ბაღის სატაცური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Asparagus.PNG

ბაღის სატაცური – Asparagus --officinalis L. მიეკუთვნება შრომანასებრთა - Liliaceae-ს ოჯახს. სატაცურს უვითარდება ფესურები, ფესურებიდან ცილინდრული შიშველი ღეროები, რომლებიც დაფარულია ქერქლისებრი ფოთლებით, რომელთა იღლიებში კლადოდიუმებია. აქვს თეთრი ყვავილები. წიწვიანი და წითელი ნაყოფი. ჩვენში ველურად მოზარდი მცენარეა, იზრდება ჭალის ტყეებში, ჯაგ-ეკლიან, ძეძვიან ადგილებში.

სატაცური გამოიყენება საჭმელად, ნაწილობრივ სამკურნალოდ. თირკმელების დაავადების დროს - შარდმდენად. მისი გამოყენება შეიძლება მცენარეთა დაცვაში ნემატოდების წინააღმდეგ საბრძოლველად. სატაცურის ფესვების გამონაყოფი შეიცავს ნემატიციდურ ნივთიერებას, რომელიც ამცირებს ნიადაგში მობინადრე მცენარის პარაზიტი ნემატოდების რიცხობრივობას.

ბაღის სატაცური მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 30-150 სმ სიმაღლის გლუვი, შიშველი, მცოცავი ღეროთი, მრავალი ირიბი და ზევით აშვერილი ტოტებით. ფესურა სქელია, მოკლე, ჰორიზონტალური, რომელიც ხშირი, თასმისებრი ფესვებითაა მოფენილი. კლადოდიუმები წვრილია, ძაფისებრი, სამწახნაგოვანი, 1-3 სმ სიგრძის, თითქმის ტოტებზეა მიკედლებული, ხასიათდება მახვილი წიბოებით. ფოთლები ქერქლისებრია. მცენარე ორსახლიანია. ყვავილები მოთეთრო-მოყვითალო ფერისაა, წვრილი, 1-2 ცალადაა შეკრებილი მეტნაკლებად გრძელ საყვავილე ყუნწებზე. მამრობითი ყვავილები 5 მმ სიგრძისაა, მდედრობითი – ორჯერ უფრო წვრილი. ნაყოფი – წითელი, სფერული კენკრაა. ყვ. V; ნაყ. VIII.

სატაცური არა მხოლოდ დელიკატური, მეტად მნიშვნელოვანი დიეტური და სამკურნალო ბოსტნეულია. სამკურნალოდ გამოიყენება ფესურა ფესვებითურთ და ნორჩი მწვანე ყლორტები (კლადოდიუმები). ფესურა შეიცავს ასპარაგინსა და არგინინს, სტეროიდულ საპონინებს, კუმარინებს, ნახშირწყლებს, ეთერზეთებს კვალის სახით, კაროტინს; ყლორტებში აღმოჩენილია ასპარაგინი და უმნიშვნელო რაოდენობით კაროტინი, ასკორბინის მჟავა, ვიტამინები (A, B1, B2, B6, C, PP).

სატაცურის პრეპარატების ძირითადი მოქმედება შარდმდენია. ექსპერიმენტულად დამტკიცებულია, რომ ასპარაგინი და სატაცურის ექსტრაქტი ვენაში შეყვანისას იწვევს არტერიული წნევის დაწევას, აძლიერებს გულის მოქმედებას და ამცირებს მის რიტმს, აფართოებს პერიფერიულ სისხლძარღვებს, ზრდის დიურეზს და აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას. ოფიცინალურ მედიცინაში გამოიყენება ნევროზებისა და თირკმელების დაავადებებისას. ასევე იხმარება ნიკრისის ქარის, წყალმანკისა და დიაბეტის სამკურნალოდ. სატაცურის წვენი ეფექტური შარდმდენი საშუალებაა, განსაკუთრებით სტაფილოს წვენთან ერთად, ვინაიდან ცალკე სმის შემთხვევაში, შეიძლება ძლიერი რეაქცია მოახდინოს თირკმელებზე. სასარგებლოა რევმატიზმით, ნევროზით, სისხლნაკლებობითა და დიაბეტით დაავადებულთათვის.

ახალი მონაცემებით დამტკიცებულია ამ მცენარის დადებითი ეფექტი სიმსივნური წარმონაქმნების საწინააღმდეგოდ.

ჩინურ მედიცინაში სატაცურის ფესვების ნახარშს შინაგანად იყენებენ როგორც შარდმდენ, მატონიზირებელ და სიცხის დამწევ საშუალებას. ასევე სისხლის მიმოქცევისა და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, ნიკრისის ქარის, რევმატიზმის, დიაბეტის, ფილტვების დაავადებების, ყივანახველის, იმპოტენციის დროს; გარეგანად – საფენების სახით – ეგზემის საწინააღმდეგოდ.

საფრანგეთში სატაცურის ფესურა და ნორჩი ყლორტები იხმარება როგორც კარგი შარდმდენი საშუალება, რომელიც ამავე დროს არ არის რეკომენდებული საშარდე არხის ანთებისას, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს ეპითელიარული ქსოვილის გაღიზიანება.

რუსულ ხალხურ მედიცინაში ფესურების ნახარში გამოიყენება წყალმანკის, შარდის ბუშტის ანთების, გაძნელებული შარდვის, რევმატიზმისა და ეპილეფსიის სამკურნალოდ; გარეგანად – სხვადასხვა გამონაყრების საწინააღმდეგოდ; ნაყოფების ნაყენი მიიღება იმპოტენციის შემთხვევაში. ბალახის ნახარშს იყენებენ გულის ტკივილების, თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებებისას. ბულგარულ მედიცინაში სატაცურის ფესვები აგრეთვე გამოიყენება თირკმელებისა და შარდის ბუშტში ქვებისსაწინააღმდეგოდ.

ძველ ქართულ ხალხურ მედიცინაში იხმარებოდა როგორც შარდმდენი საშუალება თირკმელების დაავადებებისას. შესაძლებელია ინდივიდუალური შეუთავსებლობა (ბიძინაშვილი 2018).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები