ბიბლეიზმები
ბიბლეიზმები – ამა თუ იმ ენაში შესული და დამკვიდრებული ბიბლიური სიტყვები ან გამოთქმები. მათ ზოგჯერ ლიტერატურულ იდიომებსაც უწოდებენ. მაგ., „აბრაამის ბატკანი“ (უდანაშაულო, უბრალო); „ბაბილონის გოდოლი“ (ითქმის, როცა ყველა და ყველაფერი არეულია, ერთმანეთისა არაფერი გაეგებათ); „გოლგოთა“ (მძიმე, ძნელი გზა, წამების ადგილი, დაუსრულებელი ტანჯვა); „გოგი-მაგოგი“ (მრავალნი, ძლიერნი, ქვეყნის დამპყრობნი, მომსერელნი) „განტევების ვაცი“ (სხვათა ბრალთა მტვირთველი, ვისაც სხვის მაგიერ პასუხისმგებლობას აკისრებენ); „ედემი“ (განცხრომის ადგილი); „იობის მოთმინება“ (უსაზღვრო მოთმინება, სულგრძელობა); „იერიქონის საყვირი“ (ყურთასმენის წამღები ყვირილი, ღრიალი; „იუდას ამბორი“ (ღალატი, გამცემლობა, ორგულობა; „კაენის ცოდვა“ (ბოროტება, ძმის მკვლელობა, გულქვაობა); „ნოეს კიდობანი“ (დიდი ტევადობისა, უზარმაზარი); „ნოეს მტრედი” (იმედის მომნიჭებელი, სიხარულის მაცნე); „სოდომ-გომორი“ (სრული არეულობა, უწესობა, უზნეო ცხოვრება); „უძღები შვილი“ (კაცი, რომელიც არავის ემორჩილება); „ურწმუნო თომა” (ვინც ადვილად არავის არაფერს დაუჯერებს); „ფარისეველი“ (პირმოთნე, მლიქვნელი, მოჩვენებითი ქველმოქმედი); „ციური მანანა“ (შიმშილობისა და ნაკლებობის დროს მოულოდნელად საიდანმე გაჩენილი საზრდო; უხვი და იაფი მოწყალება; „მარგალიტის დაყრა ღორთათვის“ (უღირსისათვის შეუფერებელი პატივის მიგება); „ხელების დაბანა“ (ბრალის თავიდან აცილება) და სხვ.
ი. ქერქაძე