გაპიროვნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაპიროვნება – პერსონიფიკაცია (ლათ. persona – სახე, პიროვნება და facera – კეთება), მეტაფორის კერძო სახე, როდესაც არაცოცხალ საგნებზე, განყენებულ ცნებებზე ხდება ცოცხალ, სულიერ არსებათა თვისებების გადატანა. ამით გაპიროვნება გამოიყოფა მეტაფორისაგან, რომელიც გულისხმობს ყოველგვარი თვისების გადატანას ნებისმიერი საგნიდან, მოვლენიდან… მეორეზე.

გაპიროვნება ხშირად გვხვდება სასაუბრო მეტყველებაში: „ქარი ღრიალებს“, „ჩიტი ამღერდა“; დიდი ადგილი უკავია მითოლოგიასა და ხალხურ სიტყვიერებაში (ზღაპრები, იგავ-არაკები…). როგორც გამოსახვის სტილისტიკური ხერხი, განპიროვნება გამოყენებულია მხატვრულ ლიტერატურაში, უმეტესად პოეზიაში, მაგ., „მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,/ ისმენდიან, გაკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან“ (შოთა რუსთაველი), ამ მხრივ განსაკუთრებით მდიდარია ვაჟა-ფშაველას შემოქმედება: „სოფლის თავს სძინავს შავ ნისლსა“, „მთანი მაღალნი.. დგანან და ელიან“.

გაპიროვნება გამოიხატება გრამატიკულადაც. მაგ., ზმნის მრავლობით რიცხვის შეთანხმებით უსულო საგნის აღმნიშვნელი სახელის ებ-იანი მრავლობითის ფორმასთან: „გაღმა-გამოღმა ჩრდილები / ტყეს და მთებს უდგმენ ტაბლასა“ (ვაჟა-ფმავ.).

გაპიროვნება ხშირად სიტყვის სემანტიკური ცვლილების საფუძველი ხდება.

ც. ბარბაქაძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები