მონოლითური ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მონოლითური ბეტონის ლენტური საძირკველი

მონოლითური ბეტონიბეტონის კონსტრუქცია, რომელიც მზადდება უშუალოდ მისი განლაგების ადგილზე. ის შეიცავს: ყალიბის დამზადებას, რომელიც სივრცეში ქმნის მომავალი კონსტრუქციის მოხაზულობას, არმატურის ჩაწყობას, კონსტრუქციის დაბეტონებასა და გამაგრებადი ბეტონის მოვლას.

მონოლითური ბეტონი და რკინაბრტონი, როგორც წესი, ეკონომიურია, განსაკუთრებით შენობისა და ნაგებობის მიწისქვეშა ნაწილში, მასიური კედლის კონსტრუქციაში, საგზაო და ჰიდროტექნიკურ მშენებლობაში. ის ხელსაყრელია საქართველოში – სეისმურ რეგიონში, რადგან მონოლითურ-კარკასული მშენებლობა გაცილებით სეისმომედეგია, ვიდრე ასაწყობი. მონოლითური მშენებლობა არქიტექტორ-მშენებელს აძლევს დიდ შემოქმედებით თავისუფლებას დააპროექტოს და ააშენოს ორიგინალური ფორმის შენობა-ნაგებობა. ყალიბი შეიძლება იყოს მერქნის (ფიცრის, ფანერის), ლითონის, პოლიმერსაფარიანი მერქნის, რკინაბეტონის. ზოგჯერ ყალიბად გამოიყენება რკინაბეტონის ფილა, რომელიც შემდეგ ხდება მონოლითური კონსტრუქციის ნაწილი. არმატურა ეწყობა პროექტის შესაბამისად. მის შესაერთებლად გამოიყენება შედუღება. რიგ შემთხვევაში იხმარება წინასწარ დამზადებული არმატურის კარკასი. საპასუხისმგებლო კონსტრუქციაში იყენებენ ე.წ. ხისტ არმატურას – კუთხოვანის, შველერის, ორტესებრის და სხვ. სპეციალური ნაგლინის სახით. ხშირ შემთხვევაში არმატურის კარკასი იკვრება წვრილი სანასკვი მავთულის საშუალებით. დიდი ნაკეთობის ან კონსტრუქციის დაბეტონება ხდება ცალკეულ ბლოკებად, მათ შორის სამუშაო ნაკერების მოწყობით. ბლოკი დაბეტონდება უწყვეტად, ამ შემთხვევაში ბეტონის ყოველი მომდევნო ულუფა ეწყობა და შემკვრივდება მანამ, სანამ შეიკვრება წინა ჩაწყობილი ბეტონი. ბეტონის ნარევი მზადდება ბეტონამრევ კვანძში ან ქარხანაში და მიაქვთ ჩაწყობის ადგილზე.

ბეტონის ნარევის ტრანსპორტირება, ჩაწყობა და შემდგომი მოვლა განსაზღვრავს ბეტონის ხარისხს, სამშენებლო-ტექნიკურ თვისებებს და კონსტრუქციის ხანმედეგობას. ბეტონის ნარევის ტრანსპორტირება ხორციელდება ღარების დახმარებით, ტრანსპორტიორებით, ბადიებით, ვაგონეტებით, ავტოთვითმცლელებით, ავტობეტონსარევებით და მილსატუმბით. ღარებით, ტრანსპორტიორებით და მილსადენებით ბეტონის ნარევის გადატანა შესაძლებელია მცირე მანძილზე. დიდ მანძილზე ნარევის გადასატანად გამოიყენება ბადიები და ავტომანქანები. ბადიის ტრანსპორტირება ხორციელდება რკინიგზის პლატფორმით, ავტომანქანით, ამწით ან ამ საშუალებების კომბინაციით.

ჩვეულებრივ პირობებში ბეტონის ნარევი კომპაქტურად ეწყობა და შემკვრივდება სიღრმული ან ზედაპირული ვიბრატორის დახმარებით. ვიბრაციის გამოყენებით მიიღება უკეთესი ზედაპირის ბეტონი და მტკიცე სამუშაო ნაკერი. ახალჩაწყობილ ბეტონს იცავენ გამაგრების ადრეულ სტადიაზე ტენიანობის დაკარგვისაგან და ინახავენ იმ ტემპერატურაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ცემენტის ჰიდრატაციას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები