ბირმინგემის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბირმინგემის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები – ბირმინგემში დაცული ქართული ხელნაწერები წარმოადგენს ალფონს მინგანას ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის (1924-1925 სირია-ქურთისტანი და 1929 ეგვიპტე – სინის მთა) დროს შეძენილი აღმოსავლური ხელნაწერების ნაწილს. მინგანას კოლექციის ქრისტიანული არაბული და სირიული ხელნაწერების ნაწილს აქვს მინგანასეული მინაწერები, რომლებიც ცხადყოფს, რომ აღნიშნული ერთეულები სინური წარმომავლობისაა. არაბულმა ხელნაწერებმა წმ. ეკატერინეს მონასტერი 1893 წელზე ადრე დატოვეს (Garitte 1960: 240).

რაც შეეხება ქართულ ფურცლებს, სავარაუდოდ, ისინი ალფონს მინგანას უნდა შეეძინა ალექსანდრიაში, რადგანაც ბრიტანეთის მუზეუმში დაცულ ორ ერთეულზე სწორედ ამ შინაარსის შენიშვნაა დართული. როგორც ჩანს, აღნიშნულ ეპოქაში აღმოსავლური ხელნაწერი სიძველეების ერთ-ერთი უმთავრესი ბაზარი სწორედ ალექსანდრია იყო. მინგანას კოლექციის ქართული ხელნაწერი ფურცლები სინური წარმომავლობისაა, მათგან ერთი – Mingana.Geo.2 1883 წელს ჯერ კიდევ მონასტერში იყო, მაგრამ 1902 წელს იქ აღარ ინახებოდა. Mingana.Geo.1 და Mingana.Geo.3 წმ. ეკატერინეს მონასტრიდან 1883 წლამდე გამოიტანეს. თუ რა გზა გაიარა 8 ფრაგმენტმა მონასტრიდან გატანის შემდგომ მინგანას კოლექციაში მოხვედრამდე უცნობია. Selly Oac-ში ქართული ხელნაწერების არსებობა 1954 წლამდე უცნობი იყო. 1935 წელს ჟურნალ Georgica-ში გრ. ფერაძემ გამოაქვეყნა ნაშრომი ბრიტანეთში დაცულ ქართულ ხელნაწერებზე, რომელშიც აღნიშნა, რომ Selly Oak-ში სტუმრობისას მას ქართული ხელნაწერები არ უნახავს. 1954 წელს ლონდონის School of Oriental and African Studies-ს ბიბლიოთეკარმა ჯ. პირსონმა თავის წიგნში მიუთითა, რომ Selly Oak-ში ქართული ხელნაწერების 8 ფრაგმენტი იყო დაცული (Pearson 1954: 43). სწორედ ამ პუბლიკაციის შემდგომ ბირმინგემის ქართული ფრაგმენტებით დაინტერსდა ცნობილი ბელგიელი ორიენტალისტი, ქართული მწერლობის უდიდესი მცოდნე ჟერარ გარიტი. მან 1960 წელს გამოაქვეყნა მინგანას კოლექციაში დაცული ამ ხელნაწერი ფურცლების აღწერილობა (Garitte 1960: 239-259). წინამდებარე გამოცემაში ბირმინგემის ხელნაწერთა შესახებ პალეოგრაფიულ-კოდიკოლოგიური მონაცები შედგენილია სწორედ დასახელებული აღწერილობისა საფუძველზე, შევსებულია არსებული და მიმდინარე კვლევების გათვალისწინებით (Garitte 1963: 1-21; გარიტი 1973: 170-183).

სარჩევი

Mingana. Geo. 1. კურთხევანი.

X ს. 1 ფ.; ეტრატი; 18×13 სმ.; ნუსხური, სათაურები სინგურით. კურთხევანის ერთ-ერთი ადრეული რედაქციის ფრაგმენტი. როგორც დაადგინა ჟ. გარიტმა, ფურცელი წარმოადგენს Sin.Geo.O.66-ის ნაწილს. მთლიანი ხელნაწერი აღწერა ა. ცაგარელმა №37 (Цагарели 1888: 212). წიგნი შედგებოდა 137 ფურცლისაგან. 1902 წელს ნ. მარმა 133 ფურცელი ნახა (Марр1940: 152-162). ჟ. გარიტი ხელნაწერს უწოდებს ლოცვანს, მაგრამ Sin.Geo.O.66- ის პირველი ნაწილი, რომლის ფრაგმენტიცაა ბირმინგემის კოლექციის ეს ფურცელი, წარმოადგენს სინურ-პალესტინური წრიდან გამოსული კურთხევანის ერთ-ერთ ადრეულ რედაქციას, ნასწორებს იოვანე-ზოსიმეს მიერ. იგი განსხვავდება სინური კოლექციის ადრეული რედაქციის სხვა კურთხევანებისგან (კეკელიძე 1980: 584; აღწერილობა, 1987: 70-72; აღმოჩენები 2005: 286).

Mingana. Geo. 2. ეფრემ ასურის ჰომილია. IX-X

სს. 1ფ.; ეტრატი; 24,5×19,8 სმ.; ასომთავრული. ფრაგმენტი არის Sin.Geo.O.97 ნაწილი. შესაბამისად, იგი არის ეფრემ ასურის ერთ-ერთი ადრეული ქართული თარგმანი. საბაწმინდური წარმომავლობის ამ ფრაგმენტსა და მის შემცველ ხელნაწერში შესული ეფრემ ასურის ჰომილიების იდენტური ბერძნული დედნები ამჟამად უცნობია, რაც ამ თარგმანებისა და მათი შესატყვისი ბერძნული რედაქციების არქაულობაზე მეტყველებს. 1883 წელს ხელნაწერი ნახა ა. ცაგარელმა (Цагарели 1888: 231,№78), მაგრამ 1902 წელს ივ. ჯავახიშვილის მიერ ხელნაწერის აღწერის დროისათვის ფურცელი უკვე დაკარგული იყო (ჯავახიშვილი 1947: 137-138). Mingana. Geo. 2 მნიშვნელოვანია იმითაც, რომ შეიცავს Sin.Geo.O.97-ის ანდერძს, რომელიც გამოაქვეყნეს ჯერ ა. ცაგარელმა, შემდგომ ჟ. გარიტმა (Цагарели 1888: 231, №78; Garitte 1960: 245). ფრაგმენტის verso-ზე არის არაბული მინაწერი დიაკრიტიკული ნიშნების გარეშე. მოგვაქვს ანდერძის ფრაგმენტი: „სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა და მეოჴებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და წმიდისა მამისა ჩუენისა საბაჲსითა და ყოველთა წმიდათა მამათაჲთა ღირს ვიქმენ მე, გლახაკი და ცოდვილი გიორგი ტყელელი, დაწერად წმიდასა ამას წიგნსა მამისა ჩუენისა ეფრემისსა ლავრასა შინა დიდსა მამისა ჩუენისა საბაჲსსა... „

Mingana. Geo. 3. მაკარი მეგვიპელი. პირველი ეპისტოლე.

X ს. 1ფ.; ეტრატი; 14,5×11 სმ.; ნუსხური. ფრაგმენტი Sin. Geo.O.25-ის ნაწილია. აღნიშნული სინური ხელნაწერი დღეს 213 ფურცელს ითვლის, იმდენივეს, რამდენიც ა. ცაგარელმა ნახა 1883 წელს (ცაგარელი1888: 228, №74). მაშასადამე, Mingana. Geo. 3 სინური ხელნაწერიდან 1883 წლამდე უნდა იყოს ამოღებული. ვინაიდან Sin.Geo.O.25 თავნაკლული ხელნაწერია, ტექსტის იდენტიფიკაციის მიზნით ჟ. გარიტმა შეადარა მინგანას ფრაგმენტი მაკარი მეგვიპტელის პირველი ეპისტოლის შემცველი Sin.Geo.O.35-ის ტექსტს. ამგვარმა შედარებამ მკვლევარს მისცა საშუალება დაედგინა ზემოთ დასახელებულ 2 სინური ნუსხასთან მინგანას ფრაგმენტის კავშირი. გაირკვა, რომ Sin.Geo.O.25-ის საწყის ფურცელსა და Mingana. Geo. 3 შორის 9-ფურცლიანი შუალედია.მინგანას ფრაგმენტის ტექსტი ლათინური თარგმანის თანხლებით გამოქვეყნებულია(Garitte 1960: 247-249).მაკარი მეგვიპტელის თხზულებათა ქართული თარგმანების რედაქციული თავისებურებები Sin.Geo.O.25-ის გათვალისწინებით შესწავლილი და გამოცემულია (ნინუა 1982).

Mingana. Geo. 4. ალექსანდრე კვიპრელი. ჯვრის პოვნის საკითხავი.

986 წ. 1ფ.; ეტრატი; 15,2×12 სმ.; ნუსხური. ბირმინგემის ქართული ხელნაწერების კატალოგის შედგენის დროს, მართალია, ჟ. გარიტმა ვერ დაადგინა ფრაგმენტის რაობა, მაგრამ აღნიშნა, რომ სინური წარმოშობის ეს ფურცელი დაკარგული ხელნაწერის ნაწილი უნდა ყოფილიყო და სრულად გამოაქვეყნა მისი ტექსტი, რამაც, უდავოდ, დიდი როლი შეასრულა ფრაგმენტის რაობის შემდეგდროინდელ დადგენაში (Garitte 1960: 249-250). ეს კი შესაძლებელი სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ე.წ. ახალი კოლექციის ქართული ხელნაწერების კატალოგიზაციის დროს. Sin.Geo.N.20-ის კვლევისა და აღწერისას მ. შანიძემ არა მხოლოდ დაადგინა აღსაწერი ხელნაწერის თარიღი და რაობა, არამედ გამოავლინა მსოფლიოში გაფანტული მისი ყველა ნაწილიც. სწორედ მის მიერ ზუსტად განისაზღვრა ბირმინგემის ამ ფრაგმენტის რაობა და ძირითადი ნუსხა, რომლის შემავსებელ ნაწილსაც წარმოადგენს Mingana. Geo. 4 (შანიძე 1999: 113-126; აღმოჩენები 2005: 266-267). გაირკვა, რომ ფურცელი ამჟამად პრინსტონში დაცული ხელნაწერის Garrett MS. 24-ის ნაწილია. ფრაგმენტი იოანე-ზოსიმეს ავტოგრაფია. მასზე გადაწერილია ალექსანდრე კვიპრელის ჯვრის პოვნის საკითხავი. დაწვრილებით ამ თხზულებისა და მისი შემავსებელი ხელნაწერების შესახებ იხ. პრინსტონის ხელნაწერები, Garrett MS. 24.

Mingana. Geo. 5. პასქალია.

X ს. 1ფ.; ეტრატი; 19,2×15,5 სმ.; ნუსხური; 11 სტრიქონი + 3 სტრიქონი სხვა ხელით არის ნაწერი + 2 სტრიქონი არაბულად. 1-11 სტრიქონები არის X ს-ის იერუსალიმური ტრადიციის ლიტურგიკული კრებულის Sin.Geo.O.12 301v -ს გაგრძელება. მინგანას კოლექციის ამ ფურცლისა და სინური ხელნაწერის ზომები იდენტურია. ბირმინგემის პასქალიის ფრაგმენტზე იკითხება იოვანე-ზოსიმეს განმარტებითი მინაწერი. ტექსტი ნაწერია მხოლოდ Recto-ზე; დასაწყისია: „ნოემბერი ლ დღე, საძიებელი გ; დეკემბერი ლა დღის საძიებელი ე. თუ გინდეს ცნობაჲ დღისაჲ, იპყრენ დღენი თუისანი და დაორთე (!)“. ფრაგმენტის Verso დაუწერელია, რას ნიშნავს იმას, რომ ბირმინგემის ფრაგმენტი Sin.Geo.O.12-ის ბოლო ფურცელია, პასქალიის ტექსტი სინური ნუსხის მიხედვით გამოქვეყნებულია (ჯავახიშვილი 1947: 32). სინური კოლექციის არაერთ ხელნაწერს ახლავს პასქალური ცნობები, მაგრამ განსხვავებული რედაქციისა. მინგანას ფრაგმენტთან რედაქციულად ახლო მდგომი ტექსტი ფონ ტიშენდორფის მიერ რუსეთის საიმპერატორო, ამჟამად ეროვნული ბიბლიოთეკისთვის გადაცემული X ს-ის ქართული ფრაგმენტის მიხედვით გამოაქვეყნა მ. ბროსემ (Brosset 1868 (a): 1-20)

Mingana. Geo. 6. წმინდა კვირიაკეთა საცისკრო სახარება.

977 წ. 1 ფ.; ეტრატი; 14,5×12 სმ.; მსხვილი მთავრული. მინგანას ეს ფრაგმენტი ნაწილია სინური კოლექციის კვირის საცისკრო სახარებათა საკითხავების კრებულ Sin.Geo.O.47-ისა, VII რვეულის მე-3 ფურცელია (Sin.Geo.O.47 ხელნაწერის 48 და 49 ფურცლებს შორის). მასზე გადაწერილია მარკოზის 16, 12-14 მუხლები. ძირითადი სინური ხელნაწერის გადამწერია იოვანე-ზოსიმე (აღწერილობა 1987: 47-55).

Mingana. Geo. 7. იოვანე-ზოსიმეს ანდერძი.

ავტოგრაფი. 983 წ. პალიმფსესტი. 1 ფ.; ეტრატი; 18,5×12,2 სმ.; ნუსხური, recto-ს 10, 12-14 სტრიქონები ნაწერია მთავრულით. იოვანე-ზოსიმეს ანდერძი. ეს სინური წარმომავლობის ერთი ფურცელი ალ. ცაგარლის მიერ სინური ხელნაწერების აღწერის დროს აკინძული იყო ამჟამად გრაცის კოლექციაშია დაცული ხანმეტი ლექციონარის 27 ფურცელთან ერთად და მკვლევრის მიერ ერთი წიგნის შემადგენელ ნაწილებად იყო აღქმული. მკვლევარმა ანდრძის ფრაგმენტიც გამოაქვეყნა (Цагарели 1888: 199-200, №9). ბირმინგემის კოლექციაში შესული იოვანე-ზოსიმეს ანდერძი შეისწავლა და სრული სახით გამოაქვეყნა ჟ. გარიტმა (Garitte 1960: 254-255). გაირკვა, რომ ანდერძი გადაწერილია პალიმფსესტურ ფურცელზე, რომლის ქვედა ფენაზე V-VI სს-ის ბერძნული მთავრულით გადაწერილია 1 იოვ. 3,23-4,1 და 1იოვ. 4,3-6 ეპისტოლეები. ამ ფურცელს არ აქვს კავშირი ხანმეტ ლეციონართან. როგორც ჩანს, ის მექანიკურად იყო ჩაკინძული ხანმეტი ლექციონარის 27 ფურცელში. ჩვენი ვარაუდით, ბირმინგემის ფრაგმენტი სინური კოლექციის რომელიღაც დღეისათვის დაკარგული ხელნაწერის ნაწილი უნდა იყოს, ვინაიდან ცნობილი სინური არც ძველი და არც ახალი კოლექციების არც ერთი X ს-ის ხელნაწერის ზომები არ ემთხვევა იოვანე ზოსიმესეული ანდერძის ფურცლის ზომას. მოგვაქვს ანდერძის სრული ტექსტი: „კჳრიელეისონ. სახელითა ღმრთისაჲთა შეიმოსა მესამედ წმიდაჲ ესე წიგნი სინა წმიდას ჴელითა იოვანე ფრიად ცოდვილისათა ბრძანებითა და მოღუაწებითა მიქაელ პატიოსნისა მღვდლისა კათამონელისაჲთა დღეთა ოდენ უგუნურად და ბოროტად მოხუცებულობისა ჩუენისათა სალოცველად ჩუენდა დასაბამითგანთა წელთა ქართულად ხფპზ-სა და ქორონიკონი იყო ქართულად სგ. აწ გევედრებით თქუენ ყოველთა ღმრთისმოყუარეთა მამათა და ძმათა ჩუენთა გვედიეთ წმიდასა ლოცვასა თქუენსა ჩუენ, ცოდვილნი ესე, და || v მშობელნი და ძმანი ჩუენნი და ყოველნივე ჩუენეულნი ცოცხალნი და გარდაცვალებულნი სულიერნი და ჴორციელნი, რამეთუ ჩუენ ფრიად გურწამს თქუენი ლოცვაჲ და ყოველი დაკლებულებაჲ ჩუენი შეგჳდვეთ ღმრთისათჳს და თქუენცა ქრისტემან შეგინდვენ და შეგიწყალენინ ყოველნი. ამენ.“

Mingana. Geo. 8. იოანე-ზოსიმეს ანდერძი. ავტოგრაფი.

პალიმფსესტი; X ს. 1ფ.; ეტრატი; 11×8,7 სმ.; ნუსხური. ხელნაწერი იოანე-ზოსიმეს ანდერძის დასასრულს წარმოადგენს. მართალია, ქართულ ანდერძში არ არის მოხსენიებული გადამწერის ვინაობა, მაგრამ ტექსტის ხელი ეჭვს არ ბადებს, რომ იგი ეკუთვნის იოვანე-ზოსიმეს. ანდერძის დასასრულს ახლავს ორი სტრიქონი არაბულად. ხელნაწერი პალიმფსესტია, რომლის ქვედა ფენაზე წვრილი ბერძნული მთავრულით გადაწერილი უნდა იყოს ლიტურგიკული ტექსტი. თუ რომელ ქართულ ხელნაწერს ეკუთვნოდა ეს ფურცელი, დღემდე დაუდგენელია. ანდერძი გამოქვეყნებულია (Garitte 1960: 258-259). მოგვაქვს სრული სახით: recto: „აწ გევედრებით თქუენ ყოველთა ღმრთის მოყუარეთა მამათა და ძმათა ჩუენთა გვედიეთ წმიდასა ლოცვასა თქუენსა ჩუენ ცოდვილნი ესე და მშობელნი, და ძმანი ჩუენნი, და ყოველი ერი ჩუენი ცოცხალნი და გარდაცვალებულნი, სულიერნი და ჴორციელნი. რამეთუ ჩუენ ფრიად გურწამს თქუენი ლოცვაჲ და ყოველი დაკლებულებაჲ შეგჳნდვეთ ღმრთისათჳს და თქუენცა ქრისტემან შეგინდვენ და შეგიწყალენინ ყოველნი, ამენ. ლოცვა ყავთ ჩუენთჳს, წმიდანო, ლოცვა ყავთ, ამენ.“ verso: „შეიმოსა მეორედ წმიდაჲ ესე წიგნი სინა წმიდას ტყავითა ზროხისაჲთა ჴელითა ზროხაკაცისა ფრიად ცოდვილისაჲთა. ყოველი დაკლებულებაჲ ჩემი შემიდვეთ ღმრთისათჳს და ლოცვასა წმიდასა თქუენსა გვედიეთ. ამენ.“

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები