სოციალიზმი
სოციალიზმი – სოციალისტური იდეების ნიშნები ჯერ კიდევ XVII საუკუნეში, ე.წ. „ლეველერების“ (გამთანაბრებლების) და „დიგერების“ (მიწის მთხრელების) დროს გაჩნდა; და უფრო მეტიც ― მათ კვალს ვხედავთ თომას მორის „უტოპიაში“ (1516) და თქვენ წარმოიდგინეთ, პლატონის „სახელმწიფოშიც“ კი. თუმცა, როგორც პოლიტიკური დოქტრინა, სოციალიზმი მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა. იმთავითვე, ეს იყო პასუხი სამრეწველო კაპიტალიზმის გაჩენაზე და სამრეწველო საქონლის სწრაფი მატებით შეშფოთებული ხელოსნებისა და წვრილი მეწარმეების ინტერესებს გამოხატავდა. მალე ამ მოძღვრებით მზარდი მუშათა კლასიც შეიარაღდა. …თავდაპირველად, სოციალიზმს მკვეთრად ფუნდამენტალისტური, უტოპიური და რევოლუციური ელფერი დაკრავდა. მისი მიზანი საბაზრო გაცვლა-გამოცვლაზე დამყარებული კაპიტალისტური ეკონომიკის მოსპობა და მისი თვისობრივად განსხვავებული, საერთო საკუთრების პრინციპზე აგებული სოციალისტური საზოგადოებით ჩანაცვლება იყო. სოციალიზმის ამ განშტოების ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი კარლ მარქსი გახლდათ, ვისმა ნააზრევმაც XX საუკ. კომუნისტურ მოძღვრებებს ჩაუყარა საფუძველი.
თუმცა, XIX საუკუნიდან მოყოლებული, სოციალიზმში რეფორმისტული მიმართულებაც გამოიკვეთა, და იგი კაპიტალისტურ საზოგადოებაში მუშათა კლასის თანდათანობითი ინტეგრაციის ფაქტს ასახავდა — რაც შრომის პირობების გაუმჯობესებით, შრომის ანაზღაურების ზრდით, პროფკავშირებისა და სოციალისტური ტიპის პოლიტიკური პარტიების გაძლიერებით გამოიხატა. ამ ყაიდის სოციალისტების განცხადებით, საპარლამენტო გზით სოციალიზმზე მშვიდობიანი, თანდათანობითი და უმტკივნეულო გადასვლა იყო შესაძლებელი.
რეფორმისტული სოციალიზმი ორი წყაროთი საზრდოობდა: ერთი მათგანი ― რობერტ ოუენის (1771-1858), შარლ ფურიეს (1772-1837) და უილიამ მორისის (1854-1896) სახელებთან დაკავშირებული — ეთიკური სოციალიზმის ჰუმანისტური ტრადიციაა; მეორე კი, ძირითადში, ედუარდ ბერნშტაინის მიერ შეთხზული რევიზიონისტული მარქსიზმის ფორმა.
თითქმის მთელი XX საუკუნის განმავლობაში, სოციალისტური მოძრაობა ამ ორ, მოქიშპე ბანაკად იყო გაყოფილი: ლენინისა და ბოლშევიკების მიმდევარი რევოლუციური მიმართულების სოციალისტები საკუთარ თავს კომუნისტებს უწოდებდნენ, ხოლო კონსტიტუციური პოლიტიკის მომხრე რეფორმისტი სოციალისტები, დროთა განმავლობაში, სოციალ-დემოკრატებად მოინათლნენ. დავა-კამათი არა მხოლოდ სოციალიზმზე გადასვლის გზებზე მიმდინარეობდა, არამედ თვით სოციალიზმის საბოლოო მიზნის თაობაზეც. სოციალ-დემოკრატებმა გადაჭრით უარყვეს ისეთი რადიკალური ხასიათის მოთხოვნები, როგორიცაა საერთო საკუთრება და სახელმწიფო დაგეგმარება − მათ სოციალიზმის ცნება კეთილდღეობის, გადანაწილებისა და გონივრული ეკონომიკური მართვის ტერმინებით გაამდიდრეს.
XX საუკუნის ბოლოს ორივე მიმდინარეობა მწვავე კრიზისში აღმოჩნდა, რამაც ბევრს „სოციალიზმის სიკვდილსა“ და პოსტსოციალისტური საზოგადოების გაჩენაზე ლაპარაკის საღერღელი აუშალა. ამ თვალსაზრისით, ყველაზე დრამატული მომენტი 1989-1991 წლების აღმოსავლეთ ევროპული რევოლუციებით გამოწვეული კომუნიზმის კრახი აღმოჩნდა, თუმცა აშკარა ხდებოდა სოციალ-დემოკრატიის თანდათანობითი დაშორებაც ტრადიციული პრინციპებისაგან და თანამედროვე ლიბერალიზმთან მისი სულ უფრო ხშირი გაიგივება.
სარჩევი |
სოციალიზმის ელემენტები
ერთობა
სოციალიზმი კაცობრიობას საერთო თვისებებით შეკავშირებულ, საზოგადოებრივ არსებათა ერთიანობად განიხილავს. როგორც ჯონ დონი წერდა თავის ქადაგებებში: „არა კაცი არაა ზღვაში ჩაკარგული კუნძული — ადამიანი ერთიანი კონტინენტის ნაწილია მხოლოდ“. ეს ერთობის მნიშვნელობაზე მიუთითებს — ანუ, რამდენადაა პიროვნული მეობა საზოგადოებრივი ჯგუფების წევრობასა და მათ ურთიერთქმედებაზე დამოკიდებული. … სოციალისტები ბუნების დამორჩილებაზე აკეთებდნენ აქცენტს და შესაბამისად, პიროვნული ქცევის ახსნას სოციალური ფაქტორებით უფრო ცდილობდნენ, ვიდრე თანდაყოლილი თვისებებით.
ძმობა
რაკიღა ადამიანებს ერთნაირი ნიშან-თვისებები ახასიათებთ, ამხანაგობის თუ ძმობის (არასისხლისმიერი, არამედ ზოგადკაცობრიული) განცდა გაერთიანებისაკენ უბიძგებთ: ამიტომაც ანიჭებენ უპირატესობას თანამშრომლობას და არა კონკურენციას, ამიტომ აყენებენ კოლექტივიზმს ინდივიდუალიზმზე მაღლა. ამგვარი გაგებით, კოლექტივიზმი თითოეული ადამიანის ძალისხმევას უყრის თავს და ერთობად გარდაქმნის; მაშინ როცა კონკურენცია პიროვნებებს აპირისპირებს და ქიშპს, დაპირისპირებასა და მტრობას ბადებს.
სოციალური თანასწორობა
თანასწორობა სოციალიზმის უმთავრესი ფასეულობაა და ხშირად მას ეგალიტარიანიზმის — სხვა ღირებულებებთან შედარებით, თანასწორობის უპირატესობის — ერთ-ერთ გამოვლინებადაც კი მიიჩნევენ. სოციალისტებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ სოციალურ თანასწორობას აქვს, ანუ თანასწორობას არა შესაძლებლობების, არამედ კეთილდღეობის თვალსაზრისით. მათი აზრით, სოციალური თანასწორობის დონე განსაზღვრავს საზოგადოების სტაბილურობასა და თანხმობას; და ასევე, სამართლებრივი და პოლიტიკური უფლებების საფუძველთა საფუძველია.
მოთხოვნილება
სოციალური იდეოლოგიის თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, მატერიალური ქონება საზოგადოებაში უნდა გადანაწილდეს მხოლოდ მოთხოვნილების, და არა უნარისა თუ შრომის მიხედვით. ამ პრინციპის კლასიკური გამოხატულებაა განაწილების მარქსისტული, კომუნისტური ფორმულა: „თითოეულისაგან უნარის მიხედვით, თითოეულს — მოთხოვნილების მიხედვით“. აქედან გამომდინარე, ადამიანის პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება (შიმშილის, წყურვილის, საკუთარი ჭერის, უსაფრთხოების და ა.შ.), ღირსეული არსებობისა და საზოგადოებრივი თანაცხოვრების წინაპირობაა. თუმც კი აშკარაა, რომ დოვლათის გადანაწილება მოთხოვნილებათა შესაბამისად, ადამიანისაგან ზნეობრივ მოტივაციას უფრო მოითხოვს, ვიდრე მატერიალურს.
სოციალური კლასი
ხშირად სოციალიზმს კლასობრივი პოლიტიკის ფორმადაც მიიჩნევენ ხოლმე. ჯერ ეს ერთი, სოციალისტებს სჩვეოდათ საზოგადოებრივი ცხოვრების ანალიზი შემოსავლებისა თუ დოვლათის განაწილების თვალსაზრისით განეხილათ და სოციალური კლასი საზოგადოებრივი დაყოფის უმნიშვნელოვანეს ელემენტად მიეჩნიათ. მეორეც, ტრადიციულად, სოციალიზმი ჩაგრული და ექსპლუატირებული მუშათა კლასის ინტერესებთან იგივდებოდა, და თავად მოძღვრებაც არა მარტო გარდაქმნების, არამედ სოციალური რევოლუციების მამოძრავებელ ძალად სწორედ პროლეტარიატს სახავდა. თუმცა, ნებისმიერი კლასობრივი დაყოფა, მათი აზრით, დროებითია: ისინი ხომ საბოლოოდ, ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის სრულ მოსპობას ისახავენ მიზნად.
საერთო საკუთრება
საკითხი, თუ როგორ უნდა გადაიჭრას საკუთრების პრობლემა, სოციალისტური იდეოლოგიისთვისაც საკამათოა. ზოგისთვის ეს თავად სოციალიზმის აღსასრულს ნიშნავს, სხვები კი ამაში მხოლოდ საყოველთაო თანასწორობის მიღწევის გზას ხედავდნენ. საერთო საკუთრების სოციალისტური ხედვა (გნებავთ საბჭოური ტიპის კოლექტივიზაცია თუ შერჩევითი ნაციონალიზაცია – იგივე „შერეული ეკონომიკა“) მატერიალური რესურსების საერთო ყულაბაში თავმოყრას გულისხმობს და კერძო საკუთრებას ისე უყურებს, როგორც ეგოიზმის, მომხვეჭელობისა და სოციალური უთანაბრობის გამომწვევ მიზეზს. ოღონდაც, თანამედროვე სოციალიზმი საკუთრების ცნების ამგვარ, ცალმხრივ გაგებას უკვე აშკარად ემიჯნება.