ბერგი ლევ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევ ბერგი

ლევ ბერგი – (რუს. Берг, Лев Семёнович, დ. 14 მარტი 1876 – გ. 24 დეკემბერი, 1950), რუსი გეოგრაფი და ზოოლოგი.

ცნობილია თავის შუა აზიის – არალის ზღვის, ბალხაშის ტბის და ისიკ-ყულის გამოკვლევებით. მას ეკუთვნის შრომები ლიოსის წარმოშობისა ღა კლიმატის რყევის შესახებ გამყინვარების პერიოდის შემდეგ. ბერგის მნიშვნელოვანი შრომებია:
1) „არალის ზღვა“ (1908 წ.);
2) „ბესარაბია" (1918 წ.);
3) „კლიმატი და სიცოცხლე“ (1922);
4) „კამჩატკის აღმოჩენა და ბერინგის ექსპედიცია“ (1924 წ.);
5)„რუსეთის გეოგრაფიული მეცნიერების ისტორიის მიმოხილვა“ (1923);
6) „კლიმატოლოგიის საფუძვლები“ (1938 წ.);
7) „სსრკ-ის ბუნება“ (1938 წ.); ვ) „სსრკ-ის ლანდშაფტურ-გეოგრაფიული ზონები", ნაწ. I (1931 წ.) და სხვ.

გარდა ამისა, ლ. ს. ბერგს ეკუთვნის მეთოდოლოგიური და მეთოდური ხასიათის შრომები, რომელშიაც ის გამოთქვამს თავის შეხედულებებს გეოგრაფიული მეცნიერების შინაარსზე, მის საგანზე და ამოცანებზე; ასეთი შრომების რიცხვს ეკუთვნის მისი წერილები:
1) „გეოგრაფია და მისი ადგილი სხვა მეცნიერებათა შორის“ (1925 წ)
2) „მეცნიერება, მისი მნიშვნელობა, შინაარსი და კლასიფიკაცია“ (1922 წ).

ბერგის მიხედვით გეოგრაფია არის ქოროლოგიური მეცნიერება (ბერძნული χόρος - ადგილი); ის არ არკვევს მის მიერ შესაცნობელი საგნებისა და მოვლენების არსს ან ფორმას, მას აინტერესებს მათი განაწილება სივრცეში და მათი ურთიერთკავშირი. გეოგრაფიის საგანს წარმოადგენს, როგორც ბუნებრივი, ისე კულტურული ლანდშაფტის შესწავლა. ბუნებრივი ლანდშაფტი არის ის ოლქი, რომელშიაც რელიეფის, კლიმატის, მცენარეთა და ნიადაგთა საფარის ხასიათი ერთდებიან ერთიან ჰარმონიულ მთლიანობაში, რომელიც ტიპიურად მეორდება დედამიწის განსაზღვრული ზონის მანძილზე, კულტურული ლანდშაფტი – კი ეს ისეთი ლანდშაფტია, რომლის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადამიანმა; ასეთია, მაგალითად, ადამიანთა დასახლებული ადგილები. ის, რასაც გულისხმობენ ფიზიკური გეოგრაფიის სახელწოდების ქვეშ, შეადგენს სრულიად განსაკუთრებულ მეცნიერებათა კომპლექსს: გეომორფოლოგიის, ჰიდროლოგიის და მეტეოროლოგიისა, რომელთა ცოდნა აუცილებლად საჭიროა გეოგრაფისათვის. მეცნიერული ქვეყანათმცოდნეობა შეუძლებელია არსებობდეს რუკის გარეშე, ვინაიდან ქვეყნებისა ან ლანდშაფტების შესწავლა მოითხოვს უპირველეს ყოვლისა საზღვრების აღნიშვნას. ამიტომ კარტოგრაფია უშუალოდ დაკავშირებულია ქვეყანათმცოდნეობასთან ან იმავე გეოგრაფიასთან. ტერმინები გეოგრაფია, დედამიწისმცოდნეობა და ქვეყანათმცოდნეობა… სინონიმებს წარმოადგენენ.

ზოოლოგიის დარგში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბერგის შრომებს იხტიოლოგიაში. მისი თეორია ცოცხალ არსებათა ევოლუციის შესახებ („ნომოგენეზისი“) მკაცრად იქნა გაკრიტიკებული რუსეთის გამოჩენილ ბიოლოგ-დარვინისტებისა და მარქსისტების მიერ.


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები