მარქსიზმი
მარქსიზმი – როგორც თეორიული სისტემა, მარქსიზმი მუდამ კრიჭაში ედგა ლიბერალურ რაციონალიზმს ― რომელსაც, თავის მხრივ, გაბატონებული მდგომარეობა ეკავა თანამედროვე დასავლეთის კულტურასა თუ მეცნიერულ აზროვნებაში; ხოლო როგორც პოლიტიკური ძალა, მარქსიზმი დასავლური კაპიტალიზმის დაუძინებელ მტრად რჩებოდა სულ ცოტა, 1917-დან 1991 წლამდე. მარქსიზმის გაგებას უკიდურესად ართულებს განსხვავება, ერთის მხრივ, კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის (1820-95) სოციალ-ფილოსოფიურ ნაშრომებსა და XX საუკ. კომუნიზმის იმ ფენომენს შორის, რომელიც საკმაოდ დაშორდა თავის პირველწყაროს. კომუნიზმის კრახი მარქსიზმის, როგორც პოლიტიკური იდეოლოგიის აღსასრულს სულაც არ ნიშნავს; პირიქით — ლენინიზმისა და სტალინიზმისაგან გამოთავისუფლებულმა მარქსიზმმა ახალი სასიცოცხლო ძალაც კი შეიძლება შეიძინოს.
გარკვეულწილად, პრობლემის არსი მარქსის ნაშრომთა ნაირგვარობასა და მათი ხასიათის სირთულეშია: ზოგი მას დეტერმინისტ ეკონომისტად, სხვანი კიდევ ჰუმანისტ სოციალისტად მიიჩნევდნენ. განსხვავებას მის ადრეულ და გვიანდელ ნაწერებშიც პოულობდნენ და ზოგ-ზოგნი, ასე განსაჯეთ, „ახალგაზრდა“ და „დაღვინებულ“ მარქსსაც კი განასხვავებდნენ. ერთი რამ ცხადია: თავად სჯეროდა, რომ სოციალიზმის ახალ, მეცნიერულ მიმდინარეობას დაუდო საფუძველი, რამდენადაც საზოგადოებრივი და ისტორიული განვითარების არსის ამოცნობა ეწადა და არა მხოლოდ კაპიტალიზმის მანკიერებათა კრიტიკა — ასე ვთქვათ, ზნეობრივი პოზიციებიდან. მარქსის იდეები, განსაკუთრებით მისი სიკვდილის შემდგომ გახდა პოპულარული — მისი მუდმივი თანაავტორის, ენგელსის, გერმანელი სოციალისტის, კარლ კაუცკისა (1854-1938), და რუსი თეორეტიკოსის, პლეხანოვის (1856-1918) შრომების წყალობით. ორთოდოქსული მარქსიზმი, ჩვეულებრივ, დიალექტიკურ მატერიალიზმად წოდებული, მოგვიანებით სწორედ საბჭოურ კომუნიზმს დაედო საფუძვლად და ამ ვულგარულმა გადააზრებამ გაცილებით მეტი გავლენა იქონია მექანიცისტურ თეორიებსა და ისტორიულ დეტერმინიზმზე, ვინემ თავად მარქსის ნაწერებმა.
სარჩევი |
მარქსიზმის დამახასიათებელი ნიშნები
ისტორიული მატერიალიზმი
მარქსიზმის ქვაკუთხედი ისაა, რასაც ენგელსმა „ისტორიის მატერიალისტური გააზრება“ უწოდა. იგულისხმება ეკონომიკური ცხოვრების მნიშვნელობა და ის პირობები, სადაც ადამიანები თავიანთ საარსებო საშუალებებს ქმნიან წარმოებისა და კვლავწარმოების გზით. მარქსის მტკიცებით, ეკონომიკური „ბაზისი“ (წარმოების ფორმა ანუ ეკონომიკური სისტემა) იდეოლოგიურ და პოლიტიკურ „ზედნაშენს“ განაპირობებს. ამრიგად, საზოგადოებრივი და ისტორიული განვითარება ეკონომიკური და კლასობრივი ფაქტორებით განისაზღვრება. მოგვიანებით, მარქსისტებმა ეს მექანიკურად გაიაზრეს როგორც უპირობო მოცემულობა, თითქოსდა ეკონომიკური „კანონები“ ისტორიის სვლას ადამიანთა ჩარევის გარეშე წარმართავენ.
დიალექტიკური ცვლილება
ჰეგელისა მსგავსად, მარქსსაც სჯეროდა, რომ ისტორიას დიალექტიკა ამოძრავებდა და დაპირისპირებულ ძალთა ურთიერთობის შედეგად საზოგადოება განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ავიდოდა. მატერიალისტური გაგებით, ეს მოდელი ისტორიულ ცვლილებას კლასთა ანტაგონიზმის სახედ, შინაგან დაპირისპირებად აღიქვამს. მართლმორწმუნე მარქსიზმი („დიალექტიკური მატერიალიზმი“) დიალექტიკას იმ ზოგად ძალად განიხილავს, რომელიც ბუნებრივ თუ საზოგადოებრივ პროცესებს წარმართავს.
გაუცხოება
ეს ცნება „ადრეული“ მარქსის უმთავრეს პრინციპთაგანია. კაპიტალიზმის პირობებში, შრომა უბრალოდ მექანიკური, მოსაბეზრებელი და უგულო საქმიანობაა. ამ გაგებით, მუშებს არც თავიანთი შრომის ნაყოფი აინტერესებთ, არც თავად შრომის პროცესი, და საბოლოოდ, საკუთარ თავს ვეღარც სოციალურად აქტიურ, შემოქმედ არსებებად აღიქვამენ. შესაბამისად, პიროვნული სრულფასოვნების და თვითრეალიზების უმთავრეს წყაროდ შემოქმედებითი, განპიროვნებული შრომა გვევლინება.
კლასთა ბრძოლა
კაპიტალისტურ საზოგადოებაში დაპირისპირების უმთავრესი მიზეზი — კერძო საკუთრების არსებობაა. სწორედ ამ ნიშნით ხდება დაყოფა წარმოების საშუალებათა მფლობელ ბურჟუაზიას, იგივე კაპიტალისტთა კლასსა და პროლეტარიატს შორის, რომელსაც საკუთრება არ გააჩნია და საკუთარი შრომის გაყიდვით გააქვს თავი. ბურჟუაზია მმართველი კლასია: სიმდიდრის წყალობით, მას ძალაუფლების ეკონომიკური ბერკეტები გააჩნია; სახელმწიფოს მეშვეობით — პოლიტიკასაც თავად წარმართავს; ხოლო საყოველთაოდ გაბატონებულ იდეებით მანიპულირება — იდეოლოგიურად ზეობის საშუალებასაც აძლევს.
ზედმეტი ღირებულება
შუღლი ბურჟუაზიასა და პროლეტარიატს შორის ერთი გადაუჭრელ კონფლიქტთაგანია, რადგან მარქსიზმის თვალთახედვით, კაპიტალიზმის პირობებში მუშათა კლასი უცილობლად ჩაგრულია. თავად მარქსის აზრით, ყოველგვარი ღირებულება დოვლათის შექმნაზე დახარჯული შრომის თანაფარდია − ანუ, მოგებას დახარბებული კაპიტალისტი ზედმეტ ღირებულებას იმით ქმნის, რომ თავის მუშებს იმაზე ნაკლებს უხდის, ვიდრე ისინი გამოიმუშავებენ. ამიტომაცაა კაპიტალიზმი საფუძველშივე განწირული — პროლეტარიატი მუდმივ ჩაგვრასა და დამცირებას ვერ შეეგუებაო.
პროლეტარული რევოლუცია
მარქსის ურყევი რწმენით, კაპიტალიზმს დიდი დღე არ ეწერა და პროლეტარიატის სახით მას საკუთარი „მესაფლავე“ ელოდა. მისი სიტყვით, კაპიტალიზმს ჯერ კიდევ გასავლელი ჰქონდა ჭარბწარმოების არა ერთი და ორი სერიოზული კრიზისი, რასაც პროლეტარიატის რევოლუციური კლასობრივი თვითშეგნების ჩამოყალიბება მოჰყვებოდა. მარქსს პროლეტარული რევოლუცია გარდაუვლად მიაჩნდა და მისი წინასწარმეტყველებით, ეს რევოლუცია სწორედ წარმოების საშუალებების დასაუფლებლად ამტყდარი ჯანყის სახით განხორციელდებოდა. თუმცა, სიცოცხლის მიწურულს, უკვე სოციალიზმზე მშვიდობიანი გადასვლის თეორიულ შესაძლებლობასაც არ გამორიცხავდა.
კომუნიზმი
მარქსი თვლიდა, რომ პროლეტარული რევოლუცია გარდამავალ „სოციალისტურ პერიოდს“ მოითხოვს, როცა უფლებააყრილი ბურჟუაზიის კონტრრევოლუციურ ქმედებათა გასაუვნებლად, „პროლეტარიატის დიქტატურა“ გახდება აუცილებელი. თუმცა, კლასობრივი დაპირისპირების გაქრობისა და მთლიანად კომუნისტური საზოგადოების გაბატონების შემდგომ, ამგვარი პროლეტარული სახელმწიფოს არსებობაც თავისთავად დაკარგავდა აზრს. კომუნისტური საზოგადოება უკლასო უნდა ყოფილიყო, სადაც დოვლათი საყოველთაო საკუთრებად იქცეოდა, ხოლო „მოვალეობისათვის“ შრომა —― „სარგებლისთვის შრომად“ გადაიქცეოდა და მთლიანად დააკმაყოფილებდა ადამიანის ყოველგვარ მოთხოვნილებას. „კაცთა მოდგმის წინაისტორიაც“ ამით დასრულდებოდა, ადამიანსაც პირველად მიეცემოდა საშუალება, საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოევლინა, თავად განესაზღვრა საკუთარი ბედ-იღბალი: „ყოველი ჩვენგანის თავისუფალი განვითარება, საყოველთაო განვითარების წინაპირობაა“. (მარქსი).