გაბაშვილი ნიკოლოზი ზაქარიას ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკოლოზ გაბაშვილი – (1756/59, ქართლის სამეფო, – 23.01.1827, ქ. ქუთაისი), ცნობილი მდივან-მწიგნობარი, სასულიერო პირი, ზაქარია გაბაშვილის ვაჟი. ნიკოლოზი ერქვა აგრეთვე ზაქარიას ძმის, დავითის ვაჟს. ასე რომ, ერთსა და იმავე პერიოდში ქუთაისში ორი ნიკოლოზ გაბაშვილი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ერთი დავითის ძე, მეორე – ზაქარიასი. ზაქარიას ვაჟი თავის თავს ნიკოლაოსს უწოდებდა.

ნიკოლოზი კარგად იყო განსწავლული საღვთო წერილში, ტიპიკონში, გრამატიკაში, კატეხიზმოსა და რიტორიკაში. 178 წ. 6 თებერვალს ჯვარი დაიწერა. 1786 წ. 12 აპრილს ქუთათელმა მიტროპოლიტმა წმ. დოსითეოსმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა და ქუთაისის საკათედრო ტაძარში პროტო-დიაკვნის მოვალეობის შესრულება დაევალა. 1787 წ. 3 აპრილს მიტროპოლიტმა დოსითეოსმა მღვდლად დაასხა ხელი და ქუთაისის საკათედრო ტაძრის კრებულში განაწესა. 1790 წ. დეკანოზის წოდება მიენიჭა და ენქერით დაჯილდოვდა. 1820 წ. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორისგან ქუთაისისა და შორაპნის ოლქებში არსებული ტაძრებისა და მონასტრების, საეკლესიო შემოსავლებისა და ყმების აღწერა დაევალა. მან ამ საქმეს წარმატებით გაართვა თავი და 1821 წ. სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

ნიკოლოზი სასახლის კართან დაახლოებული პირი იყო. იმერეთის მეფე სოლომონ II გენდფალ ა. ტორმასოვთან გაგზავნილ წარმომადგენელთა შორის მასაც ასახელებს.

როგორც საპატიო პირი, ის ხშირად ესწრებოდა იმერეთის მეფე სოლომონ II-ის მიერ წყალობისა და პირობის წიგნების გაცემის ცერემონიალს. მაგ.: წყალობის წიგნი დოსითეოს ქუთათელისა პაპუნიკა ჯანელიძისადმი, 1816 წ. 9 ოქტომბერი: „... არის ამისი მოწამე: ქუთაისის დეკანოსი გაბაონი ნიკოლოს ...“. ნიკოლოზ გაბაშვილის დაწერილია დავით მეფის 1785 წ. გაცემული წყალობის წიგნი ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოზ წერეთლისადმი.

ნიკოლოზის მიერ არის გადაწერილი კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (სხეც) დაცული შემდეგი ხელნაწერები:

1. ბაუმეისტერი ფრიდერიკოს ქრისტიან, ლოგიკა – S-1588 (1820);
2. მაქსიმე აღმსარებელი, თხზულებანი – H-316 (1820);
3. სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი – S-3710 (XIX ს.);
4. მეტაფიზიკა – H-623 (XIX ს.).

ნიკოლოზი საბუთებსაც წერდა. მისი დაწერილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული წყალობის რამდენიმე წიგნი: ფ. №1448, No4432, №4457, №5015, №7103.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები