ბიუხნერი გეორგ
გეორგ ბიუხნერი – (Georg Büchner -1813-1837), მწერალი, ექიმი, მეცნიერი და რევოლუციონერი. მან თავისი ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად (ბიუხნერი 23 წლისა გარდაიცვალა) - მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა XIX საუკუნის 30-იანი წლების გერმანულ ლიტერატურაში.
ბიუხნერი დაიბადა 1813 წლის 17 ოქტომბერს დარმშტატის პირა სოფელ გოდელაუში და გარდაიცვალა 1837 წლის 19 თებერვალს ციურიხში. დაწერილი აქვს სამი დრამატურგიული ნაწარმოები:- „დანტონის სიკვდილი“, „ლეონსი დალენა“, „ვოიცეკი“, რამდენიმე პროზაული ნაწყვეტი.
ბიუხნერი სამუდამოდ შევიდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის და მსოფლიო თეატრის ისტორიაში. მან, 1848 წლის რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე, როგორც რევოლუციონერმა და მოაზროვნემ, ჩამორჩენილ, დაქუცმაცებულ გერმანიაში, ხალხის ფართო მასების ისტორიულ არენაზე რევოლუციის მამოძრავებელი ძალის გამოჩენა იწინასწარმეტყველა. ბიუხნერის შემოქმედება მთელი ეპოქის - ფრანგული ბურჟუაზიული რევოლუციის და რომანტიზმის ეპოქის, შედეგების შეჯამებაა. ბიუხნერმა, შეიძლება ითქვას, საფუძველი ჩაუყარა რეალიზმის დაბადებას გერმანულ ლიტერატურაში.
ბიუხნერი მედიცინას სტრასბურგის უნივერსიტეტში ეუფლებოდა. რევოლუციურ-პოლიტიკური რყევებით (1789 წლის ბურჟუაზიული და 1830 წლის ივლისის რევოლუციები) აღსავსე საფრანგეთში ცხოვრებამ სრულიად ახალგაზრდა ბიუხნერზე დიდი გავლენა იქონია და, პრინციპში, განსაზღვრა კიდეც მისი რევოლუციური სულისკვეთება და შეხედულებები. 1834 წელს ჰესენში ბიუხნერის მოთავეობით „ადამიანის უფლებათა საზოგადოება“ ჩამოყალიბდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ სოციალური გარდაქმნები მხოლოდ მასების სასიცოცხლო საჭიროებებით შეიძლება იყოს გამოწვეული, მან ჩათვალა, რომ აუცილებელი იყო გერმანელი გლეხობის ბრძოლაში ჩაბმა. „ჰესენის სოფლის მაცნეში“, რომელსაც ბიუხნერის საზოგადოება ავრცელებდა, იბეჭდებოდა დიდგვაროვანი მთავრების მიერ გლეხების შევიწროების, ჩაგვრის კონკრეტული ფაქტები. გაზეთი მოუწოდებდა „ტირანების წინააღმდეგ“ ბრძოლისაკენ. ერთგვარი ლოზუნგი იყო „მშვიდობა ქოხებს, ომი სასახლეებს“. ჯერ კიდევ ფეოდალურ გერმანიაში, ამგვარი მიმართვა ხალხისადმი, სულ ცოტა, ნახევარი საუკუნით უსწრებდა დროს. გლეხებს პროკლამაციური შინაარსის ბროშურები თავად მიჰქონდათ პოლიციაში. ორგანიზაციას უღალატა პროვოკატორმა, მრავალი წევრი ციხეში ჩასვეს. ბიუხნერმა მოახერხა სტრასბურგში გაქცევა.
დევნილობაში ბიუხნერი კვლავ მიუბრუნდა საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის ისტორიას. ზედმიწევნით ამუშავებდა ფრანგი ისტორიკოსების კვლევებს. რევოლუციისა და მისი მამოძრავებელი ძალების, მასში ხალხის და ინდივიდის როლთა შესახებ ფიქრის შედეგეად, ოცდაორი წლის ბიუხნერმა პირველი პიესა - „დანტონის სიკვდილი“ - დაწერა (1835).
1836 წლის ოქტომბერში ჩავიდა ციურიხში, სადაც ლექციებს ატარებს შედარებითი ანატომიის სფეროში. 1837 წლის 19 თებერვალს, შედარებითი ანატომიის კურსის გახსნიდან მალევე, იგი გარდაიცვალა ტიფით.