დანტონის სიკვდილი (ბიუხნერი)
დანტონის სიკვდილი – გერმანელი დრამატურგის გეორგ ბიუხნერის პიესა (1835).
„დანტონის სიკვდილი“ ისტორიული დრამაა. მოქმედი პერსონაჟები არიან რევოლუციის ცნობილი ლიდერები: დანტონი, რობესპიერი, სენ-ჟიუსტი, დემულნი. მოქმედების დროც ასევე კონკრეტულად არის მითითებული - 1794 წლის გაზაფხული, როდესაც იაკობინელთა დიქტატურის დაცემამდე, სულ რაღაც რამდენიმე თვეა დარჩენილი. რობესპიერმა დანტონს გილიოტინაზე სიკვდილი მიუსაჯა, რაც არცთუ ისე დიდად უსწრებდა თავად რობესპიერის იმავე გილიოტინზე ასვლას. ამრიგად, ბიუხნერი დაინტერესდა რევოლუციის პოლიტიკური, სულიერი შედეგებით და მასში გამოვლენილი სიღრმისეული წინააღმდეგობებით.
პიესის ცენტრალური ფიგურა, რევოლუციური იდეალებით ტრაგიკულად იმედგაცრუებული დანტონია. მან აღმოაჩინა, რომ რევოლუციამ, არც ხალხს და არც „ინდივიდს“, ნამდვილი გათავისუფლება არ მოუტანა. ერთ დროს, რევოლუციის მეხოტბე, შეძრწუნებულია „სისხლის მდინარეებით“, რომელიც რევოლუციას მოჰყვა. „ჩვენ კი არ შევქმენით (გავაკეთეთ) რევოლუცია, არამედ რევოლუციამ შეგვქმნა ჩვენ“, - მოულოდნელად ბიუხნერის დანტონი აღმოაჩენს, რომ რევოლუციის შედეგები უმართავი გახდა. გათავისუფლებული „სტიქია“ მძვინვარებს, იმორჩილებს და ანგრევს ინდივიდებს, ართმევს პიროვნებას მოქმედების თავისუფლებას, მარიონეტად აქცევს.
დანტონის ფიქრები, აზრები - ავტორისეულია. ბიუხნერი მწვავედ განიცდიდა „ადამიანის უფლებათა საზოგადოების“ წევრის ღალატს, რასაც ამ საზოგადოების დაშლა მოჰყვა. მას იმედი გაუცრუვდა რევოლუციური აქტის შესაძლებლობაში. ბიუხნერის პერსონაჟი - დანტონიც უსამართლობის განცდით დაღლილი და განადგურებული, სიკვდილით დასჯამდეც, უკვე განწირულია, მკვდარია, რადგან იგი შინაგანად, სულიერად მოკვდა.
დრამაში კონფლიქტი დანტონისა და რობესპიერის შეპირისპირების ფონზე ვითარდება. დანტონის განწირულობასა და ნიჰილიზმს, რობესპიერი უპირისპირებს მტკიცე ნებელობას და რწმენას. რობესპიერი დარმუნებულია, რომ რევოლუციის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამისთვის კი იგი ტერორს იყენებს, „ღარიბი, კეთილშობილი ხალხის“ გადასარჩენად, იგი ძალადობას მიმართავს. იაკობინელების ბელადს სჯერა - მხოლოდ ასი გვამი - და საფრანგეთი გადარჩება. მისი გულანთებული რიტორიკა, ურყევი რწმენა, ენერგიული საქციელები და ქმედებებიც, სინამდვილეში არაფრის მომცემია, ვერ გადაარჩენს, ვერ განახორციელებს რევოლუციის მაღალ იდეალებს, ხალხს ვერ გაათავისუფლებს. ბიუხნერმა დრამაში ნათლად გამოხატა, რომ რობესპიერიც, დანტონის მსგავსად, ისტორიულად განწირულია. დანტონისტების სიკვდილით დასჯაზე ხელისმოწერით, რობესპიერს თავად გამოაქვს საკუთარი თავისთვის განაჩენიც.
ბიუხნერი, დანტონისა და რობესპიერის რევოლუციურინტელექტუალური იდეების, მსოფლმხედველობის დაპირისპირებას - ხალხის მასების უკიდურესი გაჭირვების, გაბოროტების, უხეში ცხოვრებისეული რეალობის, ამავდროულად, ქალაქური სამოედნო სტიქიის, იუმორის ფონზე - ავითარებს. დრამატურგი ხალხის მასებში ვერ ხედავს იმ გონივრულ ძალას, რომლის ორგანიზება და მიმართულების მიცემაა შესაძლებელი. ბიუხნერთან ხალხის ამბოხი სტიქიური და უკიდურესად სასტიკია. რევოლუციამ არაფერი შეცვალა მათ ცხოვრებაში, ხალხი ისევ უკიდურესად გაჭირვებული, მშიერი, მათხოვრულ მდგომარეობაშია. რევოლუციამ ხალხი გააბოროტა, სასტიკი გახადა, მზად არიან, ყველას, ვისაც კი - იდაყვებზე გამოხეული ტანსაცმელი არ აცვია, სასტიკად გაუსწორდნენ. დანტონი სასამართლო პროცესის დროს მიმართავს ხალხს და ეუბნება: თქვენ გშიათ, პურის ნაცვლად კი მოკვეთილ თავებს გიგდებენ, გწყურიათ და წყლის ნაცვლად, გილოტინიდან ჩამოღვენთილ სისხლს გალოკინებენ. დანტონის სიტყვების გამოძახილია, ფინალურ სცენაში ქალის ყვირილი, რომელიც დანტონის სიკვდილით დასჯისას, ცდილობს ცნობისმოყვარე მასაში გზა გაიკვლიოს გილოტინისკენ და თან გაიძახის: გამატარეთ, გამატარეთ, ბავშვები შიმშილისგან ყვირიან. უყურონ სიკვდილით დასჯას, იქნებ დამშვიდდნენ. რამხელა სისასტიკეა ამ ერთ ფრაზაში. ხალხის მასების გაბოროტებამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია - სიკვდილით დასჯა გასართობ, უფრო მეტიც, ბავშვების დასამშვიდებელ სანახაობად იქცა.
ბიუხნერის „დანტონში“ ნათლადაა ასახული, რომ მისაღებ დარბაზებსა და კონვენტში გამართული პოლტიკური დებატები, რობესპიერისეული რიტორიკული პათოსით აღსავსე ტირადები, ხალხის უმძიმეს სოციალურ მდგომარეობას ვერ უშველის, ვერ შეამსუბუქებს. რეცოლუციის ლიდერების იდეალები, იდეები შესაძლოა კარგია, მაგრამ მის განხორციელებას ხალხისთვის სიკეთე მაინც არ მოაქვს. ძალადობა და სისატიკე კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს.
ბიუხნერის შემოქმედება იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მან გერმანიაში პირველმა შექმნა სოციალურ-რეალისტური დრამა. მოგვიანებით შექმნილი მიმდინარეობის - „ახალი გერმანიის“ - წარმომადგენლებისაგან, რომლებიც ბიუხნერის გამგრძელებლებად მოიაზრებიან, განსხვავებით, მისი დრამატურგია თავისუფალია ნატურალისტური ყოფითობისა და წვრილმანი აქტუალურობისაგან. „დანტონის სიკვდილში“ - რევოლუციის დრამის - ასახვით, ბიუხნერი ეძებდა იმ კითხვებზე პასუხს, რომელიც თავად მას და მის თანამოაზრეებს აღელვებდათ.