ბედი ქართლისა (ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟურნალი „ბედი ქართლისა“ – (Bedi kartlisa. Revue de kartvelologie), ქართველოლოგიური სამეცნიერო ჟურნალი, დაარსდა 1948 წელს პარიზში ნინო სალიას (ქურციკაშვილი) მიერ (დირექტორ-რედაქტორი – პროფესორი კ. სალია, მდივანი – გ. გოგოლაშვილი).

თავიდან ჟურნალი ქართულენოვანი იყო და მასში იბეჭდებოდა ემიგრანტ მწერალთა და მეცნიერთა ნაშრომები. წელინადში გამოდიოდა ერთი ან ორი არაბული ციფრებით დანომრილი ნომერი, 1958 წლიდან ჟურნალს უშვებდნენ უკვე Bedi kartlisa. Revue de kartvelologie-ს სახელწოდებით, 1964 წლამდე პარალელურად გამოდიოდა ორი სერია: ძველი – ქართულ-არაბული ნუმერაციით (n. 24-25, 1957, n. 28-29, 1958, n. 38, 1961, n. 39-40, 1962, n. 47, 1964) და ახალი [NS], რომელიც შეიცავდა, ძირითადად, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და იტალიურ ენებზე გამოქვეყნებულ სტატიებს და დანომრილი იყო რომაული ციფრებით. მას არაბული ნუმერაციაც ახლდა, რაც ხაზს უსვამდა მის კავშირს ქართულ ჟურნალთან. ასეთი ორმაგი ნუმერაციით გამოვიდა ჟურნალის I-XVIII ნომრები. 1965-1967 წლებში გამოდიოდა ჟურნალის ფრანგულენოვანი გამოცემა, 1968 წლიდან კი მისი ნუმერაცია მხოლოდ რომაული იყო. 1960 წლიდან ჟურნალი საფრანგეთის სამეცნიერო კვლევათა ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით გამოდიოდა. ამავე წელს შეიქმნა ჟურნალის სამეცნიერო საბჭო, რომლის თავმჯდომარე იყო კ. სალია. მასში შედიოდნენ: ი. ასფალგი (მიუნხენი), ჟ. გარიტი (ლუვენი), ფ. გრაფენი (პარიზი), ლ. ლაფონი (ბორდო), ჟ. მოლიტორი (ჰამბურგი), დ. ლენგი (ლონდონი), ი. მელიქოვი (სტრასბურგი), შ. მერსიე (პარიზი), ბ. უტიე (საბლე-სიურსართი), კ. პარი (პარიზი), გ. პეჩი (იენი), კ. პ. შმიდტი (ბონი), მ. ვან ესბროკი (ბრიუსელი), პ. ფოგტი (ოსლო), ჟ. დიუმეზილი (პარიზი), რ. სტივენსონი (ლონდონი), ნ. წერეთელი, ი. გრიმო, ნ. ტიერი, ბ. მარტენ-იზარი.

1974 წელს, დაარსების 25 წლისთავთან დაკავშირებით, ჟურნალის XXXII ნომერში დაიბეჭდა ახალ (1957-1974) და ძველ (1948-1964) სერიებში გამოქვეყნებული მასალის ჩამონათვალი. ჟურნალი გარდა სამეცნიერო სტატიებისა, აქვეყნებდა კონგრესებისა და გამოფენების ანგარიშებს, მოგზაურობის შთაბეჭდილებებს, ნეკროლოგებს, მასალას საქართველოს შესახებ, აგრეთვე ქართულ ან რუსულ ენებზე გამოქვეყნებული ნაშრომების რეზიუმეებს. ჟურნალის ძირითადი ავტორები იყვნენ ზემოთ ჩამოთვლილი ცნობილი მეცნიერები. 1961 წლიდან მათ შეუერთდნენ ქართველი მეცნიერები – ვ. ბერიძე, კ. კეკელიძე, ა. შანიძე, ა. ჩიქობავა, ნ. ჩუბინაშვილი, შ. ამირანაშვილი, ე. მეტრეველი, ა. მაგომედოვი და სხვ. 1976 წლიდან ჟურნალი ქართველოლოგიური ნაშრომების პარალელურად აქვეყნებდა სტატიებს აზერბაიჯანისა და ჩრდილოეთ კავკასიის შესახებ.

ბედი ქართლისამ 1984 წელს არსებობა შეწყვიტა XLIII ნომრით. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უცხოეთში ქართული მეცნიერების და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.

ც. ბიბილეიშვილი


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები