ბეტონის ნარევის შემკვრივება
ბეტონის ნარევის შემკვრივება – ჩაწყობილი ბეტონისათვის საჭირო ფორმის მიცემის პროცესი. მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების წარმოებაში, რადგან შეუმკვრივება მკვეთრად ამცირებს ბეტონის სიმტკიცეს. ბეტონის ნარევის შემკვრივების მეთოდებიდან ყველაზე მეტადაა გავრცელებული ვიბრირება. ქარხანაში ნაკეთობის ფორმირება ხდება სპეციალურ ვიბრომოედანზე, მონოლითური ბეტონის კონსტრუქციაში შემკვრივება კი ხდება უშუალოდ სამშენებლო ობიექტზე სიღრმითი (ძვრადი ბეტონის ნარევი) ან ზედაპირული ვიბრატორებით. ხისტი ნარევის შესამკვრივებლად გამოიყენება მიტვირთვა, ვიბროწნეხა და ვიბროშტამპვა. მილების დასაყალიბებლად ხშირად მიმართავენ ცენტრიფუგირებას. ცნობილია ბეტონის ნარევის შემკვრივების სხვა მეთოდებიც, თუმცა მოთხოვნა ყველასათვის ერთნაირია – მათ უნდა უზრუნველყონ ბეტონის ნარევის შემკვრივების სათანადო ხარისხი. ჩვეულებრივი მძიმე ბეტონის შემკვრივების კოეფიციენტი, ე.ი. რეალური სიმკვრივის ფარდობა საანგარიშოსთან, უნდა იყოს არანაკლებ 0,98 და უახლოვდებოდეს ერთს. მაღალი და რთული კონფიგურაციის ნაკეთობების შემკვრივებისათვის გამოიყენება ვიბრირების დარტყმითი მეთოდი (ბეტონის ნარევით შევსებული ლითონის ყალიბის აწევა და დაცემა მცირე სიმაღლიდან). არსებობს ბეტონის ნარევის შემკვრივების არავიბრაციული მეთოდები, როგორიცაა: ჩამოსხმა (მაღალი ძვრადობის ბეტონებისათვის), ჩატკეპნა (დაბალი წყალშემცველობისა და დაბალი წყალცემენტის ფარდობის მქონე ბეტონებისათვის), ცენტრიფუგვა (მილებისათვის) და სხვ.