ბეკონი როჯერ
როჯერ ბეკონი – (1214-1294) ინგლისელი ფილოსოფოსი და მეცნიერი, ემპირიული მეცნიერების წინამორბედი როჯერ ბეკონი, შუა საუკუნეების ერთ-ერთი უდიდესი სწავლულია. თავისი ფართე ცოდნის გამო უწოდეს „doctor mirabilis“.
სწავლობდა ოქსფორდში, სადაც გახდა ოქსფორდის სკოლის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი და მოიპოვა ალქიმიკოსისა და ბუნებისმეტყველის მსოფლიო სახელი.
ამ მეცნიერის ბიოგრაფია არაჩვეულებრივად მდიდარია. 1251 წ. შევიდა ფრანცისკიანელი ბერების ორდენში. მაგრამ მისმა ნოვატორულმა მეცნიერულმა შეხედულებებმა, სქოლასტიკურ ავტორიტეტებთან ბრძოლამ, თავდასხმამ გამცემლობაზე, მექრთამეობაზე და სამღვდელოების მორალურ გახრწნაზე იგი ორდენის ხელისუფლებთან კონფლიქტამდე მიიყვანეს. ორდენი ამუხრუჭებდა ბეკონის მეცნიერულ მოღვაწეობას, კრძალავდა ამ მოღვაწეობის შედეგების გავრცელებას. მხოლოდ რომის პაპის კლიმენტი IV საქმეში ჩარევა დაეხმარა თხზულებების გამოქვეყნებაში.
მაგრამ პაპის სიკვდილის შემდეგ ბეკონი კვლავ შერისხეს და პატიმრობა მიუსაჯეს მხოლოდ 14 წლის შემდეგ, სიკვდილამდე ორი წლით ადრე განთავისუფლდა პატიმრობიდან დაუძლურებული მოხუცი მეცნიერი.
ბეკონის შრომები ენციკლოპედიური ხასიათისაა. ისინი მოიცავენ პრობლემებს მათემატიკის, ოპტიკის, „ექსპერიმენტული მეცნიერების“ (ცდების დახმარებით გამოკვლევა), ფიზიოლოგიის, გეოლოგიის, ლინგვისტიკის სფეროებიდან. გაშუქებულია შეხედულებები მეცნიერებისა და თეოლოგიის თანაფარდობაზე, მეცნიერებათა კლასიფიკაციის ცდაზე, ადამიანის გონების ცდომილების თეორიასა და მორალური ფილოსოფიის კონცეფციაზე.
ბეკონი თავის ნაშრომებში ხაზს უსვამდა ემპირიული (ექსპერიმენტალური) ცოდნის მეცნიერული გამოკვლევების დიდ მნიშვნელობას.
გამოდიოდა მეცნიერების რეფორმის პროგრამით, წინადადებას სთავაზობდა დაეყრდნოთ იგი მათემატიკურ დამტკიცებებსა და ექსპერიმენტებზე.
ბეკონმა, სხვათა შორის, დაამუშავა ამოზნექილ ლინზებში სინათლის გარდატეხის თეორია, იწინასწარმეტყველა ლინზების, მიკროსკოპის და ტელესკოპის გამოგონება.
ევროპაში ერთ-ერთმა პირველმა დაწერა მაგნიტურ ნემსებზე, დენთის დამზადებაზე, წინადადება წამოაყენა კალენდრის რეფორმაზე. გაითვალისწინა ბევრი ტექნიკური გამოგონების შესაძლებლობა (როგორიცაა უაფრებო გემი, მფრინავი მანქანა, გადაადგილების მექანიკური საშუალებები).
ბეკონისეული მეცნიერების პროგრამა მათემატიკური არგუმენტაციის და ცდების მეთოდებზე გზას უკაფავდა თანამედროვე აზრებს. ამ პროგრამის გამგრძელებელი აღორძინების ეპოქაში გალილეი იყო.