გარბანის წმინდა გიორგის ეკლესია
გარბანის წმ. გიორგის ეკლესია („ოქროს ბებერი წმ. გიორგის ეკლესია“) – IX-X სს., არქიტექტურის ძეგლი. დგას სოფელ გარბანის (სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია) განაპირას, სამხრეთ-აღმოსავლეთით, შემაღლებულ ადგილზე.
1968-1970 წწ. ძეგლზე ჩატარდა სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები (არქიტექტორებიები: თ. აბრამიშვილი, რ. გვერდწითელი). განახლდა ეკლესიის კამარა, კონქი, კედლებისა და გალავნის დანგრეული ნაწილები. გამაგრდა მინაშენებისა და გალავნის შემორჩენილი კედლები.
ეკლესია დარბაზულია (14,5×7,2მ), ნაგებია თლილი ქვის ჰორიზონტალური რიგებით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კარი გარედან სწორკუთხაა, შიგნით – თაღოვანი. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში თაღოვანი კარია (მოგვიანებით ამოუშენებიათ და ნიშად გადაუქცევიათ), რომლითაც ეკლესია ჩრდილოეთ მინაშენს უკავშირდებოდა. ამ კარის დასავლეთის წირთხლზე ამოკაწრულია ძნელად წასაკითხი სამსტრიქონიანი ნუსხური წარწერა. ეკლესიის აფსიდი ნახევარწრიულია. ასეთივე იყო მისი კონქის თაღი და კამარაც. კამარა ეყრდნობოდა ორ წყვილ უკაპიტელო პილასტრზე გადასულ ორ ვიწრო საბჯენ თაღს. კონქის თაღს მხოლოდ სამხრეთი იმპოსტი და მასზე დაყრდნობილი თაღის ქუსლი შემორჩა. იმპოსტების დონეზე, აფსიდის მხრებთან, მცირედ შვერილი თითო კონსოლია, რომლებზეც საბჯენი თაღი იყო გადაყვანილი. ორივე კონსოლის თარო გაფორმებულია ორი ტალღოვანი ზოლით, რომელთა გადაკვეთით მიღებულ წრეებში თითო ვარდულია ჩასმული. ანალოგიურადაა გაფორმებული აფსიდის თაღის იმპოსტის თაროც. ეკლესიის იატაკის მიმართ სამი საფეხურით შემაღლებული საკურთხევლის ბაქანი აფსიდის მიმართ რამდენადმე წინაა წამოწეული. აღმოსავლეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია, სამხრეთისაში – ორი. დასავლეთის სარკმელი შიგნით სათაურითაა შემკული, რაც იშვიათად გვხვდება ქართულ ეკლესიათა ინტერიერებში. სათაური ორ ლილვს შორის მოქცეული რელიეფური ზოლია, რომლის თაღოვანი ნაწილი ჰორიზონტალური მონაკვეთებით ბოლოვდება.
ეკლესიის ფასადები სხვადასხვა ფერის, თლილი და სწორკუთხოვანი ქვების თარაზული რიგებითაა ნაწყობი კედლები დასრულებული ყოფილა ნალისებრი თაღებით დაკავშირებულ კბილთა მწკრივით დამუშავებული ლავგარდნით, რომელსაც განივ ფასადებზე, ბოლოებში, ჰორიზონტალური შემონაკეცები ჰქონია. მორთულობის საერთო სიბრტყეშია ვიწრო რელიეფური ზოლი, რომელიც უწყვეტად გასდევს თაღებისა და კბილთა კიდეს. თაღებს შორის, კბილებზე თითო მედალიონია გამოყვანილი. ნანგრევებში აღმოჩნდა ლავგარდნის სხვა ქვები, უფრო გართულებული მორთულობით. ნახატის სქემა უცვლელია. ზოგ ქვაზე მედალიონების ნაცვლად რელიეფური ვარდულებია, ზოგზე – ყურძნის მტევანი, ზოგზე მცენარე და სხვ. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელი დასრულებულია შეწყვილებული გრეხილი ლილვის სათაურით, რომელსაც ბოლოები აზნექილი აქვს. დასავლეთი სარკმლის თაღსაც შეწყვილებული ლილვი ევლება. სარკმლის გადამხურავ ქვას ადგას პატარა, მომწვანო ფერის კვადრატული ქვა, რომელზეც ამოკვეთილია გრეხილი ლილვის წრიულ ჩარჩოში ჩასმული ტოლმკლავებიანი და ბოლოებგაფართოებული ჯვრის გამოსახულება. ტაძრის კედლებზე დაქარაგმებული ასომთავრული და ნუსხური წარწერებია. აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილია ორსტრიქონიანი ნუსხური წარწერა: „წდი გიორგის ოქრო“. შესაძლოა ამ წარწერიდან მომდინარეობდეს ეკლესიის სახელი (ოქროს ბებერი წმ. გიორგის ეკლესია), რომელიც მოხევეებში ძველთაგანვეა გავრცელებული.
ეკლესიას სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მინაშენები ეკვრის. ჩრდილოეთ მინაშენს ეკლესიის კედლის დაახლოებით ორი მესამედი უჭირავს. მინაშენი გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ღრმა ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც შემორჩენილია სარკმლის ქვედა ნაწილი. აფსიდი გადახურული იყო კონქით, მინაშენის დანარჩენი ნაწილი – კამარით. სამხრეთ მინაშენისგან ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. იგი მთელ სიგრძეზე ეკვროდა ეკლესიის სამხრეთ კედელს. სათავსი აფსიდიანია. მინაშენი გადახურული იყო ცილინდრული კამარით, რომლის ჩრდილოეთ ქუსლი ეკლესიის სამხრეთ კედელზე არსებულ ოთხ კონსოლს ეყრდნობოდა. მინაშენი კარიბჭის როლსაც ასრულებდა. მისი სამხრეთ კედლის შუა ნაწილი გახსნილი იყო სამი თაღით, რომლებიც, განაპირა კედლების გარდა, შუაში მდგარ ორ სქელ სვეტსაც ეყრდნობოდა.
თლილი ქვით ნაგები ოთხკუთხა მოხაზულობის გალავნისგან ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი.
თ. დვალი
ლიტერატურა
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008;
- Georgian Architecture (A documented photo-archival collection on microfiche with 47,000 photographs for the study of Early and Late Medieval Christian Architectural Arts of Georgia and its historical area of settlement), vol. 3. Kakhethi, Leiden: Inter Documentation Company (IDC), 1997.