კარტოგრაფია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარტოგრაფია – (cartography, mapping science), უძველესი მეცნიერება, როგორც ფილოსოფია, მათემატიკა, ასტრონომია, გეოგრაფია. ძველ დროში კარტოგრაფია გეოგრაფიის წიაღში ვითარდებოდა. ბერძენმა მეცნიერმა კლავდიოს პტოლემემ (ახ. წ. .II ს.) დაამუშავა კარტოგრაფიული პროექციების თეორია და განსაზღვრა 8 000 პუნქტის კოორდინატი. მის ნაშრომში, „გეოგრაფიის სახელმძღვანელო“, სადაც მოცემულია მსოფლიოსა და მისი ნაწილების რუკები, ნათქვამია, რომ გეოგრაფია არის დედამიწის ცნობილი ნაწილის ხაზობრივი გამოსახულება. ტერმინი „კარტოგრაფია“ პირველად იქნა მოხსენიებული 1840 წელს „გეოგრაფიული საზოგადოების ბიულეტენის“ ფრანგულ გამოცემაში. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან გეოგრაფიისა და კარტოგრაფიის განსხვავებული ინტერესების გამო კარტოგრაფია გამოეყო გეოგრაფიას და XX საუკუნიდან განიხილება როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება გეოგრაფიასთან კავშირში.

თანამედროვე გაგებით კარტოგრაფია განსაზღვრულია როგორც მეცნიერების, ტექნიკისა და წარმოების დარგი, რომელიც მოიცავს რუკებისა და სხვა სახის კარტოგრაფიული ნაწარმოებების შექმნას, შესწავლას და გამოყენებას (გაერო, კარტოგრაფიული ტერმინების სტანდარტი).

1. კარტოგრაფია, როგორც მეცნიერების დარგი, შეიმეცნებს ობიექტური რეალობის საგნებისა და მოვლენების კონკრეტულ სივრცეს მისი დროის მიხედვით ცვალებადობაში და ასახავს სპეციფიკური სახვითი საშუალებებით – რუკის ენით (ა. ასლანიკაშვილი). მას აქვს თეორიული და პრაქტიკული ნაწილები. თეორიული იყოფა შემდეგ დისციპლინებად: კარტოგრაფიის ზოგადი თეორია, მათემატიკური კარტოგრაფია, კარტომეტრია, რუკების შედგენა, გაფორმება და რედაქტირება, კარტოგრაფიული სემიოტიკა, რუკების გამოცემა, რუკების გამოყენება, კარტოგრაფიული წარმოების ეკონომიკა (მენეჯმენტი), კარტოგრაფიული წყაროთმცოდნეობა, კარტოგრაფიული ბიბლიოგრაფია, კარტოგრაფიული ინფორმატიკა, კარტოგრაფიული ტოპონიმიკა და სხვ. არსებობს: მოდელურ-შემეცნებითი, ენობრივი, კომუნიკაციური, გეოინფორმაციული კონცეფციები კარტოგრაფიის შესახებ. პრაქტიკული იყოფა გეოგრაფიულ კარტოგრაფიად და ასტრონომიულ კარტოგრაფიად.

კარტოგრაფიის კავშირი სხვა დარგებთან

2. კარტოგრაფია, როგორც ტექნიკის დარგი, ამუშავებს რუკებისა და სხვა კარტოგრაფიული გამოსახულებების შექმნისა და გამოყენების ტექნიკურ ხერხებს;

3. კარტოგრაფია, როგორც წარმოების დარგი, უზრუნველყოფს რუკების, ატლასებისა და სხვა კარტოგრაფიული გამოსახულებების გამოცემას.

XX საუკუნის პირველ ნახევარში კარტოგრაფიისა და არაგეოგრაფიული მეცნიერებების ინტეგრაციის შედეგად ჩამოყალიბდა ასტრონომიული, ისტორიული, სამედიცინო, გეოლოგიური კარტოგრაფიები. ინტეგრაცია მოხდა იმ დარგებთან, რომლებიც თავისი კვლევის საგნის სივრცით თავისებურებებს კარტოგრაფიული მეთოდით იკვლევენ.

ყველაზე თანამედროვე განსაზღვრებით კარტოგრაფია არის მეცნიერული დისციპლინებისა და ტექნიკური დარგების სისტემა, რომელიც სივრცით ინფორმაციას ავრცელებს რუკის ანუ გრაფიკული მოდელის მეშვეობით. დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კარტოგრაფია უახლოვდება გეოდეზიას, ფოტოგრამმეტრიას და დისტანციურ ზონდირებას, მაგრამ მის სუვერენიტეტს საფრთხე არ ემუქრება, რადგან რუკა იყო და დარჩება ადამიანის თვალის მიერ სინამდვილის აღქმის შეუცვლელ საშუალებად. იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო აფინანსებს კარტოგრაფიულ განათლებას და ამზადებს კვალიფიციურ კადრებს, კარტოგრაფიას აქვს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.


იხილე აგრეთვე

კარტოგრაფიული კონცეფციები

წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები