ბრეხტისეული თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სპექტაკლი „დედილო კურაჟი და მისი შვილები“ ბერლინის თეატრი 1978 წ.

ბრეხტისეული თეატრი — ეს ცნება დაკავშირებულია გერმანელი დრამატურგის ბერტოლტ ბრეხტის სახელთან (1898-1956). „ეპიკურად“ წოდებული თეატრის მამამთავარმა („ეპიკური თეატრი“), გამომდინარე ადამიანის კონცეფციის ახლებური, დიალექტიკური (მუდმივცვლადი) გააზრებიდან, დააპირა ძირფესვიანად შეეცვალა მსახიობის, დრამატურგის, რეჟისორის, მაყურებლის დანიშნულება. მისი სამსახიობო ტექნიკა გულისხმობს ე. წ. „გაუცხოების ეფექტს“, ანუ მსახიობის დისტანციურ დამოკიდებულებას პერსონაჟისადმი. დრამატურგისაგან იგი ითხოვდა მოქმედების ასახვას ისტორიული, დიალექტიკური განვითარების ჭრილში კონკრეტული ეპოქის და სოციალური ვითარების შესატყვისად; რეჟისორის მთავარი მოვალეობად მიაჩნდა „სათქმელის“ გამრთობი ფორმით განმარტება. მაყურებლისგან იგი ითხოვდა არა თანაგანცდას, არამედ მოვლენებისადმი კრიტიკულ, გააზრებულ, შემეცნებით დამოკიდებულებას.

ბრეხტისეული თეატრი, ესთეტიკის თვალსაზრისით, მორალიტეს და ფარსის ერთგვარი სინთეზია. მისი წარმოშობა რამდენადმე განაპირობა ფაშიზმის იდეოლოგიასთან დაპირისპირებამ და ზემოქმედების იმ საშუალებების უარყოფამ, რასაც ფართოდ იყენებდა „მესამე რაიხი“ (იგულისხმება თეატრალური ხერხებით მასებზე ემოციური ზეგავლენის მოხდენა). ყველა ამ თვისებათა გამო, ბრეხტისეული თეატრი გვევლინება ინტელექტუალური დრამის ერთ-ერთ მძლავრ მიმართულებად.

მ. გეგია

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები