გეოგრაფიული კარტოგრაფია
გეოგრაფიული კარტოგრაფია – (geographical cartography), კარტოგრაფიის დარგი, რომელიც გეოგრაფიული გარსის საგნებისა და მოვლენების სივრცით ურთიერთკავშირებს შეიმეცნებს და ასახავს სპეციფიკური ნიშნობრივი სისტემით – რუკის ენით. გეოგრაფიული კარტოგრაფია ობიექტურ რეალობას განიხილავს ხილულად დაკვირვებადი (ხილვადი) და ხილულად დაუკვირვებადი (უხილავი) სახით. მათი შემეცნება ხდება ორი დარგით, ესენია: ზოგადგეოგრაფიული კარტოგრაფია და თემატური კარტოგრაფია.
ზოგადგეოგრაფიული კარტოგრაფია ხილვადი ობიექტების (რელიეფის ფორმები, წყლის ობიექტები, მცენარეები, დასახლებული პუნქტები, გზები) შემეცნება-ასახვას ახდენს საკუთარი მეთოდებით. თემატური კარტოგრაფია ობიექტური რეალობის მოვლენების უხილავი მხარეების (ჰავის ტიპები, ნიადაგის ქიმიური შედგენილობა, რელიეფის ეკზოდინამიკური პროცესების სიმძლავრე, მოსახლეობის მიგრაცია, მეურნეობის დარგების განლაგება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა და სხვ.) შემეცნება-ასახვას ახდენს სპეციალური მეცნიერებებისა და კარტოგრაფიის მიჯნაზე ჩამოყალიბული დისციპლინებით, როგორებიცაა: გეომორფოლოგიური, კლიმატური, ნიადაგების, ბიოგეოგრაფიული, მოსახლეობის, მრეწველობის, ტრანსპორტის, ტურიზმის და სხვა კარტოგრაფიები.
გეოგრაფიული კარტოგრაფია კავშირშია გეოგრაფიული მეცნიერების ყველა დარგთან და მათი სისტემური ერთიანობის საფუძველს წარმოადგენს.