გარიკი დევიდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დევიდ გარიკი

დევიდ გარიკი – (ინგლ. David Garrick, 1717-1779), ინგლისელი მსახიობი, თეატრალური მოღვაწე, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრის რეფორმატორი.

ის გახლდათ XVIII საუკუნის დიდი მსახიობი-რეალისტი, მისი შემოქმედება გამსჭვალული იყო ჰუმანისტური და განმანათლებლური იდეებით. იბრძოდა თეატრში რეალისტური მეთოდის დამკვიდრებისთვის, მხატვრული სახის ინდივიდუალიზაციისათვის. ფასდაუდებელია გარიკის რეფორმატორული მოღვაწეობა რეჟისურისა და სპექტაკლების გარეგნული გაფორმების (დეკორაციები და კოსტიუმები) სფეროში. მის სახელთან არის დაკავშირებული სპექტაკლებში სამსახიობო ანსამბლის შექმნა. მან დაამკვიდრა სარეპეტიციო მუშაობის ახალი მეთოდი ბრიტანულ თეატრში, მოახდინა სცენის რეკონსტრუქცია.

განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობოდა შექსპირის რეპერტუარს და მის შემოქმედებაში შექსპირის გმირებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ.

დევიდ გარიკი სწავლობდა ლიჩფილდის სამოელ ჯონსონის გრამატიკულ სკოლაში, 1737 წელს გაემგზავრა ლონდონში და მისი დებიუტი სცენაზე 1741 წელს შედგა შექსპირის „რიჩარდ III“-ში. 1747 წელს გახდა სამეფო თეატრის დრური ლეინის ხელმძღვანელი. ამ თანამდებობაზე მან, ფაქტობრივად, 30 წელი დაჰყო.

დევიდ გარიკი ასევე თამაშობდა ბენჟამენ ონსონის „ალქიმიკოსში“, „ირლანდიელ ქვრივში“, თუმცა ყველაზე დიდი აღიარება მას შექსპირის პიესებში თამაშმა მოუტანა, განსაკუთრებით ჰამლეტის და მაკბეთის როლებმა, რომელსაც ის რეალისტურ მანერაში ასრულებდა. როგორც რეჟისორმა 1768 წელს დადგა პიესა „ყალბი დელიკატესი“ (False Delicacy).

დევიდ გარიკი იყო „დილეტანტთა საზოგადოების“ წევრი, რომელიც შეიქმნა ანტიკური ხელოვნების შესწავლისთვის. დევიდ გარიკთან ერთად ამ საზოგადოებაში შედიოდნენ იმ ეპოქის გამოჩენილი მოაზროვნეები და ინტელექტუალები: ედმონდ ბერკი, ოლივერ გოლდსმიტი, სამოელ ჯონსონი, დენი დიდრო, ჯეიმს ბოსუელი და სხვები. სამუელ ჯონსონის სიტყვებით − „პროფესიამ გახადა გარიკი მდიდარი, მან მსახიობის პროფესია აქცია საპატივცემულოდ საზოგადოებაში“.

დევიდ გარიკი დაკრძალულია ვესტმისტერის სააბატოში, ე.წ. პოეტთა კუთხეში.


ლაშა ჩხარტიშვილი

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები