიული პირი „ქართული კულტურის მემკვიდრეობის ფონდი“. 2009 წლიდან საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის განჩინებით ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმთავარს სამწყსოდ ჩაბარდა ჩრდილოეთ ამერიკასა და კანადაში არსებული ქართული სამრევლოები. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება შემოქმედის ეპარქია, აღმოსავლეთიდან – სხალთის ეპარქია და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია, სამხრეთიდან – თურქეთის რესპუბლიკა, ხოლო დასავლეთიდან შავი ზღვა. ეპარქიის საკათედრო ტაძარია ქ. ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარი.

თ. ჩხაიძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები