გალვანომეტრი
გალვანომეტრი – (იტალ. Galvano < იტალიელი მეცნიერის ლ. გალვანოს სახელის მიხედვით და ბერძ. métron გაზომვა), მაღალმგრძნობიარე ელექტროსაზომი ხელსაწყო, რომელიც რეაგირებს დენის ძალის ან ელექტრული ძაბვის მცირე სიდიდეებზე. უფრო ხშირად გალვანომეტრი გამოიყენება ნულოვანი ინდიკატორების სახით, ანუ ელექტრულ წრედში დენის ან ძაბვის ინდიკაციის არარსებობაზე. განასხვავებენ მუდმივი და ცვლადი დენის გალვანომეტრებს. გალვანომეტრის მოძრავი ელემენტი, რომელიც მოთავსებულია გალვანომეტრის მუდმივი მაგნიტის ველში, შეიძლება იყოს მარყუჟი მავთულების რამდენიმე ხვიით, მარყუჟი მავთულის ერთი ხვიით ან გამტარი დაჭიმული როგორც სიმი. გამტარში გამავალი დენი ურთიერთქმედებს მუდმივი მაგნიტის ველთან და წარმოშობს მბრუნავ მომენტს, რომელიც იწვევს გალვანომეტრის მოძრავი ნაწილის მობრუნებას და ისრის შესაბამის გადაადგილებას. სარკისებურ გალვანომეტრის მოძრავ ნაწილში ისრის მაგივრად ამაგრებენ მინიატურულ სარკეს, ხოლო ანათვლების სკალას განათავსებენ 1,5-2 მ მანძილით გალვანომეტრიდან, ამიტომ მოძრავი ნაწილის ძლიერ მცირე კუთხური გადაადგილებებიც იწვევს სინათლის სხივის მნიშვნელოვან გადახრას, რაც აირეკლება სარკიდან და რომელსაც მონიშნავენ სკალაზე. ბალისტიკური გალვანომეტრი მოძრავი ნაწილის ინერციის მომენტი გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივის. მას იყენებენ ელექტრობის რაოდენობის გასაზომად შედარებით ხანგრძლივი იმპულსების დროს. დენის ძალის და ცვლადი დენის ძაბვის 5 კჰც-მდე სიხშირისას, მცირე სიდიდეების გასაზომად, გამოიყენება ცვლადი დენის ვიბრაციული გალვანომეტრი, რომლებსაც აქვთ ცვლადი დენის მუდმივად გარდამქმნელები. არსებობს გალვანომეტრის სახეები: აპერიოდული, ბალისტიკური, ელექტროდინამიკური, ელექტრომაგნიტური, ვიბრაციული, მაგნიტოელექტრული, სარკული, სითბური, ტანგენციალური და სხვ.