ბათუმისა და სხალთის ეპარქია
ბათუმისა და სხალთის ეპარქია – საქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია, რომელიც შეიქმნა 1995 წლის 5 აპრილს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ორ – შემოქმედისა და ბათუმ-სხალთის - ეპარქიად გაყოფის შედეგად.
ეპარქიის - პირველ მმართველ მღვდელმთავრად დადგინდა ეპისკოპოსი იობი (აქიაშვილი, ამჟამად ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი), რომელიც 1992 წლის 21 დეკემბრიდან იყო ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი. 1996 წლის 8 ნოემბერს ბათუმისა და სხალთის ეპარქიის მმართველად დაინიშნა ეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი, ამჟამად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი). ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის, ეპისკოპოს დიმიტრის (2003 წლის 14 სექტემბრიდან – მთავარეპისკოპოსი), ლოცვა-კურთხევით ეპარქიაში დაიწყო ბევრი ახალი ტაძრის მშენებლობა, მათ შორის: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი (ქ. ქობულეთი); წმ. ლაზთა მოწამეთა მამათა სამონასტრო კომპლექსი (სარფი); წმ. გაბრიელ ქართველის ტაძარი (ქ. ბათუმი); წმ. კეთილმორწმუნე მეფე თამარის ეკლესია (ქ. ბათუმი); წმ. იოაკიმე და ანას ტაძარი (ქ. ბათუმი); წმ. სამების დედათა სამონასტრო კომპლექსი (ქ. ბათუმი, ფერია); წმ. ნინოს ტაძარი (ქ. ბათუმი); წმ. ნიკოლოზის ტაძარი (ქ. ბათუმი); წმ. ანდრია პირველწოდებულის ტაძარი (ქ. ბათუმი); ჯვართამაღლების სამონასტრო კომპლექსი (დაბა აგარა); წმ. მღვდელმოწამე კირიონის ტაძარი (ქ. ქობულეთი); წმ. ილია წინასწარმეტყველის ტაძარი (ქ. ბათუმი) და სხვ.
ეპისკოპოს დიმიტრის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა ბათუმის მეფე თამარის სახელობის საბავშვო ბაღი, წმ. ილია მართლის სახელობის საბავშვო ბაღი, ხულოს ტბელ აბუსერიძის სახელობის გიმნაზია, ქობულეთის წმ. კირიონ III-ის სახელობის გიმნაზია. ეპარქიაში არსებული სასულიერო და ეპარქიას დაქვემდებარებული საერო სასწავლებლების კურირება-მართვის მიზნით შეიქმნა საეპარქიო განათლების განყოფილება (1998). ეპარქიაში პერიოდულად გამოიცემოდა გაზეთი „სხალთის ზარები“, ხოლო 2005 წლიდან მოქმედებს საეპარქიო რადიო „მშვიდობა ყოველთა“.
თ. ჩხაიძე