გარეჯის გულანი
გარეჯის გულანი – ხელნაწერთა კრებული (XVII-XVIII სს. მიჯნა), ნუსხა რამდენიმე პირის მიერ არის გადაწერილი: იესე ბაღდიაშვილი, ფარემუზა, მგალობელი თამაზ, აბრაჰამ, მღვდელი საბა. ხელნაწერი სამ ნაწილად არის წარმოდგენილი და ინახება სხეც-ის კოლექციაში (A-186 a,b,g).
გარეჯის გულანი საკმაოდ დიდი მოცულობის, შედგენილობით მრავალფეროვანი ხელნაწერია. გულანის შემადგენელი ყველა ტექსტი თითქმის სრულად არის შემონახული: ჟამნი, საეკლესიო წესის ტიპიკონი, პარაკლიტონი, კინკლოსი, კურთხევანი, თვენი, მარხვანი, ზატიკი, საწელიწდო საკითხავები, მოთხრობა შჯულთა უღთოთა თათრისათა, გამოკრებილი სიტყვისგება ქრისტიანთა მიერ თქმული ბაგრატ ბატონისშვილის მიერ.
გარეჯის გულანში ხშირად გვხვდება განმარტებითი შინაარსის მიაწერები, მაგ. სვინაქსართან, სადაც ტიპიკონის მიხედვით მესამე და მეექვსე გალობა არის – ჩვენ ამ დროს „კეთილ არსთას“ ვიტყვით, როგორც ეს გიორგი მთაწმიდლის სვინაქსარშია.
გარეჯის გულანი საინტერესოა მრავალფეროვანი ანდერძებით, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული ხელნაწერის შექმნის თანმიმდევრობა, მოხსენებულია გადამწერთა და მომგებელთა სახელები. გულანს წინ უძღვის ხელნაწერის შემამკობლის, გიორგი-მალაქია აბაშიძის (გიორგი V) ლოცვითი შინაარის ტექსტი, რომელშიც მაცხოვარს და შემდეგ წმ. დავით გარეჯელს სთხოვს შეწევნას თავისი ცოდვების გამო. ამავე ტექსტში გვხვდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი-მალაქიას განკარგულებით და სახსრებით შეაკეთეს იერუსალიმში აბრაჰამის მონასტერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართველებს ეკუთვნოდათ.
ხელნაწერის ბოლოს კი გიორგის სულის მოსახსენებლი და ანდერძია, რომლის მიხედვითაც, ხელნაწერის შექმნა დაუკვეთავს გაენათელ ეპისკოპოს ზაქარიას, გიორგი-მალაქია აბაშიძეს კი შეუწირავს გარეჯის მონასტრისთვის.
გარეჯის გულანის. შემამკობელი და ანდერძებში არაერთხელ მოხსენებული გიორგი-მალაქია აბაშიძე იმერეთის პოლიტიკური მოღვაწე იყო (გ.1722). მან შინაფეოდალური ომების შედეგად სათავადოს სამფლობელოები გააფართოვა, ხელთ იგდო შორაპანი და იმერეთის ფაქტობრივი მმართველი გახდა, ამიტომ იხსენიება გულანის ანდერძში უფლისწულ ციხისთავად.
გარეჯის გულანი გულანებს შორის გამოირჩევა შინაარსობრივი სისრულით და ისტორიული მნიშვნელობის ანდერძებითა და მინაწერებით.
ე. დუღაშვილი
ლიტერატურა
- კეკელიძე კ., ძველი ქარ- თული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980;
- კოჭლამაზაშვილი ე., „გულანი“, ლიტერატურული ძიებანი, 2002, №22;
- ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექცია, ტტ. 1-4, ე. მეტრეველის გამოც., თბ., 1985.