გეოგრაფია
გეოგრაფია – (geography), მეცნიერება (მეცნიერებათა სისტემა),რომელიც შეისწავლის დედამიწის გეოგრაფიულ გარსს, გამოავლენს მის სივრცე – დროით კანონზომიერებებს.
გეოგრაფიული მეცნიერების კვლევის ობიექტებია: ლითოსფერო, ატმოსფერო, ჰიდროსფერო, პედოსფერო, ბიოსფერო და ნოოსფერო (ბიოსფეროს განვითარების უმაღლესი სტადია). „ნოოსფეროს“ ცნება ეკუთვნის მათემატიკოს ე. ლერუას (1870-1954), რომელმაც მას „მოაზროვნე“ გარსი უწოდა. გეოგრაფიის განსაზღვრებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია პ. შარდენის და ვ. ვერნადსკის (1863-1945) იდეები. გეოგრაფია უძველეს მეცნიერებათა შორის განიხილება, როგორიცაა ფილოსოფია, მათემატიკა, ასტრონომია. მისი საფუძვლები ელინისტურ ეპოქაშია.
კვლევის ობიექტის სირთულისა და მრავალფეროვნების გამო გეოგრაფიაში გამოყოფენ საბუნებისმეტყველო (ფიზიკურ-გეოგრაფიულ) და საზოგადოებრივ (სოციალურ-ეკონომიკურ) გეოგრაფიულ მეცნიერებებს, აგრეთვე გეოგრაფიულ კარტოგრაფიას. ბერძენი მეცნიერი კლავდიოს პტოლემე (ახ.წ-ის II ს.) გეოგრაფიას აიგივებდა კარტოგრაფიასთან. კარტოგრაფია მჭიდრო კავშირშია გეოგრაფიის ყველა დარგთან, აერთიანებს მათ. თანამედროვე გეოგრაფიას საფუძველი ჩაუყარეს გერმანელმა მეცნიერებმა ალექსანდრე ჰუმბოლტმა და კარლ რიტერმა.