ბეზარაშვილი მალხაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მალხაზ ბეზარაშვილი

ბეზარაშვილი მალხაზ – (1962 – 1991), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ გურჯაანში (გურჯაანი), 1979 წელს დაამთავრა გურჯაანის რკინიგზის სკოლა, 1985 წელს კი – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, ამავე პერიოდში დაწერა თავისი პირველი წიგნი „მგლური წყურვილი“, შემდეგ გამოიცა მისი სხვა წიგნებიც: „ცისკრის დედანი“, „ყინულის ეტლი“, „სულის ძახილი“, „თქვენით დაბრუნებული ბავშვობა“. სწავლის პარალელურად იგი აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ეწეოდა, 19 წლის ასაკში ჩაება ეროვნულ მოძრაობაში, იყო „ჰელსინკის კავშირის“ წევრი. 28 წლის მალხაზ ბეზარაშვილი 1991 წლის 28 თებერვალს, თბილისში, კაკაბაძის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან მოკლეს.


* * *
თვალი მივაპყარ
ბუხრის ცეცხლიდან ავარდნილ ალებს
და საქართველოს გავხედე უტყვად.
ჰეი, გიორგი! –
იქნებ ჩვენს მეტი დღეს ეგეთ მზერას
არვინ აკარებს?! –
ეგ სიკვდილია, ნუ დამაჯერებ!
რად ჩასთვლემია ჩემს სამშობლოს?!
ფიქრი გორაზე,
კავკასიონზე რად გაყინულა?!
ან სიყვარული რად არ დაქრის, ვითარცა ქარი,
უსაზღვრო მინდვრებს მიკედლებული?!
არა, გიორგი,
ამ მთების იქით მე გზა არა მაქვს,
იგია ჩემი და ნაწამებიც დავეფერები.
ალაზნის ველზე
თუ ვაზის ძირებს არ მივეფერე,
სხვა ნეტარება არ გამაჩნია.
არა, გიორგი,
შეყვარებულის მკერდზე დაფენილ
ლომის ფაფარში
თუ სურნელება არ შევიგრძენი,
იორის ლამში ჩემი თითები თუ არ ჩავყავი,
სად გამოვძებნო სხვა სიყვარული?!
ჰეი, გიორგი! –
წამო, ვეძგეროთ, კართან მოსულან,
დიდგორის ველი ცარიელია!
და თუ ვერ მოვკვდი იმ სიკვდილით,
მე რომ მწყურია, მაშ, მე სიცოცხლე არ გამივლია.
არ ჩამითვალონ, გევედრები, ყველას უთხარი!
არგამართლება ქართველთ ხვედრია...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები