ბორი ნილს
ნილს ბორი – (დან. Niels Henrik David Bohr, 1885 - 1962), – დანიელი ფიზიკოსი.
გენიალური დანიელი მეცნიერი, ნილს ბორი, დაიბადა კოპენჰაგენში, 1885 წლის 7 ოქტომბერს. მისი მამა ცნობილი ფიზიოლოგი იყო და უნივერსიტეტში ასწავლიდა. ბავშვობიდანვე ბორს აინტერესებდა ფიზიკა და დიდი მონდომებით ატარებდა სხვადასხვა ფიზიკურ ცდებს.
1907 წელს ბორი შედის კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. დიდი ნიჭის წყალობით ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტი ფიზიკის პროფესორის ქრისტიანსენის ასისტენტი გახდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი კაპილარობის მუდმივის გაზომვების თემაზე. ეს თემა დანიის მეცნიერებათა აკადემიამ საკონკურსოდ გამოაცხადა. ნაშრომი შესანიშნავად იყო შესრულებული და აკადემიამ ახალგაზრდა მეცნიერი ოქროს მედლით დააჯილდოვა.
ნილს ბორმა უნივერსიტეტი 1909 წელს დაამთავრა, ხოლო ორი წლის შემდეგ კი მიიღო დოქტორის ხარისხი. ამის მერე იგი გაემგზავრა ინგლისში, სადაც კემბრიჯის უნივერსიტეტის ქავერდიშის ლაბორატორიაში სწავლობდა და მუშაობდა. შემდეგ თანამშრომლობდა ცნობილ ინგლისელ ფიზიკოსთან რეზერფორდთან, რომელმაც ამ დროს ატომის ახალი მოდელი წამოაყენა.
1916 წელს ბორმა მიიღო თეორიული ფიზიკის კათედრა კოპენჰაგენში და 1920 წელს სათავეში ჩაუდგა მისი წინადადებით უნივერსიტეტთან ორგანიზებულ თეორიული ფიზიკის ინსტიტუტს. ეს ინსტიტუტი ამჟამადაც მსოფლიოში თეორიული ფიზიკის უდიდეს ცენტრს წარმოადგენს.
1943 წელს ბორმა დატოვა ფაშისტების მიერ ოკუპირებული დანია და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
ომის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და ძველი თანამდებობა დაიკავა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.
ნილს ბორი მხოლოდ თეორიულ ფიზიკაში მუშაობდა. ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება მის მიერ ჩამოყალიბებული ატომის აგებულების თეორია, რომელიც რეზერფორდის მიერ შექმნილი ატომის მოდელზეა დამყარებული. ამ მოდელის თანახმად ატომი შედგება დადებითად დამუხტული ბირთვისაგან, რომელიც შეიცავს თითქმის ატომის მთელ მასას და ელექტრონებისაგან რომლებსაც აქვთ უარყოფითი მუხტი და მოძრაობენ ბირთვის გარშემო.
ამგვარად აგებულმა მოდელმა ვერ ახსნა კლასიკური ფიზიკის თვალსაზრისით ატომის მდგრადობა, ამიტომ მეცნიერმა კვანტური თეორია გამოიყენა. მან დაუშვა, რომ ატომები მკაცრად განსაზღვრულ სტაციონარულ მდგომარეობაში იმყოფებიან მათი ენერგიები ერთმანეთისაგან საბოლოო სიდიდეებით განსხვავდებიან. შუალედური მდგომარეობები არა აქვთ. ელექტრონებს, რომლებიც ბირთვის გარშემო ბრუნავენ, ყველა ორბიტის გარშემო მოძრაობა არ შეუძლიათ, მათ შეუძლიათ მხოლოდ ზოგიერთ „დაშვებულ“, ეგრეთწოდებულ, კვანტურ ორბიტაზე მოძრაობა.
სტაციონარულ მდგომარეობაში ატომი არ ასხივებს ენერგიას. ენერგიის გამოსხივებას ადგილი აქვს ერთი სტაციონარული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლისას. ბირთვის გარშემო მოძრავი ელექტრონები არ გამოასხივებენ ენერგიას. გამოსხივება ხდება, როცა ელექტრონი გადადის ერთი ორბიტიდან მეორეზე. გადასვლები ხდება ნახტომის სახით, ამასთან ატომი ასხივებს ენერგიას ფოტონის სასით. გადასვლები შესაძლებელია არა ნებისმიერ ორბიტებზე, არამედ მხოლოდ იმაზე, რომლებიც განსაზღვრულია კვანტური კანონებით, ეგრეთწოდებული, შერჩევის პრინციპით. ეს თეორია თანამედროვე ატომური ფიზიკის დასაბამი წერტილი გახდა. ამ თეორიის დამუშავებისათვის 1922 წელს ბორს ნობელის პრემია მიენიჭა.
ნილს ბორი ფიზიკური მოვლენების კომპლემენტარობის აღმომჩენელიც არის; (მაგალითად, სინათლე ზოგიერთ მოვლენებში კორპუსკულარულია, ზოგიერთში კი ტალღური).
ბორმა შექმნა ატომის ბირთვის წვეთური მოდელიც, რომლის დახმარებითაც კარგად აიხსნება მისი დაშლა. ამ მეცნიერს, ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს ფიზიკოსს, მთელი მსოფლიო სცემდა პატივს. იგი ბევრი უნივერსიტეტის წევრი იყო, მათ რიცხვში ვარშავის უნივერსიტეტისაც.
ბორი ძალიან დუნედ ფიქრობდა და ასევე აღიქვამდა ყოველივეს. ხშირად რაიმე არგუმენტაციას უკანასკნელი გაიგებდა, მაგრამ ის ერთადერთი აღმოაჩენდა ხოლმე არგუმენტაციებში და დასკვნებში შეცდომებსაც.
ბორი პირად ცხოვრებაში იყო მომხიბლავი ადამიანი, გატაცებული იყო სპორტით, თამაშობდა ფეხბურთს. როგორც ფეხბურთელმა დანიაში დიდი პოპულარობა მოიპოვა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კოპენჰაგენში მას უკეთ იცნობდნენ, როგორც ფეხბურთელს, ვიდრე როგორც ცნობილ ფიზიკოსს.