განკვეთილობის ნიშნები
განკვეთილობის ნიშნები – ტექნიკური გრაფიკული ნიშნები, რომლებიც გამოყენებულია ტექსტში მიჯრით დაწერილი სიტყვების ერთმანეთისაგან გასამიჯნავად.
განკვეთილობის ნიშნები ბერძნულსა და რომაულში ადრინდელი პერიოდიდან არის ცნობილი. ქართულ წერილობით ძეგლებში გვხვდება VII ს-იდან. გრაფიკულად განკვეთილობის ნიშნები იგივე სასვენი ნიშნებია – (>), (.), (:) და სხვ. გამოყენებული განსხვავებული ფუნქციით. თავსდებოდა სიტყვის (ან ინტერვალების გარეშე დაწერილი რამდენიმე სიტყვის) ბოლოს დაცულ შუალედებში (სტრიქონებს ზევით ან სტრიქონებში).
სასვენი ნიშნების გვერდით, სპეციალური ნიშნის (:) შემოღება „განსაკუეთელად სიტყჳსა“ აუცილებლად მიუჩნევია ეფრემ მცირეს. VII-X სს. ძეგლებში მათი ხმარება იშვიათი და არასისტემატურია, ხოლო XI საუკუნიდან უფრო ხშირად გვხვდება (სიტყვის ბოლოს ორი წერტილის სახით) სიგელ-გუჯრებსა და ხელნაწერი წიგნების ანდერძ-მინაწერებში. XV– XVIII სს. ძეგლებში კი განკვეთილობის ნიშნები (ორი ან სამი წერტილის სახით) სისტემატურად გამოიყენება, თუმცა სიტყვათა შორის ინტერვალების არსებობის დროს მათი ხმარება მხოლოდ ტრადიციით ან სამკაულის ფუნქციით შეიძლება აიხსნას.
ლ. ქაჯაია
ლიტერატურა
- ქაჯაია ლ. განკვეთილობის ნიშნები ძველ ქართულ ხელნაწერები (VII–X სს.) – «პალეოგრაფიული ძიებანი», ტ. 1, თბ., 1965;
- ჭილეტრატის იადგარი. გამოსცეს და გამოკვლევა დაურთეს ა. შანიძემ, ა. მარტიროსოვმა და ა. ჯიშიაშვილმა, ა. შანიძის რედაქციით, თბ, 1977;
- დანელია კ. სარჯველაძე ზ. ქართული პალეოგრაფია, თბ., 1997.