ბჟაიუა-ბჟაძა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბჟაიუა-ბჟაძა. ა. ბელიუკინი

ბჟაიუა-ბჟაძა (აფხ. Бжаҩа-Бжаӡа – „ნახევრადხმელი-ნახევრადნედლი“) — ნართულ გადმოცემათა მიწათმოქმედი პერსონაჟი (ზოგი ვარიანტით სათანეი-გვაშას „რჩეული“, სასრიყვას ბიოლოგიური მამა), რომელიც ნართებისათვის უცხო გმირია. იგი ცალი ხელით ხნავს და სასრიყვას სალამზეც არ პასუხობს.როცა შეურაცხყოფილი სასრიყვა მხვნელს მიეტია, ამ უკანასკნელმა ნართი რაინდი ცხენიანად ასწია და ბელტქვეშ ამოდო; ესეც არ აკმარა, გობზე დასვა, გობი ცოლს თავზე დაადგა და შინ გაისტუმრა ბავშვების გასართობად.

აღნიშნული თქმულების პარალელი განსხვავებული სახით მოცემულია ეპოსის ადიღეურ და ოსურ ვერსიებშიც. უფრო ძლიერი გმირის ძიების მოტივს ვხვდებით მსოფლიო ფოლკლორის საგმირო და ზღაპრულ ძეგლებში. მიწათმოქმედისა და დაუმარცხებელი გმირის მსგავსი ურთიერთობების მოტივი კარგად არის ასახული ქართულ ხალხურ ზღაპრებშიც. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ი. ყიფშიძის მიერ ჩაწერილი ერთი მეგრული ზღაპარი („ძლიერზე უფრო ძლიერი მუდამ იქნება“), რომელშიც მოთხრობილი ამბავი გმირი კაჟისა და ასი უღელი კამეჩით მხვნელი გოლიათის შესახებ ზუსტად იმეორებს სასრიყვასა და ბჟაიუა-ბჟაძას ეპიზოდს.

სასრიყვა და მეგრული ზღაპრის პერსონაჟი კაჟი მონადირეთა წრეში შექმნილი და ამდენად დაბერებულ-დაუძლურებული გმირები არიან მაშინ, როდესაც ბჟაიუა-ბჟაძა და მეგრული ზღაპრის გოლიათი მხვნელი მიწათმოქმედთა ახალგაზრდა, ახალი საწარმოო ძალების მატარებელ თაობას განეკუთვნებიან და იმარჯვებენ კიდეც.

როგორც ჩანს, მონადირეთა და მიწათმოქმედთა ბრძოლას ანუ წარმავალი და პროგრესული საზოგადოების ბრძოლას ასახავს ამირანის ეპოსში ამირანისა და ამბრის ურთიერთობაც. ამირანი ვერ ახერხებს ასწიოს მიცვალებული ამბრის ფეხი, რომელიც გუთანივით მიჰღარავს და კვალავს მიწას, რადგან ამბრი მხვნელ-მთესველია. იგი მკვდარია თავისი ვეგეტატიური ბუნების გამო (სასაფლაოზე ამბრის ცოცხლად წაღება, რაც უცხოა ქართულ-კავკასიური ფოლკლორისათვის და მხოლოდ ამირანის ეპოსში გვხვდება, სწორედ მის ვეგეტატიურ მუხტს უსვამს ხაზს. იგი უნდა დასაფლავდეს, რათა ახალი ძალით აღდგეს). ვეგეტატიური ბუნების მატარებელია ბჟაიუაბჟაძაც. გმირის ეს თვისება მის ფიზიკურ მონაცემებში დევს. იგი ნახევრადხმელი და ნახევრადნედლია, რაც მიწათმოქმედის ფიზიონიმიაში ჩადებულ ბუნების კვდომისა და აღორძინების იდეას გამოხატავს.


ლიტერატურა

  • Приключения нарта Сасрыквы и его девяностадевяти братьев. Сух., М., 1962; Сух., 1988;
  • Н.П. Андреев.Указатель сказочных сюжетов по системе Аарне. Л., 1929;
  • ი. ყიფშიძე. რჩეული თხზულებანი. თბ., 1994;
  • მ. ჩიქოვანი, ქართული ეპოსი. წიგნი I. თბ., 1959.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები