ბოლნისის სიონის წარწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოლნისის სიონის წარწერები – ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების მნიშვნელოვანი ჯგუფი (ოცზე მეტი) ბოლნისის ტაძრის კედლებსა და ტაძრის გარშემო არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ ქვის სტელებზე. წარწერები სხვადასხვა დროს მიეკუთვნება (V-X სს.) შინაარსისა და დანიშნულების მიხედვით ისინი შემდეგნაირად ჯგუფდება:

სარჩევი

სამშენებლო წარწერა

აღმოჩენილია (1937) ჩრდილო-დასავლეთ შესასვლელის გასწვრივ ლ. მუსხელიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს. არქიტრავის დიდი ზომის ბლოკის (300X67 სმ.) შუა ნაწილი (155X59 სმ), წარწერის ტექსტის ვრცელი ნაწილითურთ, ადრევე ჩაქცეულა და მიწაში ჩამარხულა. შესასვლელის თავზე შერჩენილ ქვაზე წარწერის ტექსტი გადაშლილ-გადარეცხილია. წარწერის ნაწილი კარგადაა დაცული მიწაში აღმოჩენილ ქვის ფრაგმენტზე. წარწერა 4-სტრიქონიანია, შესრულებულია რელიეფური ასომთავრული ასოებით. ტექსტის მოღწეული (დაახლ. ერთი მესამედი) ფრაგმენტისა და შერჩენილი ასოების პირველი პუბლიკაცია ეკუთვნის ლ. მუსხელიშვილს (1938). ტექსტის აღდგენის პირველი ვარიანტი წარმოადგინა ა. შანიძემ (1940); შემდეგ მან კიდევ გამოაქვეყნა მისეული აღდგენის ორი ვარიანტი (1975, 1977). სხვადასხვა ვარიანტები გამოაქვეყნეს შ. ამირანაშვილმა (1958), ნ. შოშიაშვილმა (1980), მ. ჩხიკვაძემ (1981), რ. პატარიძემ (1984), ბ. მჭედლიშვილმა (1984), საურ. კაკაბაძემ (1984), ჟ. მაჭავარიანმა (1985), ე. სილოგავამ (1994) და სხვ. ტექსტის ცალკეული ადგილების დაზუსტებაში გარკვეული წვლილი შეიტანეს მ. თარხნიშვილმა (1950), ი. მოლიტორმა (1956) და სხვ.

მასალების მიხედვით შესაძლებელია წარწერის ტექსტის აღდგენის ორი ვარიანტი:

ა. „[შეწევნითა წ(მოდ)]ისა სამებისაჲთა, ოც წლისა პერო[ზ მ]ეფე[თა მეფისასა დახიდ|ვა საძირკველი წ(მიდ)ისა] ამის ეკლესიაჲსაჲ და ათხუთმეტ წლისა [შემდგომად, მეფობასა|კავატისასა განხეშორა. ვი]ნ აქა შინა თაჳყანისხცეს, ღ(მერთმა)ნ შეიწყალენ და ვინ ამ[ის|მაშჱნებელსა დ(ავი)თ ე]პისკოპოსსა ხულოცოს, იგიცა ღ(მერთმა)ნ შეიწყა[ლ]ენ; [ამჱნ]“.

ამ ვარიანტით ტაძრის მშენებლობა დაუწყიათ ირანის მეფეთა მეფის პეროზის (459–484) მეფობის მე-20 წელს, ე. ი. 478 და დაუმთავრებიათ 15 წლის შემდეგ, ე. ი. 493, ირანში კავადის მეფობის დროს;

ბ. „[შეწევნითა წ(მიდ)]ისა სამებისაჲთა, ოც წლისა პერო[ზმ]ეფე[თა მეფისასა დახიდ|ვა საძირკველი წ(მიდ)ისა] ამის ეკლესიაჲსასჲ და ათხუთმეტ წლისა] [კავად მეფეთა მეფი|სასა განხეშორა. ვი]ნ აქა შინა თაჳყანისხცეს, ღ(მერთმა)ნ შეიწყალენ და ვინ ამ[ის წ(მიდ)ისა ეკლესიაჲსა|მაშჱნებელსა დ(ავი)თ ე]პისკოპოსსა ხულოცოს, იგიცა ღ(მერთმა)ნ შეიწყაწ[ლ]ენ; (ამჱნ]“.

აღდგენილი ვარიანტი მიუთითებს, რომ ტაძრის მშენებლობა დაუწყიათ მეფეთა მეფე პეროზის (459–484) მეფობის მე-20 წელს. ე. ი. 478 და დაუმთავრებიათ მეფეთა მეფე კავადის (488–531) მეფობის მე-15 წ., ე. ი. 503;

მემორიალური წარწერები

ტაძრის კედლების სხვადასხვა ადგილას ჩასმულია ან ტაძრის გარშემო არქეოლოგიური გათხრების (I936–33) დროს აღმოჩენილია სტელები ბოლნური ჯვრების გამოსახულებით. ზოგიერთზე არის რელიეფური ასომთავრული წარწერები იმ პირთა დასახელებით, რომელთა სახელზედაც ეს სტელები დამზადდა. ტაძრის უძველესი მემორიალური წარწერებიდან სრულად იკითხება შემდეგი: „ესე ჯუარი ვარსქენ ნახპეტისაჲ“ (V ს.); „ძნელაჲ“ (V ს); „განდი“ (V ს.); „ესე ჯუარი თაჲბაჲსი…“ (V ს.); „…სული მიქაელისა შეიწყალენ“ (V–VI სს.); „ჩორან, ქრისტე შეიწყალე ცოლშვილითურთ“ (VI VII სს.); „ესე ჯუარი შუშანიკისი“ (X ს.) და სხვ., მაგრამ ტაძრის მემორიალურ წარწერებს შორის უმნიშვნელოვანესია ორი:

პირველი წარწერა, რელიეფური ასომთავრულით შესრულებული 8 სტრიქონი, გამოქანდაკებულია ტაძრის აღმოსავლეთ ფასადში ჩასმულ ქვის ოთხკუთხა ფილაზე (90X50 სმ.). ფილის შუაში გამოყვანილია ორმაგ წრეში ჩასმული ბოლნური ჯვარი, რომლის გარშემო ზედაპირი მთლიანად შევსებულია წარწერით: „ქ(რისტ)ე დ(ავი)თ ეპისკოპოსი კრებულითურთ, და ამას ეკლესიასა შინა შენდა მიმართ თაჳყანისმცემელნი შეიწყალენ და [მშრ]ომელთა ამას ეკლე[სი]ა[ს]ა შინა შეეწიე; იყავნ, იყავნ“.

წარწერა სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია 1854-იდან (პირველად გამოაქვეყნა აკად. მ. ბროსემ); მას შემდეგ თითქმის 30-ჯერ გამოიცა ქართულ, რუსულ, ფრანგულ გერმანულ, ინგლისურ და ლათინურ ენებზე. წარწერა ტაძრის აგების ან მისი მშენებლობის პროცესის რომელიღაც ეტაპის თანადროულია და, საამშენებლო წარწერის მსგავსად, პირობითად, 493 ან 503 თარიღდება.

მეორე, ერთსტრიქონიანი წარწერა შესრულებულია რელიეფური ასომთავრული ასოებით ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ შესასვლელის არქიტრავზე. ბოლნისის სიონის წარწერებს შორის პირველად სწორედ ეს წარწერა გამოაქვეყნა 1838 მ. ბროსემ. მისი ტექსტი ასეთია:

შეწევნითა ქ(რისტ)ჱსითა, მე, ფარნ(ევან) და აზარუხტ, შეხუაბთ ე[სე] კარი სალოცველად სულთა ჩუენთათჳს“.

წარწერა პალეოგრაფიულად ტაძრის სამშენებლო წარწერისა და დავით ეპისკოპოსის წარწერის იდენტურია – ისიც შინაარსით ტაძრის მშენებლობასთანაა დაკავშირებული. ამიტომ, პირობითად, ზემოდასახელებული ორი წარწერის მსგავსად, შეიძლება მისი 493 ან 503 დათარიღება;

წარწერა-საბუთები

ბოლნისის ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ შესასვლელის ტიმპანზე ამოკვეთილი სამი ეპიგრაფიკული საბუთი. სამივე X ს. მოღვაწის ელია ბოლნელი ეპისკოპოსის სახელს უკავშირდება და წარმოადგენს მის განჩინებებს;

ეპიტაფიები

ბოლნისის სიონში არქეოლოგიური გათხრების შედეგად (1936) ადრეული ხანის რამდენიმე საფლავის ქვა აღმოჩნდა. ერთ-ერთია მომწვანო ფერის ქვის ბრტყელი ოთხკუთხა ფილა (157X28X28 სმ). მისი ზედა ნაწილი შევსებულია ორმაგ ორნამენტირებულ წრეში ჩასმული ბოლნური ჯვრით, ხოლო ქვედა – ამოკვეთით შესრულებული 4-სტრიქონიანი ასომთავრული წარწერით:

ესე საფლავნი იოვანე ბოლნელ ეპისკოპოსისანი და ვინ სხუაჲ დაეფლის ამასცა – ნუ ეგების“.

პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერა X ს-ისაა. ამ თვალსაზრისით იგი ელია ბოლნელის მიერ გურგენ ერისთავთ ერისთავის აღაპის დაწესების წარწერის სრული იდენტურია – ორივე შეიძლება ერთი ხელოსნის მიერ იყოს შესრულებული. ზოგიერთი მკვლევარი ეპიტაფიაში დასახელებულ იოვანე ბოლნელს X ს. გამოჩენილ ქართველ მწერალთან და ჰიმნოგრაფთან აიგივებს. ამ წარწერიანი ფილის ზურგზე ამოკვეთილია ასევე X ს. წარწერა ვინმე შუშანიკისა, რომელიც ზემოთ იყო ნახსენები.

მლოცველთა მიერ შესრულებული ნაკაწრი წარწერები

მლოცველთა მიერ შესრულებული ნაკაწრი წარწერები ანუ გრაფიტოები. ბოლნისის ტაძრის კედლებზე სხვადასხვა ადგილას ამოკაწრულია X-XI სს. (ზოგიერთი შეიძლება ამაზე ადრინდელიც) წარწერები, რომლებიც ეკლესიაში სალოცავად მისულ პირებს ეკუთვნის. ეს წარწერები, ჩვეულებრივ, ტრაფარეტული ტექსტებისაგან შედგება: „ქრისტე, შეიწყალე.“ და შემდეგ იმ პირის სახელია, რომელმაც წარწერა ამოკაწრა ან ვის სახელზედაც ამოაკაწვრინეს იგი. მათში დასახელებულია უცნობი პირები: კჳრიკე, იოვანე, ზოსიმე, თეოდორე, გიორგი, სუმბატ, პეტრე, იონა, მიქაელ და სხვ. ზოგიერთი სახელი, ალბათ, ერთი და იმავე პირისა (მაგ. კჳრიკე), რამდენჯერმეა ამოკვეთილი ტაძრის კედლების სხვადასხვა ადგილზე.

აღნიშნულ წარწერათაგან ენობრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 493 ან 503-ით დათარიღებული ტაძრის საამშენებლო, დავით ეპისკოპოსისა და ფარნავან და აზარუხტის მემორიალური წარწერები, აგრეთვე, ზოგიერთი სხვაც, რომელშიც ხანმეტობაა დაფიქსირებული (თაჳყანისხცეს, ხულოცოს, შეხეწიე, შეხუაბთ). ისინი საინტერესოა პალეოგრაფიულადაც – ბ, ჳ, ყ და შ ასოები შეკრული მარყუჟებითაა გადმოცეული.

ვ. სილოგავა

ლიტერატურა

  • სილოგავ ა ე. ბოლნისის უძველესი ქართული წარწერები, თბ., I904 (იქეე სრული ბიბლიოგრაფია).

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები