ბაშლოამ-კორტი
ბაშლოამ-კორტ-ი || ბეშლოამ-კორტ-ი (ინგუშ. Башлоам-корт || ჩეჩნ. Бешлоам-корт ) – ყაზბეგის წმ. მთა; წარმოადგენდა ვაინახური წარმართული პანთეონის ოლიმპს, სადაც უზენაესი ღმერთი და მისი მორჩილი ღვთაებები მკვიდრობდნენ. ინგუშების რწმენით, ბეშლოამის მთაზე არსებულ საიდუმლო გამოქვაბულში რაღაც ცოდვისთვის ერთი ჭაბუკია მიჯაჭვული, ხოლო ჩეჩნებს იქვე ეგულებათ ეპიკური გმირი ფჰარმათი, რომელმაც ჭექა-ქუხილის ღვთაებას ცეცხლი მოსტაცა და ადამიანებს გადასცა.
ყაზბეგის მთასთან არის დაკავშირებული გველეთელი ინგუშების თქმულება, რომელიც მათ ქართველებისგან აქვთ ნასესხები და წარმოადგენს ბიბლიური თქმულების ადგილობრივ ვარიანტს: ღმერთმა ადამიანებს ბოროტი ქმედებისათვის წარღვნა მოუვლინა და ცოცხალი მხოლოდ ერთი მოხუცი და მისი ოჯახი დატოვა; ისინი ჩასხდნენ ყუთში, რომელიც წყალმა ბაშლოამ-კორტის მწვერვალზე გამორიყა; ღმერთმა მათ საკვებად ყინული დაუწესა; მოხუცს შვიდი ვაჟი შეეძინა, ისეთი თეთრნი, როგორც ბაშლოამის თოვლი, და ნათელნი, როგორც ღვთის დღე; ისინი დასახლდნენ მთის მონასტრის შვიდ ეკლესიაში ისე, რომ მათთან მისვლა არავის შეეძლო; წარღვნის შემდეგ მოხუცის დანარჩენი შვილები მთელ დედამიწაზე მიმოიფანტნენ; ერთხელ შვიდმა ძმამ მონადირე ისტუმრეს, მაგრამ იგი მაშინათვე მეხმა მოკლა. როცა ჭექა-ქუხილი მიწყნარდა, მონასტერი დაცარიელდა: ღმერთმა ძმები წაიყვანა და ცაზე შვიდი ძმის ახალი თანავარსკვლავედი გააჩინა.
ლიტერატურა
- Далгат У. Б. Героический эпос чеченцев и ингушей. Исследование и тексты. М., 1972;
- Антология ингушского фольклора. Т. 4. Нальчик, 2006.