ფაშიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იტალიის ნაციონალური ფაშისტური პარტიის ემბლემა

ფაშიზმი - ლიბერალიზმის, კონსერვატიზმისა და სოციალიზმის ისტორია XIX საუკუნიდან იღებს სათავეს, ფაშიზმი კი XX საუკ. პირმშოა. ზოგის აზრით, ეს პირწმინდად ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში გაჩენილი ფენომენია; მართალია, ფაშიზმის ელემენტები XIX საუკ. ბოლოსაც შეინიშნებოდა, მაგრამ მათი გაერთიანება მხოლოდ I მსოფლიო ომისა და უშუალოდ ომისშემდგომი კატაკლიზმებით მდიდარ ეპოქაში მოხდა. ამ მოძღვრების ორი ძირითადი გამოვლინება მუსოლინის ფაშისტური დიქტატურა იყო 1922-43 წწ.და ჰიტლერის ნაცისტური დიქტატურა — 1933-45 წწ. ნეო-ფაშიზმისა და ნეონაციზმის სხვადასხვა ფორმამ, ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური არასტაბილურობის ერთობლიობის სახით, XX საუკ. მიწურულს — კომუნიზმის კრახის შემდგომაც იჩინა თავი.

მრავალი თვალსაზრისით, ფაშიზმი, ზოგადად, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ დასავლეთის პოლიტიკურ აზროვნებაში გაბატონებული იდეებისა და ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული ჯანყი იყო და იტალიელ ფაშისტთა დევიზი ― „1789 წელი მოკვდა!“ — ფარზე ჰქონდა ატანილი. ისეთი ღირებულებები, როგორიცაა რაციონალიზმი, გონიერება, პროგრესი, თავისუფლება და თანასწორობა, ახლა ახალი ღირებულებების შეუპოვრობის, ბელადობის, ძალაუფლების, გმირობისა და ომის სახელით იქნა უარყოფილი. ამ გაგებით, ფაშიზმი „ანტიმოძღვრებაა“ და მისი მთავარი მახასიათებელი კი — დაპირისპირება: კაპიტალიზმთან, ლიბერალიზმთან, ინდივიდუალიზმთან, კომუნიზმთან და ა.შ. უმთავრესი, რაც მის ნებისმიერ გამოვლინებას თან სდევს, „ძალის ერთობის“ რწმენით გამოხატული ორგანული ეროვნული მთლიანობის მოდელია, ხოლო პიროვნება, როგორც ასეთი, არაფერს ნიშნავს ― ის მთლიანად უნდა გაითქვიფოს საზოგადოებასა თუ რომელიმე სოციალურ ჯგუფში. ფაშიზმის იდეალი „ახალი ადამიანია“ — გმირი, რომელსაც მოვალეობა, ღირსება და თავგანწირვა ამოძრავებს; მზადაა ერისა თუ რასის სადიდებლად დაუფიქრებლად გაწიროს თავი და უზენაესი ლიდერის ნებასაც უყოყმანოდ დაემორჩილოს.

მაგრამ არც ფაშიზმშია სრული ერთობა: იტალიური ფაშიზმი, არსებითად, სტატიზმის უკიდურესი გამოვლინება იყო და ტოტალიტარული სახელმწიფოს უპირობო პატივისცემას, აბსოლუტურ ერთგულებას ემყარებოდა. როგორც ფაშისტი-ფილოსოფოსი ჯენტილე (1875-1944) ამბობდა, „ყველაფერი სახელმწიფოსთვის; არაფერი მის საწინააღმდეგოდ; არაფერი — მის გარეშე.“

მეორეს მხრივ, გერმანული ნაციონალ-სოციალიზმი, უმთავრესად, რასობრივ თეორიაზე იყო აწყობილი. მის ორ უმთავრეს გამოვლინებას წარმოადგენდა არიანიზმი (გერმანული რასის უზენაესობის რწმენა და მის მიერ „მსოფლიო ბატონობის“ პრეტენზია) და უკიდურესი ანტისემიტიზმი — ებრაელთა იმთავითვე ყოველგვარი ბოროტების წყაროდ დასახვა და მათი მიზანმიმართული განადგურება. ეს ბოლო თეზა ე.წ. „საბოლოო გადაწყვეტის“ გეგმაშიც გამოიხატა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები