გაერთიანება ერთი
„გაერთიანება ერთი“ - ინგლისი –1933 წელს, ინგლისელმა ხელოვანებმა: ბარბარა ჰეფუორსმა (Barbara Hepworth , 1903-1975), ჰენრი მურმა (Henry Moore, 1898-1986) და პოლ ნეშმა (Paul Nash, 1889-1946), პოეტთან და კრიტიკოსთან ჰერბერტ რიდთან (Herbert Read, 1893-1968) ერთად, Unit One (გაერთიანება ერთი) ჩამოაყალიბეს. ჯგუფს დიდხანს არ უარსებია, თუმცა ამ ხელოვანებმა მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი ქანდაკებაში სიურეალიზმის გავლენით შექმნილი, ხელნაკეთი ბიომორფული ფორმების დამკვიდრებას. მათ ახალი ენერგია შთაბერეს 1930-იანი წლების ბრიტანულ ხელოვნებას და დიდი გავლენა მოახდინეს იქაურ ქანდაკებაზე.
ჰეფუორსი ლიდსი
ჰეფუორსი ლიდსის ხელოვნების სკოლაში სწავლობდა. თავის ფაქიზად დამუშავებულ ქანდაკებებს ის გამჭოლი ხვრელებით აფორმებდა, რომლებშიც თავისუფლად მოძრაობდა ჰაერი და სინათლე. ნამუშევარი ფორმათა რიგი ორ ბიომორფულ ფორმას შეიცავს, რომლებიც ზედმიწევნით გაპრიალებულ ხეშია ამოჭრილი. ჰეფუორსი იმედოვნებდა, რომ მაყურებელთა მზერა თავისუფლად ისრიალებდა ორგანული ფორმების გარშემო, რომლებსაც მათ წარმოსახვაში ცვალებადი ასოციაციები და მნიშვნელობები უნდა გამოეწვია.
ჰენრი მური
ჰენრი მურიც ქმნიდა სხვადასხვა მოყვანილობის ხვრელებით დანაწევრებულ, აბსტრაქტულ ქანდაკებებს, თუმცა მის ნამუშევრებში ადამიანის ფორმები უფრო მკაფიოდ ამოიცნობოდა. მურიც ჯერ ლიდსის ხელოვნების სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ლონდონის ხელოვნების სამეფო კოლეჯში. თუმცა მისი ესთეტიკის ჩამოყალიბებაზე აკადემიურ წვრთნაზე მეტად, ბრიტანულ მუზეუმში ნანახმა, აფრიკის, ოკეანიისა და კოლუმბამდელი ამერიკის ქანდაკებებმა მოახდინა გავლენა. მური გრძნობდა, რომ დასავლური მხატვრული ტრადიციის მიღმა მომუშავე ხელოვანები, მათ დასავლელ კოლეგებთან შედარებით, ბევრად უფრო მეტ პატივისცემას ავლენდნენ ისეთი მასალების თანდაყოლილი თვისებების მიმართ, როგორცაა ქვა ან ხე.
წამოწოლილი შიშველი ქალის ფიგურა მურის შემოქმედების მთავარი თემაა. ნამუშევარი წამოწოლილი ქალი, სხეულის მასიური, გამარტივებული ფორმებით, ჩაკმულებს - ტოლტეკებისა და მაიას ხელოვნებაში გავრცელებულ წამოწოლილ ფიგურებს მოგვაგონებს. მურის ქანდაკებებში ასევე ვლინდება მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება ქვის თანდაყოლილი თვისებებისადმი. თავისი ნამუშევრებისთვის ის შორეულ კარიერებში ეძებდა მასალებს და მათი გამოფენისას, ყოველთვის მოითხოვდა მითითებული ყოფილიყო ქვის სახეობა, რომლისგანაც ქანდაკება იყო დამზადებული. ზემონახსენებ ქანდაკებაში, ადამიანის სხეულის ზოგიერთი ნაწილი ნათლად და მკაფიოდაა გადმოცემული - თავი, მკერდი, აწეული მუხლი, იდაყვი, რომელსაც ფიგურაა დაყრდნობილი - სხვა ნაწილები კი თითქოს ტალღოვან მასაშია შერწყმული და მთაგორიან ადგილს მოგვაგონებს. ქანდაკების ცენტრში ამოკვეთილი ღრუ თავდაყირა აყენებს ჩვენს წარმოდგენას სიმყარესა და სიცარიელეზე. 1937 წელს მური წერდა: „ქანდაკებაში ხვრელმა ფორმის ისეთივე მნიშვნელობა შეიძლება შეიძინოს, როგორიც მყარ მასას აქვს“.