პრინსტონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები
პრინსტონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები – პრინსტონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კოლექსიებში დაცულია ცვენთვის საინტერესო ხელნაწერი — „აქსუმის გრაგნილები“, რომელიც პრინსტონის ბიბლიოთეკას შესწირა ხელნაწერ სიძველეთა მოყვარულმა და კოლექციონერმა რობერტ გარეტმა.
Garrett MS. 24. სირიულ-ბერძნულ-ქართული პალიმფსესტი, ალექსანდრე კჳპრელის ჯვრის პოვნის საკითხავი.
986 წ. 99 ფ.; ეტრატი, 15×12 სმ.; ნუსხური, გადამწერი იოვანე-ზოსიმე. ხელნაწერი სინური წარმომავლობისაა. იგი 1883 წელს ნახა და აღწერა ალ. ცაგარელმა, ხელნაწერი სინაზე აღარ უნახავთ აღარც ნ. მარსა და ივ. ჯავახიშვილს. ცაგარლის აღწერილობით, ხელნაწერის ნომერია 93 (Цагарели 1888: 239-240). 1980 წელს, როდესაც ლ. მენაბდემ გამოსცა „ძველი ქართული მწერლობის კერების“ მე-2 ნაწილი, ხელნაწერის იმჟამინდელი დაცულობის ადგილი ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის (მენაბდე 1980: 62). მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ჟ. გარიტის სტატია (Garitte 1967: 39-53), პრინსტონის უნივერსიტეტის ხელნაწერთა აღწერილობა და იორგენ რაასტედის სპეციალური წერილი (Raasted 1992: 219-232) აღნიშნულ ხელნაწერზე, ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა ამ წიგნის შესახებ მეტ-ნაკლებად დაზუსტებული ინფორმაცია. ხელნაწერის წარმომავლობისა და მისი შემავსებელი ნუსხების გამოვლენა შესაძლებელი გახდა სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ახლადაღმოჩენილი ქაართული ხელნაწერების კატალოგიზაციის შემდგომ (აღმოჩენები 2005: 266-267). გაირკვა, რომ პრინსტონის ხელნაწერი წარმოადგენს ალექსანდრე კვიპრელის ჯვრის პოვნის საკითხავს, გადაწერილს იოვანე-ზოსიმეს მიერ 986 წელს, რომელიც ალ. ცაგარელს №. 93-ით ჰქონდა აღწერილი (Цагарели 1888: 293). მისი 1 ფურცელი დაცულია კემბრიჯის უნივერსიტეტის მინგანას კოლექციაში საფონდო ნომრით Mingana. Geo. 4, დასაწყისი 23 ფურცელი – სინის მთის ახალ კოლექციაში Sin.Geo.N.20, ხოლო დასარული 30 ფურცელი, რომლებიც ცაგარლის კატალოგში n.92 აღწერილი, ამაჟამად გეტინგენის ბიბლიოთეკის ფონდის კუთვნილი Ms. Syr. 17,19,21,22,23,24,25. SuUB. ხელნაწერია. პალიმფსესტის ბერძნული ფენა შეისწავლა J. Raasted-მა. მკვლევარი კოდექსს იერუსალიმური ტრადიციის ირმოლოგიონს, ანუ ძლისპირთა კრებულს მიაკუთვნებს (Raasted 1992: 219-232). 2003 წე ლს P. Jeffery-მ გამოაქვეყნდა გამოკვლევა, რომელშიც მან ხელნაწერის საფუძველზე შუა საუკუნეების საგალობლების რეპერტუარის ჩამოყალიბება მიმოიხილა (Jeffery 2003: 1-21). ხელნაწერის ქართული ფენა იოვანე-ზოსიმეს მიერ გადაწერილი ჰომილეტიკური ჟანრის თხზულებაა. ამ ჟანრის თხზულებები ასკეტიკურ-ჰომილეტიკური შინაარსის კრებულებში – მრავალთავებსა და მათ მოდელზე შედგენილ კოდექსებში შედიოდა. ამდენად, ქართული ხელნაწერიც სწორედ ამ სახის კრებულს უნდა წარმოადგენდეს. ხელნაწერს ერთვის იოვანე-ზოსიმეს ანდერძი, რომელიც გვაწვდის ხელნაწერის გადაწერის ზუსტ თარიღს: „ოდეს ესე წიგნი დაიწერა და განსრულდა, და შეიმოსა ჴელითა იოანე ფრიად ცოდვილისათა, სინა წმიდასა, დასაბამითგან წელნი იყუნეს ქართულად ხფჟ (986) და ქორონიკონი იყო სვ (986). და ბერძულად წელნი იყვნეს ხფთი ქორონიკონი ჟდ, ინდიქტიონი იყო იდ. ქრისტე, შეიწყალე გაბრიელ, მიქაელ, კირილე, მიქაელ, იოანე, ბასილი და ყოველნი ქრისტიანენი, ამინ“ (Цагарели 1888: 239-240).