ბათუმის საკათედრო ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბათუმის საკათედრო ტაძარი

ბათუმის საკათედრო ტაძარი – (ინგლ. Batumi Cathedral), ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი, ბათუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი. მდებარეობს ქ. ბათუმის ცენტრალურ ნაწილში. ტაძარი შენდებოდა 1898-1903 წლებში მოქალაქეთა შემოწირულობების ხარჯზე. ეკლესიის ასაგები ძირითადი თანხა XIX საუკუნის ცნობილმა ქართველმა მეცენატმა და მეწარმემ სტეფანე ზუბალაშვილმა გაიღო, რომელმაც ტაძარი დედის ხსოვნას მიუძღვნა.

ტაძარი თავიდან კათოლიკური ეკლესია იყო. აგებულია გვიანი გოტიკის სტილში.

მაღალ ცოკოლზე დგას დასავლეთ-აღმოსავლეთით წაგრძელებული ღერძის მქონე სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც აღმოსავლეთით ხუთწახნაგა შვერილი აფსიდით სრულდება. დასავლეთი ფასადი გოტური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ორი მაღალი, შპილებიანი კოშკითაა ფლანკირებული. ტაძარში მოსახვედრად რამდენიმე საფეხურიანი კიბის ავლაა საჭირო. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ფასადის ცენტრში განთავსებულია მდიდრულად გაფორმებული მთავარი შესასვლელი, ხოლო მის მარჯვნივ და მარცხნივ, ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში თითო-თითო კარი. გვერდით შესასვლელებს ორი ორ-ორმაშიანი კიბე აქვს მიდგმული. კიდევ ერთი, მღვდელმსახურთათვის განკუთვნილი შესასვლელია გაჭრილი საკურთხევლის აფსიდის სამხრეთ კუთხეში. დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის თავზე, მის ორივე მხარეს საგანგებოდ გაკეთებულ მაღალ ნიშებში წმ. ანდრია პირველწოდებულის და წმ. ნინოს ქვაში გამოქანდაკებული ფიგურებია განთავსებული შესაბამისი წარწერებით. ამავე ფასადს ამკობს სამშენებლო წარწერა ქართულ და ფრანგულ ენებზე, სადაც ტაძრის აღმშენებელი სტეფანე ზუბალაშვილია მოხსენიებული. ეკლესიის ვრცელი შიგა სივრცე ოთხი წყვილი სვეტით სამ ნავად იყოფა. აფსიდის ორივე მხარეს მართკუთხა მოხაზულობის პასტფორიებია. სამი გოტური გუმბათიდან – ორი აღმოსავლეთით, ხოლო ერთი ნაგებობის ცენტრშია განთავსებული. დასავლეთით, მეორე იარუსის დონეზე საკმაოდ ვრცელი თლილი ქვის აივანია მოწყობილი (ადრე აქ იდგა საეკლესიო ორღანი). აივნის ქვეშ, სვეტებში მარმარილოს ორი ემბაზია. ინტერიერში უხვადაა გამოყენებული შავი და თეთრი მარმარილო. მარმარილოს მოზაიკა ამშვენებს ტაძრის იატაკსაც. ეკლესია დიდი ოსტატობითაა აგებული. გამოყენებულია კარგად გათლილი ქუთაისის მოწითალო და ყვითელი ფერის ქვა. ეკლესიას ჰქონდა სტეფანე ზუბალაშვილის მიერ შეწირული ორი ზარი.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი თავისი ვიტრაჟული გოტიკური სარკმლებით, ინტერიერის სკულპტურული და ფერწერული კომპოზიციებით არა მარტო ბათუმის, არამედ მთელი საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. 2011 წელს ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები