ბორეასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბორეასი. პელიკეს ფერწერა (ძვ.წ. 470 წ.), რომი

ბორეასი(ბერძნ.) ჩრდილოეთის ქარის განმასახიერებელი ღვთაება. ასტრეოსისა (ვარსკვლავიანი ცის) და ეოსის (განთიადის) ძე, ზეფიროსის, ევროსისა და ნოტოსის ძმა.

ბორეასი იყო ჩრდილოეთის ცივი და მსუსხავი ქარი, ფრთოსანი და ორსახოვანი. მისი ერთი სახე წინმაცქერალი იყო, მეორე კი – უკუმაცქერალი.

ერთხელ ბორეასმა, მდინარე ილისის სანაპიროზე რომ დაქროდა, ათენის მეფის, ერეხთევსის მშვენიერ ასულს, ორითიიას, მოჰკრა თვალი და შეიყვარა. მიხვდა მძვინვარე ქარი, რომ მშობლები ჩრდილოეთში გადასაკარგად ვერ გაიმეტებდნენ შვილს და მისი მოტაცება განიზრახა. ამისთვის სათანადო დროც შეარჩია: სადღესასწაულო მსვლელობა. ტაძრისკენ მიმავალ ორითიიას ხელიდან გაუვარდა კალათა, რომელიც ქარმა აიტაცა. ქალი კალათას დაედევნა და განმარტოვდა. მას ბორეასმა შემოხვია თავისი ფრთები და თრაკიისკენ გააქროლა.

მათი ქორწინების შედეგად იშვნენ ვაჟები – კალაისი და ძეტოსი, რომელთაც მამის მსგავსად ფრთები გამოესხათ. მათ ბორეადებს უწოდებდნენ. ბორეასსა და ორითიიას ორი ასულიც ჰყავდათ: კლეოპატრა, ფინევსის მეუღლე და ქიონე, პოსეიდონის საყვარელი ქალი.

რამდენადაც ბორეასი ათენის მეფის ასულის მეუღლე იყო, მას „ათენელთა სიძესაც“ უწოდებდნენ. გამოსახავდნენ ძლიერი აღნაგობის, წვერებიან და გრძელთმიან კაცად, რომელსაც უზარმაზარი ფრთები მიაქროლებდნენ.

გადატანითი მნიშვნელობით პოეტები ცივ და ძლიერ ქარს ბორეასს უწოდებენ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები