ბარტი როლან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როლან ბარტი

ბარტი როლან - (ფრ. BARTHES ROLAND - 1915 - 1981). XX საუკუნის ფრანგი ლიტერატურის კრიტიკოსი, ფილოსოფოსი და თეატრის თეორეტიკოსი.

ბიოგრაფია

როლან ბარტი დაიბადა 1915 წელს შერბურში. მიიღო ჰუმანიტარული განათლება სორბონის უნივერსიტეტში. სტუდენტობის წლებში აქტიურად იყო ჩაბმული მოყვარულთა თეატრში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან ვერ შეძლო პედაგოგად მუშაობა, რადგან ღია ფორმის ტუბერკულოზი აღმოაჩნდა. 1941-1947 წწ. მკურნალობდა სანატორიუმებში. ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით ეგზისტენციალისტების შემოქმედებას.

1948-1950 წწ. ბარტი ასწავლის ბუქარესტსა და ალექსანდრიაში, იმავდროულად იწყებს ლიტერატურულ-პუბლიცისტურ მოღვაწეობას გაზეთ კომბში, აქვეყნებს სტატიათა ციკლს, რომლებშიც ეგზისტენციალიზმის მარქსისტულ იდეებთან შერიგებას ცდილობს.

ბარტი, როგორც კრიტიკოსი, მხარს უჭერს მემარცხენე მიმართულების თეატრს თეორიასა და პრაქტიკაში. იგი წერს მთელ რიგ სტატიებს ბრეხტსა და ჟან ვილარზე. ამასთანავე ბარტის, როგორც თეორეტიკოსის ინტერესები იზრდება ენის თეორიის პრობლემებისადმი - ლინგვისტიკისა და სემიოტიკისადმი (ეს ინტერესი დაკავშირებულია ჯერ კიდევ 1950 წელთან, როდესაც ბარტი ეცნობა ალგირდას გრეიმასს; ასევე ბარტზე დიდი გავლენა იქონია ფილიპ დე სოსიურის ლექციებმა: „საერთო ლინგვისტიკის კურსი“, რომელიც 1955 წელს მოისმინა). ამ პერიოდის ბარტის სემიოტიკური გამოკვლევები ძირითადად ეძღვნება მრავალფეროვან საზოგადოებრივ მოვლენებს, რომელნიც ენობრივი ფორმების მსგავსად ფუნქციონირებენ. ყოველივე ამას განაზოგადებს, როგორც ნიშნის პრობლემებს და ცდილობს მოუძებნოს მას ადგილი სხვადასხვა სემანტიკურ სისტემაში.

ბარტის ადრეული სტატიები და ესსები გამოვიდა კრებულის სახით: „წერის ნაკლოვანი ხარისხი“ – „Le degré zéro de l’écriture“ (1953). 1957 წელს გამოიცა კრებული „მითოლოგია“, რომელშიც გაანალიზებულია საშუალო, ნორმალური ცნობიერების იდეოლოგიური მითები.

60-იანი წლების დასაწყისში ბარტი სტრუქტურალისტურ პოზიციებზე გადადის. მის მიზნად იქცევა არა მხოლოდ აღწერილობითი, არამედ კრიტიკული, მეთოდოლოგიურად დასაბუთებული სემიოლოგიის შექმნა. იგი პარადიგმის ცნებას ეყრდნობოდა და მხარს უჭერდა კანონატიური სემიოტიკის სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც თავის თავში გააერთიანებდა კულტურის სხვადასხვა დარგს, რაც ადრე სემიოლოგიურ ანალიზს არ ექვემდებარებოდა. 1964 წელს მან დაწერა „მოდის სისტემა“ – „Système de la mode“ (გამოქვეყნებულია 1967 წელს), ხოლო 1965 წელს ვრცელი სტატია - „სემიოლოგიის საფუძვლები“ („Éléments de Sémiologie“). ამასთან ერთად თავის მონოგრაფიაში „რასინის შესახებ“ (1963) ბარტი სემიოლოგიისადმი სამეცნიერო-კვლევითი, პოზიტივისტური მიდგომის წინააღმდეგ გამოდის. იგი ემხრობა ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოების მრავალრიცხოვანი საშუალებით ახსნა-განმარტებას. ბარტის ამ პერიოდის თეორიულმა ნაშრომებმა გავლენა იქონიეს ლიტერატურულ-კრიტიკულ ჯგუფ ტელ-ველზე (რ. ჟანი, ი. კრიტევა, ფ. სოლერსი). ბარტი უშუალოდ იყო დაკავშირებული ლიტერატურული ავანგარდის პრაქტიკასთან, თუმცა თავად ეყრდნობოდა ჟ. ლაკანისა და მ. ფუკოს გამოკვლევებს, მოგვიანებით კი ჟაკ დერიდას.

70-იანი წლებიდან ბარტისათვის იწყება ახალი შემოქმედებითი ეტაპი - პოსტ-სტრუქტურალისტური. ამჯერად იგი ყურადღებას აქცევს უპირველეს ყოვლისა გენო-ტექსტს, ანუ იმ შინაგან, დაბალ ქვედა დონეს, წინარე ან წინარე-აზრს, რომელიც წარმოშობს აზრთა მრავალფეროვნებას და მის ინტერპრეტაციებს, მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში თავად სემიოლოგია, რომელიც ამ აზრთა წიაღშია, ენის კონტექსტში, საერთო ჰუმანიტარული კულტურის ნაწილად გადაიქცა. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი წიგნებია - S/Z (1970 წ.), რომელიც ბალზაკის მოთხრობის „სარაზინის“ შესაძლო ამოკითხვის საფუძველზეა შექმნილი. ბარტი მრავალ აზრობრივ კონცეფციას ავითარებს, რაც სხვადასხვა მიმართულებით ვლინდება: „ნიშანთა იმპერია - „L’Empire de signes“ (1970) - სემიოლოგიური ნარკვევი იაპონიის კულტურაზე; „სადი, ფურიე, ლოიოლა“ („Essais sur Sade, Fourier, Loyola“, 1971) და „ტექსტის ტკბობა“, „Le plaisir du texte“, 1973). 1977 წელს სპეციალურად ბარტისათვის კოლეჟ დე ფრანსში დააფუძნეს ლიტერატურული სემიოლოგიის კათედრა.

1981 წელს ბარტი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

გამოცემები ქართულ ენაზე

  • ავტორის სიკვდილი: [როგორც მკითხველის დაბადების საზღაური] / რ. ბარტი ; თარგმ. მ. ხარბედიამ. სჯანი თბილისი, 2002. N3, გვ.51-58
  • ტ. 9: გარემოებათა კარნახით თარგმნილი: დრამატურგია. პროზა. თეორია. ბარტი, რ. (როლან), ავტ. [და სხვ.] თბილისი, მერწყული. 2014.
  • Camera lucida : [ფოტოგრაფიის შესახებ] / როლან ბარტი. არტიფაქტი თბილისი, 2008. N1, გვ.54-58
  • S/Z: [ონორე დე ბალზაკის "სარაზინი"-ს ანალიზი] / როლან ბარტი; ფრანგ. თარგმნა ნინო გაგოშაშვილმა; რედ.: ირმა რატიანი [და სხვ.]. თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა და სტ., 2014.
  • ბიბლია პოსტმოდერნული პერსპექტივიდან / სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინ-ტი; შემდგ. და მთ. რედ. თამარ ცოფურაშვილი. ბარტი, როლან, ავტ. [და სხვ.]. თბ.: ილიას სახელმწ. უნ-ტი, 2013.
  • რა არის კრიტიკა?: წერილები / როლან ბარტი; ინგლ. თარგმ. დავით ჩიხლაძემ. აფრა: სალიტერატურო რელიგიურ-ფილოსოფიური და საზოგადოებრივი ჟურნალი თბ., 2007-2008. N13, გვ.271-274
  • საგნის სემანტიკა: ლიტერატურათმცოდნეობის ქრესტომათია / როლან ბარტი; ფრანგულიდან თარგმნა ნინო გაგოშაშვილმა. სჯანი: ჟურნალი ლიტერატურის თეორიასა და შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში / შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი თბილისი, 2009. 1512-2514 მაისი, N10, გვ.84-92
  • სადი - 1: პერსონა / როლან ბარტი; თარგმანი და წინასიტყვაობა მათე კრავეიშვილისა. ესსე მარკიზ დე სადზე. ლიტერატურა - ცხელი შოკოლადი თბილისი, 2008. დეკემბერი, N19, გვ.37-45
  • მითოლოგიები / როლან ბარტი; [ფრანგ. თარგმნა ნატალია მთივლიშვილმა]. [თბ.]: აგორა, [2011]
  • მითოლოგიები / როლან ბარტი; ფრანგულიდან თარგმნა მარინა ბალავაძემ; ყდის დიზაინის ავტორი ნინო ხოსრუაშვილი. თბილისი: აგორა, 2015.
  • წერის ნულოვანი დონე / როლან ბარტი; მთარგმნ. ესმა ბერიკიშვილი; რედ. გია ჯოხაძე. თბ.: ილიას სახელმწ. უნ-ტი, 2012.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები