კოკლენ-უფროსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბენუა კონსტან-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოკლენ უფროსი

კოკლენ უფროსი − (ფრანგ. Benoit-Constant Coquelin, ნამდვილი სახელი ბენუა კონსტან, 1841-1909), ფრანგ მსახიობთა ოჯახის მამამთავარი.

პარიზის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, 1860 წელს შედგა მისი დებიუტი „კომედი ფრანსეზში“ და მიღებულ იქნა დასში „მსახურის“ ამპლუაზე. 1864 წლიდან ხდება „სოსიეტერის“ წევრი. ავტორის სტილის განსაკუთრებულმა შეგრძნებამ, მოღვაწეობის პირველსავე წლებში იგი აქცია უნიკალური თვისებებით დაჯილდოებულ მსახიობად. მაყურებელს ანცვიფრებდა მისი მახვილგონიერება, ტემპერამენტი, გმირის ინდივიდუალური დახასიათების უნარი. იგი შეუდარებელი იყო კომედიურ როლებში და ითამაშა მთელი კლასიკური რეპერტუარი ამ მიმართულებით. მაგრამ სულ მალე გამჟღავნდა მისი პოეტური და დრამატული ნიჭიც. ამ შემთხვევაშიც მან დიდი წარმატებით ითამაშა რომანტიკული გმირები.

1897 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი სათავეში ჩაუდგა „პორტ-სენ-მარტენის“ თეატრს, სადაც განახორციელა უაღრესად მასშტაბური როლები. იგი იყო კლასიცისტური სამსახიობო სკოლის მიმდევარი და უპირატესობას აძლევდა ლოგიკურ-რაციონალისტურ საწყისს და არა გრძნობის სტიქიას. აქედან გამომდინარე, პროფესიულ ინტერესებს იგი აყენებდა ყველა სხვა ინტერესებზე მაღლა. მან დატოვა უაღრესად მნიშვნელოვანი თეორიული მემკვიდრეობა: „ხელოვნება და მსახიობი“, „მსახიობის ხელოვნება“, „მონოლოგის წარმოთქმის ხელოვნება“ (ეს ნაშრომი შექმნილია კოკლენ-უმცროსსთან ერთად) (და სხვ.) ამ ნაშრომებში მოცემულია უაღრესად მნიშვნელოვანი რჩევა-დარიგებანი მსახიობთათვის და ძალზედ ბევრი რამ არის თქმული სამსახიობო ხელოვნების და საერთოდ, სცენის საიდუმლოებათა შესახებ.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები